საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა.
ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, "არჩევნების მეორე ტური ჩატარდა მასობრივი დარღვევების, უხეში გაყალბების პირობებში". სააკაშვილი აცხადებს, რომ "გაყალბებული არჩვენების შედეგებს" არ შეეგუება.
"ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს ამისი, თუ რა გაყალბებები იყო პირველ და მეორე ტურზე. მაგალითად, აჭარაში როგორ მასობრივად გაგვიყალბეს, როდესაც პირველ ტურებში ვიგებდით და შემდეგ ყველა უბნებში წაგვაგებინეს სრულიად უხეში მეთოდებით. ან რაც გაუკეთეს აჰმედ იმამყულიევს მარნეულში. ან თუნდაც რაც გაუკეთეს სანდრას, რომელმაც ყველა დათვლით 60%-ზე მეტი მიიღო ზუგდიდის რაიონში და ბარიერი არ გადაალახინეს. რაც მოხდა თუნდაც გუშინ დიდუბეში, როდესაც 12:00-დან 17:00 საათამდე მოვიდა სამჯერ მეტი ხალხი, ვიდრე 12:00 საათამდე. ასეთი რამე არ ახსოვს არჩევნების ისტორიას, ყოველთვის 12-მდე და 5-ის მერე მოდის ძირითადი მასა ხალხის. მსგავსი თავხედი გაყალბებები არც დასიზმრებია შევარდნაძის მთავრობას. ეს გააკეთა ივანიშვილმა. ივანიშვილმა საქართველოში გააუქმა ამ ე.წ. არჩევნებით საერთოდ არჩევნების ინსტიტუტი.
2012 წელს მე გადავეცი ხელისუფლება მშვიდობიანად. არა იმიტომ, რომ ძლიერები არ ვიყავით, არა იმიტომ, რომ არ შეგვეძლო სიტუაციის დაჭერა, არამედ იმიტომ, რომ პატივს ვცემ ჩემს ხალხს და ასეთი იყო ქართველი ხალხის ნება. იგივეს გაკეთება მოუხდება ივანიშვილს, ვინაიდან ასეთი იქნება ქართველი ხალხის ნება. ახლა ხშირად ამბობენ, რომ უცხოელებმა რატომ არ ამოიღეს მეტად ხმა. ჩვენს მაგივრად ხმას არავინ ამოიღებს. 2003 წელს იყო ბევრი უცხოელი, რომელიც მომიწოდებდა, რომ მეღიარებინა გაყალბებული არჩევნების შედეგები. ყველა მხრიდან მივლიდნენ, მაგრამ მტკიცე უარი მიიღეს და მას შემდეგ, რაც ხალხი მობილიზდა, მათმა უმეტესობამ ასევე შეიცვალა აზრი და დაგვიჭირა მხარი. აქ ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიმსჯელოთ, თუ როგორ წავაგეთ არჩევნები, უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ დავუშვით, რომ ივანიშვილმა გააუქმა არჩევნების ინსტიტუტი საქართველოში.
2003 წელს ჩვენ ვიყავით ბევრად უფრო მეტად მომზადებულები იმიტომ, რომ ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა და წინასწარ გვქონდა მთელი ინფრასტრუქტურა შექმნილი. სამწუხაროდ, ახლა ყველანი ვერ მოვემზადეთ სათანადოდ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ხელები უნდა ჩამოვუშვათ და არსებულ, თავზემოხვეულ რეალობას შევეგუოთ. პირიქით, ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება გადაჯგუფება, რეორგანიზება და ყოველდღიურ ბრძოლაში ჩართვა. მე არ შევეგუები და არ ვაღიარებ ამ უკანონობის და გაყალბების შედეგს. ამას ვამბობ სრული პატივისცემით, ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერების მიმართ. მე პატივს ვცემ თქვენს არჩევანს, მაგრამ თქვენმა უმეტესობამაც ხომ კარგად იცის, რომ ამ არჩევნებზე იყო მასობრივი გაყალბებები და მანიპულაციები. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ ის ციფრები, რომლებიც დაიხატა, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამიტომ, საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის, დემოკრატიის შემდგომი წინსვლისთვის, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ საქართველო ისევ დავუბრუნოთ დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ, რაც შეიძლება სწრაფად პატიოსანი არჩევნების ჩატარებას და პატიოსნად მოვიყვანოთ ნორმალური მთავრობა საქართველოში. ამისთვის, ჩვენ გვჭირდება ყოველდღიური ბრძოლა და მეც ამ ბრძოლისთვის მზად ვარ. მე ვარ ძალიან დიდ საქმეებში ჩართული უზარმაზარ ქვეყანაში უკარაინაში, მაგრამ ასევე მინდა იცოდეთ, რომ არც ერთი წუთით არ ვწყვეტ ფიქრს თქვენზე. არ ვაპირებ თითოეული თქვენგანის განსაცდელში მიტოვებას.
მე დავუდგები გვერდში ჩემს ხალხს და მე აუცილებლად დავუჭერ მხარს ჩემს თანამებრძოლებს. ჩვენ ახლა არ გვაქვს თავზე ნაცრის ყრის დრო. როგორც არასდროს, საჭიროა, ერთიანობა, დასახული მიზნისკენ სვლაში. ჩვენ უნდა ავიცილოთ თავიდან ჩვენი ხალხის ცხოვრების შემდგომი გაუარესება, ეკონომიკის შემდგომი რღვევა, ინსტიტუტების შემდგომი მოსპობა, საქართველოს დამოუკიდებლობის საფუძვლების შემდგომი ჩამოშლა და გამოცლა. რაც გარდაუვალია, თუ ჩვენ მივეცით საშუალება ივანიშვილის შემდეგი 4 წელიც უდარდელად გააგრძელოს და დააჩქაროს ის პროცესები, რომელიც დაწყებული ჰქონდა პირველი ოთხი წლის განმავლობაში. მე მგონი, ყველას გვაქვს გაცნობიერებული ეს პასუხისმგებლობა და ახლა დრო არის მოქმედების, დრო არის ანალიზისაც, მაგრამ პირველ რიგში, ანალიზის შემდეგ სწრაფი, გადამწყვეტი, მშვიდობიანი პატრიოტული მოქმედების“, - აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც მისი "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.