რადიოსადგურ «Deutsche Welle»-ს („გერმანული ტალღის“) რუსულენოვანი სამსახური შეეცადა გაერკვია ქართული ეროვნული ვალუტის - ლარის კურსის დაცემის მიზეზები და ამის თაობაზე ვრცელი რეპორტაჟი მოამზადა.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ სიუჟეტის რეზიუმეს გთავაზობთ:
ანალიტიკოსთა აზრით, ლარის 30%-იანი გაუფასურება უცხოური ვალუტის ნაკლებობის გამო მოხდა, რაც საშინაო და საგარეო ფაქტორებით იყო გამოწვეული. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა ექსპორტი, შემცირდა ფულადი გადმორიცხვები უცხოეთიდან, ტურისტთა რაოდენობა და ასე შემდეგ. მიზეზი - რეგიონული ეკონომიკური კრიზისი, მათ შორის იმ ქვეყნებში, რომლებიც საქართველოს მსხვილი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორები არიან: რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, თურქეთში... სწორედ ამ სახელმწიფოებში გადიოდა ქართული საექსპორტო პროდუქცია, იქიდან კი ფული ირიცხებოდა. თუმცა, რასაკვირველია, შექმნილი კრიზისული სიტუაცია მხოლოდ მეზობლებს ვერ დაბრალდება - ექსპერტთა აზრით, აქ თავისი როლი შეასრულა საქართველოს ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამაც: სავიზო რეჟიმის გამკაცრებამ, უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვამ, რამაც საბოლოო ჯამში შემოსავლების შემცირება გამოიწვია: „ჩვენ იმ ლიბერალური კურსიდან გადავუხვიეთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას ტურისტებისა და ინვესტორებისთვის დიდი ხნის განმავლობაში მიმზიდველს ხდიდა“, - ამბობს „დოიჩე ველე“-სთან საუბარში ირინა გურული, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თანამშრომელი.
როგორც რადიოჟურნალისტთან ინტერვიუში ეკონომიკური განვითარების ცენტრის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ განაცხადა, ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა იმანაც, რომ ბიუჯეტი სოციალური პროგრამებით გადაჭარბებით დაიტვირთა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება პოპულისტური წინასაარჩევნო დაპირებების რეალიზებას შესწირა. ირინა გურული აზუსტებს: „ბიუჯეტის ჭარბი სოციალური ხარჯები არ ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენთან კერძო სექტორი შესაბამისად არაა განვითარებული: 4,5 მილიონ მცხოვრებზე მხოლოდ 600 ათასი გადასახადის გადამხდელი მოდის“.
ექსპერტები ხელისუფლებას ბრალს სდებენ ბიუჯეტის არასწორ გადანაწილებაშიც დროის მიხედვით, როცა თანხების მეტი ხარჯვა წლის ბოლოს ხდება: ასეთი მოქმედება ხელს უწყობს ფულის დიდი რაოდენობის ბაზარზე მყისიერ გამოტანას, რაც ეროვნული ვალუტის დევალვაციას იწვევს. ასე მოხდა 2013 წლის ბოლოს, იგივე განმეორდა ახლაც: რომან გოცირიძის ინფორმაციით, ორი თვის წინ, 2014 წლის დეკემბერში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ერთბაშად ბიუჯეტის 17% დახარჯა. ექსპერტი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ძველმოდური შეხედულებების გამო აკრიტიკებს, რაც ეკონომიკის სფეროში ხელისუფლების როლის გაძლიერებასა და პრივატიზაციისადმი პასიურ დამოკიდებულებას გულისხმობს.
ლარის კურსის მკვეთრმა დაცემამ უპირველესად ის მოქალაქეები დააზარალა, რომლებსაც საბანკო კრედიტები დოლარებში ჰქონდათ აღებული, ხელფასები კი ლარებში ერიცხებოდათ. ასეთი ადამიანები მოსახლეობის დაახლოებით 12%-ს შეადგენენ (500 ათასი). გარდა ამისა, ფასებმა მოიმატა მედიკამენტებზე... რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ ლარის კურსის დაცემა განსაკუთრებით უარყოფით გავლენას მოახდენს წვრილ ბიზნესზე, გაიზრდება უმუშევართა რაოდენობა. „ხელისუფლების არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყნის ეკონომიკა საგარეო ფაქტორებისადმი ძალიან მგრძნობიარე გახადა. ეროვნული ვალუტა ლარი ხელისუფლების სარკეა და მისმა დევალვაციამ მთავრობის რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედა“, - დარწმუნებულია ეკონომიკური განვითარების ცენტრის პრეზიდენტი.
როგორ და რით შეიძლება ლარის გადარჩენა?
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას „ქამრების უფრო ვიწროდ შემოჭერა“ ურჩია და ადმინისტრაციული ხარჯები 12%-ით შემცირების კურსი გამოაცხადა, რითაც 300 მილიონამდე ლარი დაიზოგება. ხელისუფლებას განზრახული აქვს ეკონომიკის ზრდის დონესაც გადახედოს - ბიუჯეტში ჩადებული ხუთი პროცენტის 2,5%-ით შეცვალოს, რაც ბიუჯეტის 400 მილიონი ლარით შემცირებას გამოიწვევს. დაგეგმილია აგრეთვე სახელმწიფოს კუთვნილი ობიექტების პრივაზიტებაც: შემოსავალი 300 მილიონი ლარის ოდენობის უნდა იყოს.
კრიზისის შეჩერებაში ეროვნული ბანკიც ჩაება, რომელმაც კომერციულ ბანკებს მოსახლეობისათვის კრედიტების დაფარვის გაიოლების საკითხში სპეციალური გეგემების შემუშავება მოსთხოვა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ კი იურიდიული პირებისათვის გაზის ტარიფების მომატება გამოაცხადა. თუმცა ექსპერტებმა ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და მას „პოპულისტური“ უწოდეს: გაზზე ტარიფის მომატება საბოლოო ჯამში წარმოებული პროდუქციის ფასის მატებას იწვევს და ამით ისევ მოსახლეობა დაზარალდება. თავის მხრივ, ექსპერტები მთავრობას სთავაზობენ, რომ შემცირდეს სოციალური ხარჯები, ბიუჯეტი თანაზომიერად გადანაწილდეს, განვითარდეს ინფრასტრუტურული პროექტები და გაუქმდეს ყველა ის რეგულაცია, რომლებიც ტურისტებისა და ინვესტორების მიმართ იქნა შემოღებული. ამასთან, რომან გიცირიძე ეჭვობს, რომ ხელისუფლებას სოციალური ხარჯების შესამცირებლად პოლიტიკური რესურსი არ ეყოფა...
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.