ცაგერის მუნიციპალიტეტში 2016 წლისთვის დაგეგმილი მსხვილი პროექტები განხორციელების ბოლო ფაზაშია და გეგმის მიხედვით, 26 დეკემბერს უნდა ჩაბარდეს. ეს არის ორი დიდი პროექტი - სპორტული კომპლექსის და მწვანე თეატრის მშენებლობა, რისთვისაც, შესაბამისად, დაახლოებით 3 მილიონი ლარი და 500 ათასი ლარი იხარჯება.
როგორც Guardian.ge-ს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რევაზ ბენიძემ განუცხადა, სავარაუდოდ, სწორედ ამ დრომდე უნდა მოესწროს აღნიშნულ ობიექტებზე, დარჩენილი სამუშაოების შესრულება. „იმ გრაფიკით და გეგმით, რითაც ვხელმძღვანელობთ, არ არის რამე კონკრეტული ცვლილება, უბრალოდ, ხასიათში მაქვს ასეთი რამ, რომ ყოველთვის ველოდები უფრო ცუდს, რომ მერე კარგი გამიხარდეს“, - დასძენს გამგებელი, რომლის ინფორმაციითაც, სპორტული დარბაზის მშენებლობაზე შესრულებული სამუშაოების ამ დროისთვის თითქმის 80%-ს შეადგენს და „დიდი ვარაუდით, მოესწრება დარჩენილ დროში 20%-ის შესრულება, ან შეიძლება ოდნავ მოგვიწიოს გრაფიკზე გადაცდენა“.

„რაც შეეხება მწვანე თეატრს, აქ გაცხარებული სამუშაოები მიმდინარეობს, შესრულება კი 70%-ია. თუმცა, ყოველდღიურად იცვლება ვითარება. აქაც არ არსებობს იმის წინაპირობა, რომ დეკემბრის ბოლომდე ვერ შესრულდეს, ან ძალიან მცირედით იქნება დაგვიანება“, - აცხადებს რევაზ ბენიძე და კმაყოფილებას გამოხატავს სამუშაოების ხარისხობრივი შესრულების თვალსაზრისით.
„გეტყვით რომ ძალიან კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით მწვანე თეატრი გამოდის არაჩვეულებრივი. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ამის მსგავსი პროექტი სხვა არ იქნება. თავად ადგილი, სადაც მწვანე თეატრი კეთდება, უნიკალურია. გარემო არის ძალიან ლამაზი, მდინარეა და ულამაზესი კლდე, არის გამოქვაბულიც. რომ დასრულდება სამუშაოები, ამ ადგილებში განათებებს გავაკეთებთ და მთლიანობაში ძალიან კარგ რამეს მივიღებთ. არაჩვეულებრივი მასალით კეთდება ყველაფერი, ძალიან მაგარი სახურავი აქვს მწვანე თეატრს - ფინური მასალაა, მოკლედ, კარგ დონეზე კეთდება. ბ-ნი რამაზ მხეიძე იყო ჩამოსული - პიროვნება, რომელმაც თავის დროზე, კომუნისტების დროს, რაიკომის მდივანი იყო და ააშენა მწვანე თეატრი. რომ ნახა მიმდინარე სამუშაოები, გაოცებული იყო, იმდენად მოეწონა.

დასაჯდომი ადგილი იქნება დაახლოებით, 800-მდე ამფითეატრში, VIP-ლოჟაც იქნება და ორი რიგი განთავსდება - დაახლოებით, 1000 ადამიანამდე მოიყრის თავს. ყველაფერი შეიძლება გავმართოთ აქ - ახალგაზრდული ფესტივალებიც მათ შორის. მოკლედ, მსურველების რიგი დაგვიდგება დიდი“, - ამბობს რევაზ ბენიძე.

რაც შეეხება სპორტულ კომპლექსზე მიმდინარე სამუშაოებს, გამგებლის თქმით, კომპანიას „ჩავარდნა ჰქონდა ერთი თვის წინათ - ტექნიკა გაუფუჭდათ და აი, ამის გამო დაბრკოლდნენ და ცოტა ამოვარდნენ გრაფიკიდან“.

