საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ვინაობა, შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი. თავმჯდომარის ასარჩევად 16:00 საათზე კენჭისყრა გაიმართება. პლენუმის შემადგენლობამ, რომელიც ამ ეტაპზე 8 მოსამართლით არის დაკომპლექტებული, ირინა იმერლიშვილსა და ზაზა თავაძეს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი.
იმისათვის, რომ წარმოდგენილი კანდიდატიდან ერთ-ერთი გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მას პლენუმის მინიმუმ 5 წევრის მხარდაჭერა ესაჭიროება. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეების ხმები თანაბრად გაიყოფა, თავმჯდომარეობის კანდიდატურების წარდგენისა და არჩევის პროცედურები თავიდან დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ უკვე დასახელებული კანდიდატები.
ახალი კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით ინიშნება. აღნიშნული კანდიდატურებიდან, ირინა იმერლიშვილის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს ის ხუთი წლით უხელმძღვანელებს, ხოლო თუ პლენუმის მინიმუმ ხუთი წევრი ზაზა თავაძის კანდიდატურას დაუჭერს მხარს, ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ 3 წლითა და 7 თვით დაინიშნება, რადგან ზაზა თავაძის უფლებამოსილების 10 წლიანი ვადის ათვლა 2010 წლის 15 ივნისს დაიწყო.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსმა მრჩეველმა, გიორგი ლომთაძემ განაცხადა, კენჭისყრის პროცედურები ფარული იქნება და მასში მონაწილეობას კენჭისყრაზე მყოფი ყველა მოსამართლე მიიღებს.
„დაგეგმილია საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა, რომელზეც უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა. როგორც საზოგადოებას გასულ კვირაში ეცნობა, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინეს ორი კანდიდატურა, ბატონ ზაზა თავაძისა და ქალბატონ ირინა იმერლიშვილის. კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, იმისათვის, რომ წარდგენილი კანდიდატი ჩაითვალოს თავმჯდომარედ არჩეულად, საჭიროა მან დააგროვოს პლენუმის არა ნაკლებ ხუთი წევრის მხარდაჭერა ფარული კენჭისყრის დროს. კანონმდებლობით დადგენილია მოთხოვნა, რომ აღნიშნული კენჭისყრა უნდა ჩატარდეს ფარულად, დახურულ სხდომაზე, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს ვალდებულება, გაასაჯაროოს სხდომაზე გაჟღერებული პოზიციები და სხვა ფაქტობრივი გარემოებები. იმ შემთხვევაში, თუ ხმები თანაბრად გადანაწილდება, საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანული კანონის მე-10 მუხლში არის მითითებული, რომ თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა მითითებული არანაკლებ ხუთი ხმა, თავმჯდომარის არჩევის პროცედურა უნდა დაიწყოს თავიდან, უნდა მოხდეს კანდიდატის ან კანდიდატურების წარდგენა მაქსიმუმ 14 დღის ვადაში და გაიმართოს არჩევის პროცედურები", - აღნიშნა გიორგი ლომთაძემ.
ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს პრეზიდენტმა წარადგინა. მან მოსამართლეობის ფიცი 2 ოქტომრს დადო. მანამდე იმერლიშვილი უშიშროების საბჭოს მდივანი იყო.
ზაზა თავაძე წლებია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა და ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი პაპაუაშილის პირველი მოადგილე იყო. თავაძე ახალი თავმჯდომარის დანიშვნამდე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის ასრულებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.