მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი 19 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის საპატრიარქო ავრცელებს.
შეხვედრა დანილოვის მონასტერში გაიმართა.
„ჩემთვის თქვენი ვიზიტი განსაკუთრებით ძვირფასია. თქვენ ბრძანდებით ყველაზე ასაკოვანი სხვა ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლთა შორის", - მიმართა რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს.
მისი თქმით, ორი ქვეყნის მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის კეთილი ურთიერთობა არსებობს, "ეკლესიებს შორის ურთიერთობა კი ადამიანებს შორის ურთიერთობაა".
"თქვენი ცხოვრებაც მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ცხოვრებასთან. ჩემი ბიოგრაფიაც გადახლართულია თქვენს ბიოგრაფიასთან. ჩვენ ვიყავით ბევრი მოვლენის თანამონაწილე - როგორც სასიხარულო, ისე სამწუხარო, რომელიც მაშინდელ საბჭოთა კავშირში მცხოვრები მართლმადიდებელი ხალხების ცხოვრებაში ხდებოდა.
მაგრამ შემდგომ დროებაშიც, ჩვენს შორის ურთიერთობა ყოველთვის იყო კეთილი, გულწრფელი, ნდობაზე აგებული და ღია. ვფიქრობ, რომ ეს ბევრი რამით გამოჩნდა და იმითაც, რომ ჩვენს ეკლესიებს შორის კეთილი კავშირებია მხარდაჭერილი", - განაცხადა პატრიარქმა კირილმა და აღნიშნა, რომ ეკლესიებს შორის ურთიერთობა ეს არის ურთიერთობა ადამიანებსა და მათ გულებს შორის.
"თუ დიპლომატები და პოლიტიკოსები ჩვეულებრივ მუშაობენ ცნობიერების დონეზე და ბიზნესმენები საფულისა და კუჭის დონეზე, ეკლესიები - ადამიანების გულების დონეზე ურთიერთობენ. ასეთი კავშირების გარეშე, არ შეიძლება რომ იყოს კეთილი კავშირები ქვეყნებსა და ხალხებს შორის", - ხაზი გაუსვა რუსეთის პატრიარქმა და დაამატა: "ამიტომ მე ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას თქვენს ვიზიტსა და როლს რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებისა, ჩვენს ხალხებს შორის კეთილი ურთიერთობების შენარჩუნების მხრივ".

შეხვედრაზე ორ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის ურთიერთობების დადებითად განვითარების მნიშვნელობის შესახებაც აღინიშნა.
"პირველ რიგში, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრებიდან გამომდინარე, ჩვენ ხშირად გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობა. თქვენი მღვდელმთავრები ჩამოდიან რუსეთში, ჩვენი მეუფეები ჩადიან საქართველოში. მე ხშირად და კმაყოფილებით ვაწერ ხელს ჩემთან მოსულ სამღვდელოების წარმომადგენლების თხოვნას, რათა ვაკურთხო მათი საქართველოში გამგზავრება და არამარტო ჩვენი არქიეპისკოპოსები, არამედ მოსკოვის ბევრი მღვდელმთავარი მიემგზავრება თქვენს ქვეყანაში, რათა მოილოცონ წმინდა ადგილები", - განაცხადა პატრიარქმა კირილმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად მისი სახელით გულთბილად მიესალმა მის უწმინდესობას, პატრიარქ კირილს.
„თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ ჩამოვედით თქვენი 70 წლის ზეიმის აღსანიშნავად და გვინდა გამოვხატოთ ჩვენი კეთილი სურვილები, ასევ გისურვოთ მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენ ეკლესიას და სამშობლოს“, - თქვა საქართველოს პატრიარქმა და აღნიშნა, რომ საქართველოს და რუსეთის „ეკლესიები მაგალითს აძლევენ პოლიტიკურ მოღვაწეებს ჩვენი სახელმწიფოების ურთიერთობებთან დაკავშირებით“.
„ურთიერთობას რუსეთის და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოებისათვის. ჩვენი ეკლესიები მაგალითს აძლევენ პოლიტიკურ მოღვაწეებს ჩვენი სახელმწიფოების ურთიერთობებთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ გასულ წლებში საქართველოში არასოდეს არ ყოფილა იმდენი დამსვენებელი რუსეთიდან, როგორც ახლა არის. და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. სასურველია ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები უკეთესი იყოს, ვიდრე დღესაა, და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ურთიერთობები. ვფიქრობ , ეს ჩვენ გამოგვივა. ჩენ გვჭირდება ერთმანეთი, და ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ“, - ბრძანა ილია მეორემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში 18 ნოემბერს ჩავიდა. პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილის 70 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრება.
რუსეთის საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 23 ნოემბერს, მოსკოვის ქართულ ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის. საღამოს კი ქართულ დიასპორასთან პატრიარქის შეხვედრა გაიმართება. ილია მეორე დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოში 25 ნოემბერს დაბრუნდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.