ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტს სპეციალური განცხადებით მიმართავს და რამდენიმე ინიციატივას სთავაზობს. "გირჩის" განცხადებას სრულად გთავაზობთ:
"ბოლო ორი კვირის განმავლობაში გახშირდა საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. ჯერჯერობით, განხილვის თემებია ერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოხვედრის საფრთხე, ხოლო საშიშროებად დასახულია პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა ისე, რომ მას საყოველთაო სახალხო არჩევნების ნაცვლად პარლამენტი ირჩევდეს და კონსტიტუციით ოჯახის თუ ქორწინების შინაარსის განსაზღვრა.
კონსტიტუცია მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების შესაძლებლობასა და მის მომავალს. სწორედ ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე, პირველ რიგში უნდა გვესმოდეს, რა სჭირდება ყველაზე მეტად ქვეყანას უახლოეს მომავალში, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ისევე, როგორც გრძელვადიან პერსპექტივაში ძლიერ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის და რაზე არის შესაძლებელი კონსესუსის მიღწევა მომავალ პარლამენტში, გამომდინარე იმ დაპირებებიდან, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში გასული პოლიტიკური პარტიების მიერ წინასაარჩევნოდ იქნა გაცემული.
გირჩი მიიჩნევს, რომ ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა ეკონომიკის ზრდის დაბალი ტემპია. მთავარი მიზეზი, რომელიც სწრაფ განვითარებაში გვიშლის ხელს, არის ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს არასტაბილურობა. შესაბამისად, ჩვენი აზრით, უახლოეს პერიოდში, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაზე მნიშვნელოვანი ორი საკითხი, რომელიც უკეთესად უნდა დარეგულირდეს საკონსტიტუციო დონეზე, არის - პოლიტიკური სტაბილურობისა და სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი კონსტიტუციური გარანტიები.
პოლიტიკური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია არსებითად შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური გაერთიანებების ადეკვატურ წარმომადგენლობას პარლამენტში:
1. უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნები;
2. შემოღებულ უნდა იქნას სრულად პროპორციული სისტემა ან ნაწილობრივ პროპორციული-ნაწილობრივ რეგიონულ-პროპორციული სისტემა;
3. საარჩევნო ბარიერი უნდა იქნას დაწეული 1%-მდე.
სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური გარემოს სტაბილურობის საკონსტიტუციო ჩამკეტი მექანიზმების შექმნა:
1. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს; 2020 წლისთვის ეს მაჩვენებელი უნდა შემცირდეს 22%-მდე, ხოლო 2024 წლისთვის 15%-მდე;
2. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი უნდა იყოს დაუშვებელი;
3. მთავრობის ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს; 2020 წლისთვის ეს მაჩვენებელი უნდა შემცირდეს 30%-მდე, ხოლო 2024 წლისთვის 15%-მდე;
4. 2018 წლისთვის ქვეყანა უნდა გადავიდეს თავისუფალ სავალუტო რეჟიმზე; გადასახადების აკრეფა უნდა მოხდეს დოლარში.
ჩვენი აზრით, ეს არის ყველაზე მოკლე რეცეპტი საქართველოში დღეს არსებული მთავარი გამოწვევების საპასუხოდ და ამ საკითხების განხილვით უნდა იყოს დაკავებული როგორც პოლიტიკური სპექტრი, ისე სამოქალაქო საზოგადოება"- აღნიშნულია მიმართვაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.