„ვფიქრობ, მარტო ეს ორი პროექტი რომ გამეკეთებინა და მეტი არაფერი, ამ ორნახევარი წელიწადის განმავლობაში, ეგეც კი საკმარისი იქნებოდა სიამაყის გრძნობის მოსაგვრელად, თუმცა მაინც გამაჩნია დაუკმაყოფილებლობის განცდა, რადგან მუნიციპალიტეტში კიდევ არაერთი მსხვილი და სასარგებლო პროექტის განხორციელების პერსპექტივაა.
„ის, რაც მწვანე თეატრის შემთხვევაში კეთდება, რეაბილიტაციის ნაცვლად, რეალურად მშენებლობაა. არსებული ძველი შენობიდან მხოლოდ სცენის რკინის კონსტრუქცია დავტოვეთ. ფაქტობრივად, მეორე სიცოცხლეს ვაძლევთ ამ ობიექტს“, - აღნიშნავს რევაზ ბენიძე, რომლის ცნობითაც, ზემოთ ნახსენები პროექტების გარდა მუნიციპალიტეტში სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც განხორციელდა, მათ შორის საგანმანათლებლო სფეროში და სოფლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით.
„ახალი საბავშვო ბაღი აშენდა 30 ბავშვზე, ქვედა ცაგერში. გაკეთდა სრულიად თანამედროვე მიდგომებით, რომელიც ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. პროექტზე დაახლოებით, 400 000 ლარი დაიხარჯა. ამ პროექტზე შემიძლია ვთქვა, რომ იყო ძალიან კარგი შენაძენი იმიტომ, რომ ბავშვები ფაქტობრივად ჰაერში იყვნენ დარჩენილები. სკოლის ორ ოთახში იყვნენ და იქ მიმდინარეობდა სასწავლო და აღმზრდელობითი პროცესი. ამ სკოლიდანაც როდის გაასახლებდნენ, კაციშვილმა არ იცოდა.
მივიღეთ 500 000 სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის. ოქტომბერში დავიწყეთ უკვე ამაზე მუშაობა. გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც აწარმოებს სამუშაოებს. დაახლობით, 17 პროექტია სულ, საიდანაც 7 უკვე დასრულებულია. პროექტები ძირითადად მოიცავს სოფლებში გზების რეაბილიტაციას, სანიაღვრეების, გაბიონების მშენებლობას და ა.შ.
მეორე ეტაპის მივიღეთ ასევე 800 000 და ეს თანხაც სოფლებს მოხმარდება. ვფიქრობ, ყველაზე მთავარი არის ის, რომ არ არის საარჩევნო პერიოდი. ჩაიარა არჩევნებმა, ყველაფერი დალაგდა ნორმალურად და ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ. ეს იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლება არის ძალიან ქმედითი და ფუჭად სიტყვებს და დაპირებებს არ არიგებს - ეს არის ყველაზე მთავარი“, - დასძენს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ყურადღებას ამახვილებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე.
„ფაქტობრივად, ამ პროგრამით გათვალისწინებული ყველა სამუშაო არჩევნებამდე დავასრულეთ. ეს, რა თქმა უნდა, სოფლების არჩევანი იყო. ტარდებოდა სოფლის თემის კრება, განსაზღვრავდა სოფელი, თუ რა იყო მათთვის პრიორიტეტული რომ გაკეთებულიყო. გამოყოფილი იყო თითოეულ სოფელზე თანხა იმის მიხედვით, თუ რამდენი მოსახლე ცხოვრობს იქ. თითოეულ სოფელზე 4-8 ათასამდე იყო გათვალისწინებული. ამ პროგრამის ფარგლებში, დაწყებული გარე განათებებით, დამთავრებული სარიტუალო სახლების მშენებლობით - ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა. გარე განათებები არ შედიოდა რეკომენდირებულ პროექტთა ნუსხაში, თუმცა, ასეთი პროექტების განხორციელება ჩვენ ჯერ კიდევ ორი წლის წინათ დავიწყეთ და ძალიან გაამართლა. ქუჩის განათებებმა უსაფრთხო გახადა სოფლებში მოსახლეობის გადაადგილება. ამ პროგრამის ფარგლებში გაკეთდა ასევე პატარა ხიდები, სანიაღვრე არხები, ზოგიერთ სოფელს, სურვილის მიხედვით, შევუსყიდეთ სოფლის მეურნეობის ტექნიკა“, - ამბობს რევაზ ბენიძე.

გამგებელი Guardian.ge-ს 2017 წელს განსახორციელებელი პროექტების შესახებაც ესაუბრა და უთხრა, რომ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის კოორდინირებით, სტრატეგიული განვითარების გეგმის ფარგლებში ხდება სამომავლო მიმართულებებზე აქცენტების გაკეთება და ერთ-ერთი ასეთია, ტურიზმის სექტორი, რომლის განვითარებაც ტურისტული პროექტების დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიმღები ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამორჩეული ყურადღების ცენტრშია მოქცეული, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც 2017-18 წლებში დაგეგმილია ქუთაისი-ცაგერი-ლენტეხი-უშგული-მესტიის საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაციის განხორციელება, რაც ქუთაისიდან მესტიამდე ზუგდიდის გავლით დღეს არსებული გზის საგრძნობ შემცირებას და შესაბამისად, ძველი ტურისტული მარშრუტისთვის კონკურენციის გაწევასაც განაპირობებს, რისთვისაც, როგორც რევაზ ბენიძე ამბობს, რეგიონი და მათ შორის ცაგერის მუნიციპალიტეტი სათანადოდ, აქედანვე უნდა მოემზადოს.
„ჩვენ გვაქვს სტრატეგიული გეგმა - მუნიციპალიტეტს ჰყავს თავისი სარეკომენდაციო საბჭო, რომლის ხელმძღვანელია პაპუნა მარგველიძე - მხარის გუბერნატორი. ჩვენ რეგიონის გამგებლები ვიკრიბებით თვეში ერთხელ და სტრატეგიული განვითარების გეგმის ჩამოყალიბებაში ვმონაწილეობთ - ახალ-ახალ შესაძლო განსახორციელებელ პროექტებს ვდებთ ამ გეგმაში. ეს გეგმა შემდეგ განიხილება კანცელარიაში სამინისტროების მიერ. განხილვის შემდეგ კი დამტკიცება ხდება.
ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის 2017 წლის სტრატეგიულ გეგმაში ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს შეტანილი.
ქალაქ ცაგერში ქუჩების ასფალტის საფარით მოწყობის მეორე ეტაპი გაგრძელდება, დაახლოებით, 1 მლნ 600 000 ლარი იქნება ამისთვის საჭირო.
ცაგერის #2 ბაგა-ბაღი მთლიანი რეაბილიტაცია - დაახლოებით, 400 000 ლარი არის ჩადებული.
ცაგერში ასევე უმწეოთა სასადილოს შენობის რეაბილიტაცია - 120 000 ლარი.

ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-გაუმჯობესება. დავუშვათ, შემოდიხართ თქვენ როგორც ტურისტი მუნიციპალიტეტში, დაგხვდებათ ტურისტული ბილიკი, რომელიც მიგიყვანთ რომელიმე ეკლესიასთან, ჩანჩქერთან, ციხესიმაგრესთან. იქნება ღამის განათებები, ადგილი სადაც შეძლებთ დასვენებას, ვახშმობას და ა.შ. ჩვენ მთავრობისგან გვაქვს დავალება ტურისტული ობიექტების განვითარებაზე. ორ წელიწადში იქნება ძალიან დიდი ბუმი, ლენტეხი-მესტიის შემაერთებელი გზა კეთდება და მთელი ნაკადი ტურისტების, რომელიც მიდიოდა ზუგდიდში და მერე ადიოდა მესტიაში, ახალი გზის პირობებში წამოვა ჩვენსკენ, ამიტომ ლეჩხუმი მომზადებული უნდა დახვდეს ამას“, - განაცხადა რევაზ ბენიძემ.
გამგებლის თქმით, სტრატეგიული განვითარების გეგმაში წელს მათ შეტანილი აქვთ „საუკუნის პროექტიც“, რომელიც წყალმომარაგებასთან არის დაკავშირებული და რომლის პროექტირების შემდეგაც სამუშაოები, სავარაუდოდ, 2017-18 წლებში დაიწყება.
„მდინარე ჯონოულის ხეობაში, სოფელ ქულბაქიდან 90-იან წლებში იყო წყლის გამოყვანა დაგეგმილი. წყლის გაყვანილობის სისტემის საშუალებით მომარაგება მოხდებოდა ცაგერისა და მიმდებარე 15-16 სოფლის. ანუ ამით წყლის პრობლემა ამ მხარეს, ლეჩხუმს მოეხსნებოდა სამუდამოდ. თუმცა, მაშინ ეს სამწუხარდ, ვერ მოხერხდა. ჩვენ ეს საკითხი თავიდან დავიწყეთ - ტენდერიც ჩატარდა, გამარჯვებული ფირმა გამოვლენილია და დღე-დღეზე ველოდებით ხელშეკრულების დადებას. მოხდება პროექტირება და ვვარაუდობთ, რომ მისი განხორციელება დაახლოებით, 9 მლნ ლარი დაჯდება. მე ვესაუბრე „წყალკანალის“ ხელმძღვანელებს და მათ მითხრეს, რომ ეს პრემიერ მინისტრის ყურადღების ქვეშ არის და გაკეთდება აუცილებლად. ეს არის უდიდესი პროექტი. ვვარაუდობ, რომ 2017 წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება, ან 2018-ში, ჯერჯერობით ველოდებით დამტკიცებას“, -განაცხადა რევაზ ბენიძემ.
გამგებლის ინფორმაციით, 2017 წელს სავარაუდოდ მოხერხდება ცაგერის ცენტრალური სტადიონის დ კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია. „ძალიან მაგარი ფეხბურთის სტადიონი გვაქვს, რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას. დაახლოებით, 270 000 ლარია ჩადებული. რაც შეეხება კულტურის ცენტრს, ძველი შენობა გვაქვს, რომელსაც ხელისშევლება სჭირდება - ამაზე ჩადებულია700 000 ლარზე ცოტა ნაკლები“.
გამგებლის თქმით, სტრატეგიული განვითარების გეგმაშია შეტანილი ასევე ხვამლისკენ ასასვლელი გზის მოწყობა, რაც „ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული ობიექტი იქნება - ამისთვის 1 მლნ ლარი მოვითხოვეთ“.

„ასევე უნდა განხორციელდეს სოფელ სურმუშის გზის რეაბილიტაცია. მეწყერული ზონაა და გზა გასაკეთებელია.
„მოკლედ, ძალიან ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს, მთავარია ამ ნუსხიდან რისი დამტკიცება მოხდება“ - განუცხადა Guardian.ge-ს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რევაზ ბენიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.