30 ოქტომბერს, 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები გაიმართება. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების პროფესიულ გარემოში ჩასატარებლად მზად არის.
”ხვალ, დილის 08:00 სთ-ზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო უბნებზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები სპეციალური ჩარჩო ფორმა. ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულია და სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით აღჭურვილია 754 საარჩევნო უბანი. 30 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაუგრძელა აკრედიტაციის ვადა სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს. ასევე, 7 მედია ორგანიზაციის 582-მა წარმომადგენელმა, 10 საერთაშორისო ორგანიზაციის 221-მა და 44 ადგილობრივი ორგანიზაციის 12 122-მა დამკვირვებელმა გაიარა რეგისტრაცია არჩევნების მეორე ტურებზე დაკვირვების მიზნით. ხვალ, 20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge. შემოსული ოქმების მონაცემები ოპერატორების მიერ სპეციალურ პროგრამაში იქნება შეყვანილი და ცესკოში ოქმების შემოსვლის დაწყებიდან დაახლოებით 2 საათში ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება პირველი წინასწარი შედეგები 50 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით. წინასწარი შედეგები ეტაპობრივად განახლდება შემოსული ოქმების მონაცემების მიხედვით.
30 ოქტომბერს 07:00 სთ-დან 24:00 სთ-მდე იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ცენტრალური საარჩევნო კომისია 30 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში მუდმივად მოგაწოდებთ ინფორმაციას არჩევნების დღის მიმდინარეობის შესახებ”, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
ხვალ, პარლამენტის არჩევნებთან ერთად, გაიმართება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურები აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში. გარდა ამისა, 30 ოქტომბერს ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურები ჩატარდება. ლაგოდეხსა და სენაკში კი საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. არჩევნები საერთო ჯამში 2 229 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, მათ შორის 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ჯამში 2 478 042-ია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს აგიტაცია მხოლოდ კენჭისყრის შენობაში იკრძალება.
”30 ოქტომბერს აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ასევე, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაუშვებელია ამომრჩევლის არჩევანზე ზეგავლენის მოხდენა, შესაბამისად, მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს, ხელი შეუწყონ ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.