მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტების თითქმის 70% დასრულებულია - აცხადებს Guardian.ge-სთან საუბრისას მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი და იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე პროექტების 85% შესრულდება, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად კი გამგებელი თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობის დასრულებას მიიჩნევს, რის შემდეგაც მისი თქმით, დამატებითი შემოსავლები გაუჩნდება მუნიციპალიტეტს და განსაკუთრებით კი კურორტის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს.

კაპიტონ ჟორჟოლიანი ზამთარში, ზემო სვანეთში ტურისტების დიდ რაოდენობას ელოდება.
მესტიის გამგებლის თქმით, მუნიციპალიტეტში წელს მასშტაბური პროექტები განხორციელდა, მათ შორის, რამდენიმე სახელმწიფო მნიშვნელობის იყო. მისივე განცხადებით, დასრულებული და მიმდინარე პროექტების გარდა, ადგილობრივი ხელისუფლება ასევე რამდენიმე მნიშვნელოვან გარდამავალ პროექტსაც იწყებს.
"დასრულებულ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს შორის გვაქვს ჭუბერის საავტომობილო გზის მშენებლობა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო წყლის რეზერვუარები - ორი რეზერვუარის მშენებლობა დავასრულეთ. მომავალ წელს ეს რეზერვუარები მთლიანად შევა ექსპლუატაციაში.
მესტიაში სრულდება თეთნულდის მთაზე საბაგიროების მოწყობა. ამასთანავე, დასრულდა 26-კმ-იანი სამთო-სათხილამურო ტრასების მოწყობა. ეს ყველაფერი კი დეკემბრის შუა რიცხვებში, დაახლოებით, დეკემბრის 20-სკენ გაიხსნება და შევა ექსპლუატაციაში.
ჭუბერსა და ნაკრაში ორი საბავშვო ბაღი ავაშენეთ, სამუშაოები სრულად თვის ბოლოსკენ დასრულდება.
რაც შეეხება გარდამავალ პროექტებს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური არის მესტიის აეროპორტისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია. წელს დაიწყება სამუშაოები და მომავალ წელს მოხდება გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა. ასევე ორ დღეში დავდებთ ტენდერზე მაზერის საბავშვო ბაღის მშენებლობას.
მნიშვნელოვანი და ძალიან აუცილებელი სამუშაოები მიმდინარეობს მესტიაში ქუჩების მოწყობის კუთხით. ამჟამად აქ უშბის ქუჩის მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო. მიმდინარეობს აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება", - განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, რთული კლიმატური პირობების გამო, ხშირად უწევს ადგილობრივ ხელისუფლებას ამა თუ იმ პროექტის სამუშაოების შეწყვეტა და გადავადება. მესტიის გამგებელი ვარაუდობს, რომ წელსაც, მუშაობა იმ პროექტებზე, რომლებიც ვერ მოესწრება ამინდის გაუარესების გამო, მომავალი წლის მარტ-აპრილში განახლდება.
„ჩვენი კლიმატური პირობების გამო, ზოგიერთ პროექტზე, ყინვების დაწყების შემდეგ გვიწევს ხოლმე სამუშაოების შეჩერება, თუმცა, ამის მიუხედავად მსხვილი პროექტების 85%-ით შესრულებას მოვახერხებთ წლის ბოლომდე, ამჟამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 67% შესრულებულია", - განუცხადა Guardian.ge-ს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და დაამატა, რომ 2016 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი როგორც ფინანსურად და მასშტაბით, ისე სახელმწიფო მნიშვნელობით, თეთნულდი იყო. კახაბერ ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ დამატებითი შემოსავლის წყარო მიმდებარე თემების მცხოვრებლებსაც გაუჩნდებათ, რაც მიგრაციის პროცესის შეჩერების საწინდარიც იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.