საქართველო, მსოფლიოს 160 ქვეყანასთან ერთად, გლობალური მეწარმეობის კვირეულს მასპინძლობს
14-11-2016, 02:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო, მსოფლიოს 160 ქვეყანასთან ერთად, გლობალური მეწარმეობის კვირეულს მასპინძლობს.

 


ღონისძიება ტექნოლოგიურ პარკში დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის ელჩმა იან კელიმ გახსნეს.

 


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ტექნოპარკი მისთვის ყველაზე საყვარელი ადგილია, რადგან იქ იბადება საქართველოს მომავალი და წარმატებით ხორციელდება არაერთი საინტერესო იდეა.

 


პრემიერის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ ფეხი აუწყოს ყველაზე თანამედროვე იდეების დინამიკას, რადგან ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვისა და ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნისთვის.

 


"ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა იაზროვნოს სამეწარმეო მიმართულებით, აღმოაჩინოს უამრავი შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება, ძალიან წარმატებული აღმოჩნდეს მისთვის, ქვეყნისთვის და მთლიანად, მსოფლიოსთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ მოვისმენთ წარმატებულ ისტორიებს, რადგან ეს არის სწორედ ის, რაც ახალ იდეებს ახალისებს", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ დისკუსიის მნიშვნელობას, რომელიც ე.წ crowd financing-ის, იგივე სახალხო დაფინანსების თაობაზე გაიმართება. პრემიერის შეფასებით, ეს საქართველოსთვის სრულიად ახალი მიმართულებაა, რომელიც დღეს ქვეყანაში ნეგატივთან ასოცირდება - მათ შორის, ადამიანების მკურნალობასთან, როდესაც ისინი ავად არიან და ა.შ.

 


"ქართველებმა გამოვაჩინეთ სოლიდარობის არაერთი მაგალითი, როდესაც ადამიანი გასაჭირშია. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, სოლიდარობა გამოვიჩინოთ ინოვატორული იდეებისადმი, რათა ქვეყანა წინ წავიყვანოთ და თან - ძალიან ჩქარა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ახალგაზრდებს მიეცეთ სტიმული, მაქსიმალური ჩართულობით აწიონ დაფინანსება ახალი იდეების განსახორციელებლად", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიომ უკვე იცის ამ ფორმით დაფინანსებული ახალი ინიციატივების ათობით და ასობით წარმატებული მაგალითი.

 


პრემიერმა რამდენიმე მაგალითი დაასახელა, მათ შორის, ახალი თაობის "სმარტ საათი", რომლის შექმნის იდეამ, crowd financing-ით 12 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება მოიპოვა; ასევე - 2015 წლის იდეამ Flow Hive - crowd financing-ით, ინტერნეტის საშუალებით, 13 200 000 დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო. Flow Hive არის სრულიად ახალი ტიპის სკა, რომელიც ფუტკრების დაზიანების გარეშე თაფლის გამოწურვის საშუალებას იძლევა. მთავრობის მეთაურმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა თხოვნით, დაინტერესდეს ამ იდეით, რადგან ის, შესაძლოა, საქართველოში მეფუტკრეობისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდეს.

 

 

"ჩვენ, შეიძლება, დავიწყოთ მცირე მასშტაბებით, მაგრამ ის, რომ ჩართულობით ახალი საინტერესო იდეები დავაფინანსოთ, იქნება ძალიან მისასალმებელი და საშური საქმე საქართველოში ახალგაზრდა მეწარმეებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ გლობალური მეწარმეობის კვირეულს დიდ დახმარებას აღმოუჩენს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელმაც უკვე მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და დღეს უკვე საქართველოში, სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი პროექტებით დაფინანსებული ათობით "სტარტაპ ბიზნესის" მესვეურია. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მიმართულება გაგრძელდება და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა გაიზრდება.

 


"მინდა, ყველას გისურვოთ ძალიან წარმატებული ახალი იდეების განხორციელება, იმ მრავალი ინსტრუმენტის მეშვეობით, რომელიც ჩვენი მთავრობის მხრიდანაც არის შემოთავაზებული და იმ წარმატებული მეთოდების მეშვეობით, რომლებიც დღეს მსოფლიოში არსებობს", - მიმართა პრემიერმა კვირეულის გახსნაზე შეკრებილ საზოგადოებას.

 


"გლობალური მეწარმეობის კვირეულის გახსნას 200-მდე მეწარმე დაესწრო. მასშტაბური საერთაშორისო პროექტი, რომელიც მეწარმეობის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების ჩართულობას ისახავს მიზნად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის - „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) და აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით იმართება, რომლებსაც პრემიერმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 


კვირეულის გახსნის ცერემონიაზე „სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსებული რამდენიმე „სტარტაპ” ბიზნესიდეის პრეზენტაცია გაიმართა, რომელთა შორისაა - ფინანსური შეფასების ინოვაციური პლატფორმა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის - Quick cash; ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების უნივერსალური სისტემა - David OS და ძველი ქართული თამაშების წარმოება - Tamashobana.

 


გლობალური მეწარმეობის კვირეული 20 ნოემბრამდე გაგრძელდება. სამუშაო თემებს შორისაა მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარება და პოლიტიკა, ქალი მეწარმეების როლი, აგრომეწარმეობა და სტარტაპების ფორმირება. ასევე, ჩატარდება ინოვაციებისა და ღვინის ფორუმები. კვირეულის ფარგლებში, სტარტაპები და ახალგაზრდა მეწარმეები შეძლებენ, გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება, საკუთარი პროექტები ფართო საზოგადოებასა და ექსპერტებს გააცნონ, მათგან რჩევები მიიღონ და ბიზნესი სწორი მიმართულებით განავითარონ", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი