სიღნაღის გამგებლის, დავით ჯანიკაშვილის განცხადებით, 2016 წელს მუნიციპალიტეტისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი იყო 2 მლნ 400 000 ლარი, ძირითადი სამუშაოები კი გზების მოწესრიგების მიმართულებით განხორციელდა.
როგორც დავით ჯანიკაშვილმა Guardian.ge-ს განუცხადა, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, ჯამში 20-22 კმ-ის გზა გაკეთდა, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ კი ასეთი მასშტაბის სამუშაოები ბოლო 20 წელიწადში ერთად აღებული არ განხორციელებულა.
„წელს, გზები გაკეთდა: სოფელ ბოდბეში - დაახლოებით, 500-მეტრიანი, სოფელ მაღაროში - 1 კმ-ზე ცოტა მეტი, სოფელ ნუკრიანში - სასაფლაოსთან და ეკლესიასთან მისასვლელი 1.5 კმ-იანი, სოფელ მაჩხაანში, სოფელ ბოდბისხევში - სასაფლაოსთან და მონასტერთან მისასვლელი გზა, ძველ ანაგაში - 1 კმ-იანი გზა, ტიბაანში - წმინდა სტეფანეს მონასტერთან და სასაფლაოსთან მისასვლელი გზა, სოფელ საქობოში- 400-500 მეტრიანი მონაკვეთი. ყველა პროექტი ამჟამად უკვე დასრულებულია.

„სანიაღვრე არხები გაკეთდა სოფელ ანაგაში - 1 კმ-ზე მეტი მონაკვეთი. ანაგაში ამჟამად მიმდინარეობს ასევე სანიაღვრის მშენებლობა. სამუშაოები ამ პროექტზე ცოტა გაჭიანურდა და შესაძლებელია, თუ გრაფიკს ვერ დაიცავს, ჩავხსნათ აღნიშნული კომპანია და გამოვაცხადოთ ახალი ტენდერი. დანარჩენი ყველა მსხვილი პროექტი დასრულებულია“, - განაცხადა დავით ჯანიკაშვილმა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნულის გარდა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა ასევე სხვადასხვა პროექტი, რაც ძირითადად საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას მოიცავდა.
„მუნიციპალიტეტში სულ 24 ბაღია. მათგან 90%-ში ჩვენ დავამონტაჟეთ ცენტრალური გათბობა. გარდა ორი ბაღისა, ყველა ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. დაგვრჩა სოფელ ანაგაში ერთი საბავშვო ბაღის აღდგენა, რომელიც გათვალისწინებულია მომავალი წლის ბიუჯეტში, ასევე სოფელ ბოდბისხევში აშენდება ახალი ბაღი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ ძველ ანაგაში, სოფელ მაჩხაანში, სოფელ ნუკრიანში, სოფელ ანაგაში ბაღებს, სოფელ ჯუგაანში კი აშენდა ახალი თანამედროვე სტანდარტების ორსართულიანი 75 ბავშვზე გათვლილი ბაღი, რომელზეც ჯამში, 340 000 ლარი დაიხარჯა. ჯუგაანის საბავშვო ბაღი რეგიონული განვითარების ფონდიდან, ხოლო ყველა სხვა ბაღი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
გარდა ამისა, სოფლებში, ანაგასა და საქობოში თითო ჭაბურღილი დაემატა. 9-10 კმ წყალსადენის ქსელი მოეწყო მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში, სადაც წყალმომარაგების პრობლემა არსებობდა“ - აღნიშნა ჯანიკაშვილმა.

გამგებლის ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 700 000 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული თანხით „მოეწყო ბუნებრივი წყაროს წყლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზები. რეაბილიტაცია გაუკეთდა ქალაქ სიღნაღში მინი სტადიონს და სოფელ ილიაწმინდაში გაკეთდა ახალი მინი სტადიონი. ამ პროგრამის ფარგლებში, დარჩენილია დაახლოებით, 50 000 ლარი და სოფლის საჭიროებების მიხედვით პროექტებზე გამოცხადდება ტენდერი და დასრულდება წლის ბოლომდე“.
დავით ჯანიკაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტს დიდ დახმარებას უწევს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და რეგიონული განვითარების ფონდი. „ამას ემატება ადგილობრივი ბიუჯეტი და ამ თანხებით, ჯამში 20-22 კმ გზა გაკეთდა. ამდენი ბოლო 20 წელიწადში ერთად არ გაკეთებულა. ამას მოსახლეობაც ხედავს მე მგონი“, - დასძენს გამგებელი, რომლის ინფორაციითაც 2017 წლის ბიუჯეტში, განსახორციელებელი პროექტებიდან პრიორიტეტად ისევ გზები რჩება.

„ცენტრალური გზები თითქმის ყველგან მოწესრიგებულია, დარჩენილია შიდა სასოფლო მონაკვეთები. გარდა ამისა, დაახლოებით, 4 ჭაბურღილს დავამატებთ. ახალგაზრდებისგან იყო მოთხოვნა მინი სტადიონებზე, 9 მინი სტადიონი გაკეთდება მთლიანად მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ანუ ყველა სოფელში იქნება მინი სტადიონი. იმის გარდა, რომ ძირითადი გზები მოწესრიგებული იქნება, წყლის პრობლემა და საბავშვო ბაღების პრობლემა აღარ გვექნება, თანხების გარკვეულ ოდენობას მივმართავთ კულტურის სფეროსკენ. ვგეგმავთ ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის მოწყობას. შენობა გამოყოფილი გვაქვს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. ამჟამად, გვაქვს გამოყოფილი ორი ოთახი, სადაც ექსპონატები ინახება, თუმცა, იმას მუზეუმი არ ჰქვია. თავის დროზე არსებული სახლ-მუზეუმი კი წინა ხელისუფლებამ გაასხვისა. მომავალ წელს კი ეს მუზეუმი თავიდან ბოლომდე მოეწყობა თავისი დარბაზებით და სველი წერტილებით.
გარდა ამისა გვემატება ორი ახალი ნაგავმზიდი თავისი 100 ურნით. გვაქვს დიდი ნაგავსაყრელი გაკეთებული, მაგრამ ურნები და მანქანები საკმარისი არ გვქონდა. აბსოლუტურად ყველა სოფელში განლაგდება ურნები და მოემსახურება 5 ავტომობილი, მათ შორის, ორი ახალი, რომელიც იანვარში გადმოგვეცემა. ნაგვის გატანა ერთ-ერთი პრობლემა იყო და ეს საკითხი მოგვარდება მთლიანად“, - განაცხადა დავით ჯანიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.