იუსტიციის სახლი სოციალურად დაუცველ მშობლებს და მათ ახალშობილებს დღეიდან ახალ სერვისს - „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ სთავაზობს.
პროექტი დღეს ამოქმედდა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ხორციელდება.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სერვისი სოციალურად დაუცველ ოჯახებში (100 000-მდე ქულა) დაბადებული ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და ის საქართველოს 19-ვე იუსტიციის სახლში ჩვილის დაბადების მოწმობასთან ერთად გაიცემა.
სერვისი სპეციალური შეფუთვით პირველადი დანიშნულების ნივთების, ჰიგიენური საშუალებებისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ რეკომენდებული საკვები დანამატის საჩუქრად გადაცემას ითვალისწინებს.
დაბადების მოწმობის მისაღებად მოსული ახალშობილის მშობელს დღეს საჩუქარი პირადად იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადასცა.
ამ პროექტისადმი ინტერესის ნიშნად ღონისძიებაში საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ანტუან ბარდონიც მონაწილეობდა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ბავშვებზე მორგებულ ამგვარ სერვისებს ქველმოქმედი დამფინანსებლები გამოუჩნდებიან. იუსტიციის მინისტრთან ერთად ანტუან ბარდონის მიერ შექმნილი საქველმოქმედო ფონდი Salve კი ამ პროექტის მხარდამჭერი და გულშემატკივარი იქნება.
„ჩვენი გრძელვადიანი მიზანი პარტნიორების მოზიდვა, სასაჩუქრე პაკეტის გამდიდრება და დაბადების მოწმობასთან ერთად გაცემაა არა მხოლოდ იუსტიციის სახლებში, არამედ ჩვენი სისტემის ყველა ტერიტორიულ სამსახურსა და საზოგადოებრივ ცენტრში, სადაც მოქალაქე დაბადებას არეგისტრირებს. პროექტის პოპულარიზაციასთან ერთად, სოციალურად დაუცველ მშობლებს ბავშვის დაბადებამდე ბევრად ადრე ეცოდინებათ, რომ დაბადების რეგისტრაციისას, დაახლოებით, 60 ლარის ღირებულების პირველადი მოხმარების საგნებს მიიღებენ და მოცემულ თანხას ბავშვისათვის საჭირო სხვა ხარჯების დასაფინანსებლად მიმართავენ. ამ გზით იუსტიციის სახლი ყოველი სოციალურად დაუცველი ახალშობილის მეგობარი გახდება“, − განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.
სპეციალური საჩუქარი შედგენილია კვლევის საფუძველზე და დაკომპლექტებულია ახალშობილი ბავშვისთვის პირველადად საჭირო ნივთებით და 180 ცალი საკვები დანამატის ვიტამინებით, რომლებიც UNICEF-ის სტანდარტით კვების დეფიციტის აღმოფხვრისთვის არის აუცილებელი.
სტატისტიკური მონაცემებით, დღეს საქართველოში 100 000 ბავშვზე მეტი კვების დეფიციტის მქონეა, რაც ხელს უშლის მათ ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას. ამ დეფიციტის აღმოფხვრა კი ურთულესია ორი წლის ასაკის შემდეგ.
თეა წულუკიანმა საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ ანტუან ბარდონთან ერთად ფონდი Salve მიმდინარე წლის 3 მარტს დააფუძნა. ფონდის პირველი შემწირველები საფრანგეთის ყოფილი ელჩი საქართველოში რენო სალენსი და საქართველოში მოღვაწე ფრანგი, ქართველი და ამერიკელი ბიზნესმენები არიან.
ფონდს მხოლოდ ორი კონკრეტული მიზანი აქვს: ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვებისთვის პროექტების დაფინანსება; სოციალურად დაუცველ ახალშობილ ბავშვებში კვების დეფიციტის აღმოფხვრის ხელშეწყობა.
პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ ფონდ Salve-ს მხარდაჭერით ისარგებლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.