სავალუტო ჯიხურებს ვალუტის გაცვლის კურსზე მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმით მოუწევთ
18-10-2016, 06:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რომლის მიხედვითაც, სავალუტო ჯიხურებს ვალუტის გაცვლის კურსისა და საკომისიოს თაობაზე მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმით მოუწევთ.

 

 

ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელსაც Guardian.ge უცვლელად გთავაზობთ:

 

 

„ბოლო პერიოდში, ზოგიერთი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მხრიდან გახშირდა გაცვლითი კურსების მაჩვენებლებით მანიპულირების გზით მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის  ფაქტები.

 

 

ასეთი ფაქტების აღკვეთისა და მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

 

 

კერძოდ, განისაზღვრა საყურადღებო კურსის ცნება და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულება მომხმარებლისათვის კურსისა და საკომისიოს თაობაზე ინფორმაციის მიწოდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმით.

 

 

ცვლილების მიხედვით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის გაცვლის კურსის, მომსახურების საკომისიოს და საყურადღებო კურსის (ასეთების არსებობის შემთხვევაში) შესახებ.

 

 

საყურადღებო კურსი - ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ განსაზღვრული კურსია, რა დროსაც ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა 3%-ს აღემატება.

 

 

ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს მომსახურების საკომისიოს და საყურადღებო კურსის შესახებ კლიენტისათვის თვალსაჩინო ადგილას (სალაროსთან და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დაფაზე) განთავსება, ყიდვა-გაყიდვის კურსის ამსახველი ანალოგიური შრიფტის ზომით.

 

 

აღნიშნული წესის მიხედვით, ვალუტის ყიდვისა და ვალუტის გაყიდვის კურსების ამსახველი დაფა უნდა გაფორმდეს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნებისა და თანმიმდევრობის დაცვით.

 

 

წესში დაზუსტდა ქვითრის გაფორმების საკითხები. ამიერიდან, პუნქტი ვალდებული იქნება მომხმარებელს ხელი მოაწერინოს ვალუტის გადაცვლის ოპერაციის ქვითარზე, რაც მომხმარებელს დამატებით საშუალებას მისცემს კიდევ ერთხელ გაეცნოს მის მიერ განხორციელებული გადაცვლის ოპერაციის პირობებს.

 

 

აღსანიშნავია, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მხრიდან მომხმარებელთა ინფორმირების ვალდებულების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, პუნქტის მფლობელს რეგისტრაციის გაუქმებიდან შემდეგი 2 წლის განმავლობაში არ ექნება უფლება ეროვნულ ბანკს ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს.

 

 

ამასთანავე, ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნული პირი არ იქნება უფლებამოსილი იყოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის პარტნიორი/აქციონერი, მართველობითი ორგანოს წევრი ან/და დირექტორი.

 

 

ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ ინფორმაცია როგორც გაცვლითი კურსის, ისე მომსახურების საკომისიოს შესახებ.

 

 

თუ თვლით, რომ თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები დაირღვა ვალუტის გადაცვლის პროცესში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე 2 406 406 ან მოგვწეროთ cp@nbg.gov.ge“,-ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი