საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ნანუაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს "სადავო შენობის კუთვნილების საკითხი სწრაფად გადაწვიტოს".
„აღნიშნული შენობა ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება. მუსლიმი თემი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნაგებობა არის მეჩეთი, თუმცა, შენობის კუთვნილების შესახებ გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული კომისიის მიერ, რომელიც სადავო შენობის საკითხს 2 წელია სწავლობს.
როგორც მუსულმანები აღნიშნავენ, მათ მიერ სადავო ნაგებობაში ლოცვა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მათ არ აქვთ ხელმისაწვდომობა ადგილზე, სადაც რელიგიურ რიტუალს განახორციელებენ.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ რელიგიის თავისუფლების ერთ-ერთი გამოხატულება არის ღვთისმსახურების ადგილის არსებობა და ლოცვა სხვებთან ერთად, რის შესაძლებლობას მუსლიმი თემი ამჟამად მოკლებულია. ცალკეული ინდივიდებისთვის თუ რელიგიური გაერთიანებისთვის რელიგიის თავისუფლების რეალიზაციის ხელშეშლა იწვევს მათ უთანასწორო მდგომარეობას და შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, წარმოადგენდეს დისკრიმინაციას რელიგიის ნიშნით.
მნიშვნელოვანია, რომ შენობის კუთვნილების გაურკვევლობის გამო მოხეში ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება 2014 წელს მოხდა, რის შემდეგაც სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ქმედითი ღონისძიებების გატარება და დარჩა კონფლიქტური კერა, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს კვლავ დაძაბულობის საბაბი გახდეს.
სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, სწრაფად გადაწყვიტოს სადავო შენობის კუთვნილების საკითხი და მუსლიმებისთვის მოხეში განსაზღვროს სალოცავი ადგილი, რომელიც მისაღები იქნება მუსლიმი თემისათვის და არ შექმნის რელიგიური ნიშნით დაპირისპირების საფუძველს. ამასთან, სახალხო დამცველი აქტიურად დააკვირდება მოხეში ადგილობრივი მუსლიმი თემის სალოცავი ადგილით უზრუნველყოფის პროცესს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე სადაო შენობასთან დაკავშირებით, გუშინ განცხადება გაავრცელა.
"სამწუხაროა, რომ დღევანდელ დღეს მძიმე საკითხზე გვიწევს საუბარი, მაგრამ რაც ხდება სოფელ მოხეში მდებარე სადაო შენობაში, სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს.
როგორც იცით, ამ სადაო შენობასთან დაკავშირებით შექმნილია კომისია, რომელიც ორი წელია მუშაობს და მისი მუშაობის შედეგია, რომ სოფელში არის სიმშვიდე და მოსახლეობაში აღდგა ნორმალური ურთიერთობა.
სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ ჩვენი მუსლიმი თანამემამულეების გარკვეული მცირე ჯგუფი, ყოველგვარი ნებართვის გარეშე შევიდა სადაო შენობაში და ჩაატარა ლოცვა. ამ ფაქტმა ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ქრისტიან მოსახლეობაში.
ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ დაგვემშვიდებინა ჩვენი მრევლი, რომ არ მომხდარიყო რაიმე ინციდენტი. საქმის კურსში ჩავაყენეთ ხელისუფლება მომხდარი ინცინდენტის გამო.
ვესაუბრეთ ჯავახეთის მუფტს და ვთხოვეთ სიტუაციაში გარკვევა და აღკვეთა იმ თვითნებური ქმედებებისა, რომელმაც შეიძლება კვლავ დაძაბოს სიტუაცია. თუმცა ფაქტი კვლავ განმეორდა.
გუშინ ჩამობრძანდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ბატონი ზაზა ვაშაყმაძე და საქართველოს მუფტის მოადგილე ბატონი ადამი. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ადიგენის გამგეობაში, რომელსაც ესწრებოდა არსებული კომისიის წევრების დიდი ნაწილი; სახელმწიფოს მხრიდან _ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ბატონი ზაზა ვაშაყმაძე და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი. მუსულმანების მხრიდან საქართველოს მუფტის მოადგილე, სამუფტო სამმართველოს წარმომადგენლები და ჯავახეთის მუფტი. მართლმადიდებელთა მხრიდან _ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზარზმის მონასტრის და მოხის სამრევლოს წინამძღვარი არქიმანდრიტი ნიკოლოზი.
მუსულმანურმა მხარემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ქმედებები მათთან არ იყო შეთანხმებული და ეს ადამიანები თვითნებურად შევიდნენ სადაო შენობაში.
გამგეობაში შეხვედრის შემდეგ რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელი, საქართველოს მუფტის მოადგილე, სამუფტო სამმართველოს წარმომადგენლები და ჯავახეთის მუფტი წავიდნენ მოხეში, სადაც შეხვდნენ მუსლიმი მოსახლეობის წარმომადგენლებს, რათა დაერწმუნებინათ ისინი შეეწყვიტათ თვითნებური ქმედებები სადაო შენობაში და კომისიას მიეცეს საშეუალება გააგეძელოს მუშაობა, რომ არ მოხდეს დაპირისპირება სოფელში.
ამის შემდეგ რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელი და ჩვენ, ზარზმის მონასტერში შევხვდით მოხის მართლმადიდებელ მოსახლეობას. ისინი აღშფოთებულნი არიან მომხდართან დაკავშირებით და შევეცადეთ მათ დამშვიდებას.
მიუხედავად ჩვენი ზემოთ აღნიშნული ყოველგვარი მცედლობისა სიტუაცის სტაბილიზაციისათვის, სოფ. მოხიდან ჩამოსული მართლმადიდებელი მოსახლეობის წარმომადგენლებმა გვაცნობეს, რომ დღეს ჭელიდან ამოსულმა ჯამბულ აბულაძემ და მასთან ერთად რამდენიმე ადამიანმა კვლავ ჩაატარეს ლოცვა სადაო შენობაში.
მივმართავთ სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, რომ დაიცვან სოფელ მოხესა და მიმდებარე სოფლებში მართლმადიდებელი მოსახლეობის უფლებები, რომლებიც უმცირესობას წარმოადგენენ და გამოიძიონ ვინ გეგმავს ამ პროვოკაციას და ცდილობს გამოიწვიოს დაპირისპირება ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის.
მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს ამ საარჩევნო პერიოდში ნუ შეეცდებიან ადამიანთა რელიგიური გრძნობები გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური ინტერესებისთვის.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი მუსლიმი თანამემამულეები გამოიჩენენ კეთილგონიერებას, არ აყვებიან პროვოკაციებს და შეწყვეტენ სადაო შენობაში თვითნებურ მოქმედებებს.
ასევე, მოვუწოდებ მართლმადიდებელ მრევლს, შეინარჩუნონ სიმშვიდე. და ბოლოს, მივმართავთ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთონ, რათა თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი ძალადობა და დაპირისპირება",- ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.