საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან, პაოლო ჯენტილონისთან შეხვედრა გამართა.
როგორც საგარეო უწყების მიერ გარცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მინისტრებმა შეხვედრისას საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და არსებული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მნიშვნელოვან თანამშრომლობას ეკონომიკის, ენერგეტიკისა და კულტურის სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ და ბიზნეს სფეროში თანამშრომლობის მზარდ პოტენციალზე.
„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგი ეკონომიკურ ურთიერთობებში, წელს საქართველოსა და იტალიას შორის სავაჭრო ბრუნვა 30 %-ით გაიზარდა. საქართველოში იტალიური კომპანიები ბევრი მიმართულებით არიან წარმოდგენილნი, მათ შორის ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის სფეროებში. დღეს, ჩვენ განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები, რომლებიც შეიქმნა და იქმნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს შესაძლებლობებზე როგორც პლატფორმა ბიზნესის წარმოებისთვის რეგიონში“ - განაცხადა ორი მინისტრის ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მიხეილ ჯანელიძემ.
უწყების ცნობით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მომავალ წელს იტალიაში დაგეგმილი საქართველო-იტალიის ფორუმის ჩატარების მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს ქართულ და იტალიურ ბიზნეს საზოგადოებას შორის მეტ ინტერაქციას და ახალი შესაძლებლობების წარმოჩენას.
როგორც პაოლო ჯენტილონიმ, შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა საქართველომ საკმაოდ დიდი შრომა გასწია იმისათვის, რომ ევროპული ქვეყნებისათვის საქართველოში ბიზნესის ადვილად წარმოების შესაძლებლობა მიეცა.
"თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შემდეგ ბევრ ევროპულ წარმომადგენლობას გაუადვილდება ბიზნესის წარმოება საქართველოში და კიდევ უფრო განვითარდება ურთიერთობები. ჩვენ მხარი უნდა დაუჭიროთ იტალიურ კომპანიებს და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ იტალიურმა მხარემ გაიცნოს საქართველოს შესაძლებლობები. მომავალ წელს ჩვენ გავმართავთ ბიზნეს ფორუმს იტალიაში. გზავნილი უნდა იყოს ძალიან ცხადი და მკაფიო, რათა იტალიელ მწარმოებლებს გავაცნოთ საქართველო, სადაც მათ ბიზნესის წარმოების ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვთ. მათ ჩვენ უნდა გავაცნოთ საქართველო, როგორც ბიზნესისათვის მიმზიდველი ქვეყანაა. საქართველომ ბევრი გააკეთა, რათა ეს შესაძლებლობები მიეცა ევროპული ქვეყნებისთვის"- აღნიშნა ჯანტელონიმ.
შეხვედრისას მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმდინარეობა. მათ შორის ხაზი გაესვა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა იტალიელ კოლეგას საქართველოს მხარდაჭერისათვის.
თავის მხრივ პაოლო ჯენტილონიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესებზე.
შეხვედრისას, ხაზი გაესვა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას. ასევე განხილულ იქნა ნატო-ს ვარშავის სამიტის შედეგები და სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების პრაქტიკაში განხორციელების გზები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.