საქართველოს მთავრობა აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად ასამოქმედებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ინტერესთა გამოხატვის წარდგენა მოხდება დალუქული კონვერტით, 2016 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. შეფასების პროცესი წარიმართება შესაბამისი სამთავრობო კომისიის მიერ, რომელიც წარმოდგენილი წინადადებების შესწავლის საფუძველზე გამოავლენს გამარჯვებულს. საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა მიიღებს. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში გვქონდეს გამჭვირვალე და ხარისხზე ორიენტირებული თავისუფალი ბაზარი. ამდენად, მივესალმებით ყველა ინვესტორის შემოსვლას, რომელიც შესაბამის სტანდარტებს დააკმაყოფილებს”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია, ხელი შეუწყოს მოქალაქეებისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.
„ტექნიკური დათვალიერების სისიტემის დანერგვას უნდა მოყვეს ეკოლოგიური და ჯანსაღი გარემოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. ცნობილია, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში გარემოს დაბინძურების ძირითად წყაროს სწორედ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობა და ამ დარგში სტანდარტების არარსებობა წარმოადგენს. ამ მიმართულებით დღევანდელი ვითარება რომ მძიმეა, ამას საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს. ყურადსაღებია ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც ავტოსაგზაო შემთხვევების ნაწილი სწორედ ავტომობილების გაუმართაობაზე მოდის. ამ საგანგაშო მონაცემების საპასუხოდ საქართველოს მთავრობა სწორ ნაბიჯებს დგამს. ახლა კი კონკრეტულად - პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის შედეგად: მოხდება საქართველოს თითოეული რეგიონის შესწავლა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი ცენტრების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით. ყველა რეგიონს მოემსახურება ცენტრების საკმარისი რაოდენობა, რათა ინსპექტირების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს; ჩამოყალიბდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობის და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები; დაინერგება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის ერთიანი ცენტრალიზებული მართვის ავტომატიზებული სისტემა, რომელიც სრულად გამორიცხავს შემოწმების პროცესში კორუფციული გარიგებების ალბათობას; შემუშავდება რეკომენდაციები ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისა და აირბალონით აღჭურვილი ავტომანქანების კონტროლის სისტემების ინტეგრაციის შესახებ”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ვიცე პრემიერის თქმით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება საკონსულტაციო კომპანიასთან შეთანხმების შედეგად.
"დადგინდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ბაზარზე მაქსიმალურად მორგებული კონკურენტული ფასი. 2017 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონში პერიოდული ტექნიკური ისპექტირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა სრულად იქნება გამართული. ინსპექტირების ნორმები კანონით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად (2018 წლის 1-ელი იანვრიდან) ამოქმედდება. წინასწარი გათვლებით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმაში დაახლოებით 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. შესაბამისი ინფრასტრუქტურის ამოქმედება შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ჩვენი წინასწარი შეფასებით, აღნიშნულ პროცესში 1000-მდე სპეციალისტი მომზადდება და დასაქმდება”, - აღნიშნა მინისტრმა.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აგრძელებს რეფორმების ეტაპობრივად გატარებას.
„ავტოტრანსპორტის სავალდებულო პერიოდული ტესტირების შემოღებითა და სათანადო ინფრასტრუქტურის გამართვით ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პრობლემა, რაც დადებითად აისახება როგორც ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ასევე ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.