საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. სებ-ის ცნობით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტს შეადგენს.
"მაკროეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და ინფლაციის შემცირებული მოლოდინები მიუთითებს საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირების საჭიროებაზე. თუმცა, წინა პერიოდებში პოლიტიკის განაკვეთის შემცირება ჯერ არ არის სრულად ასახული ეკონომიკაზე, ამიტომ, მიზანშეწონილია, ნორმალიზების პოლიტიკის თანდათანობითი განხორციელება. სხვა თანაბარ პირობებში, არსებული პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ შემდეგი ორი კვარტალის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6 პროცენტამდე შემცირდება.
არსებული პროგნოზებით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს 2017 წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება. სექტემბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ცვლილებამ 0.1 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის შემცირებას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა, შემცირებული მოლოდინები და საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო ჯგუფებზე ფასების კლება განაპირობებს. გარდა ამისა, წლის დასაწყისიდან ინფლაციის მკვეთრი ვარდნა მნიშვნელოვანწილად საბაზო ეფექტით იყო განპირობებული.
საგარეო შოკების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე შესუსტდა. საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის კლების ტემპი თანდათანობით შემცირდა და სექტემბერში ზრდა დაფიქსირდა, რამაც სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. პოზიტიური ტენდენცია გრძელდება მომსახურების ექსპორტის, კერძოდ კი ტურიზმის დარგში. ტურისტული ვიზიტების მატების შესაბამისად გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც.
მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებისადმი ნდობის ზრდამ გამოიწვია ლარის ცვლად განაკვეთიან სეოვნის და ზოგადად ეკონომიკის გაჯანსაღებას უწყობს ხელს. მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის გაუმჯობესება, არსებული განაკვეთებით მონეტარული პოლიტიკის შერბილების დამატებით ეფექტს ქმნის. შესაბამისად, ამ ეტაპზე ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სებ-ის ცნობით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 14 დეკემბერს გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.