“ჩვენ სრულად აღვიქვამთ იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც დღეს დგას ევროკავშირი გაზრდილი მიგრაციული ნაკადის, პოპულიზმისა და ექსტრემისტული იდეოლოგიის გავლენის გამო. თუმცა, ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, თუ რა ფასი აქვს ყოვლად გაუმართლებლად გვიან მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საერთო ვალდებულებების შესრულებას შეეხება. ევროსკეპტიკური განწყობების გაღვივება საქართველოში, რომელიც ევროკავშირის ერთგული და მტკიცე პარტნიორია, ძნელად თუ დაეხმარება ევროკავშირს დაძლიოს პესიმიზმი თავის მოქალაქეებში. გასაკვირი არაა, რომ მრავალწლიანი რეფორმებისა და ამ ურთულეს გზაზე მიღწეული პროგრესის შემდეგ, საქართველოში საკმაოდ მაღალია ლეგიტიმური მოლოდინები. ამას ჩვენთვის უზარმაზარი სიმბოლური, პოლიტიკური და პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და წარმოადგენს ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერის დადასტურებას”- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტში, სადაც კონფერენციაში “სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი” მონაწილეობა მიიღო.
საგარეო უწყების ცნობით, ჯანელიძემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ვიზ-ალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სფეროში, რომელიც პარტნიორების მიერ შეფასებულია, როგორც ძალზედ ეფექტური და მდგრადი.
“საქართველოში, ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარმოადგენს ძლიერ მამოძრავებელ ძალას, რომელიც ხელს უწყობს იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც ქმნის საკანონმდებლო, პოლიტიკურ და ინსტიტუციონალურ ჩარჩოს ევროპული და საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების მიხედვით, საერთო ჯამში, მიღებულ იქნა 60-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება, 70-მდე დადგენილება, ინსტრუქცია და წესდება, 8 სტრატეგია; რატიფიცირებულ იქნა 7 საერთაშორისო კონვენცია. ეს ტრანსფორმაცია უდავოდ ბრწყინვალე მაგალითია ევროკავშირის წარმატებული საგარეო პოლიტიკისა, რომელიც ერწყმის საქართველოს ინსტიტუტების გაძლიერების ასევე წარმატებულ შიდა პოლიტიკას” - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველო-ევროკავშირს შორის ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების ამოქმედებამ მოიტანა ახალი ეკონომიკური შესაძლებობები საქართველოსთვის, თუმცა, ეს პროცესი ვერ იქნება ეფექტური, თუ ქართველ მეწარმეებს არ მიეცემათ საშუალება თავისუფლად გადაადგილდნენ ევროპის სივრცეში და გაიცნონ იქ არსებული ბიზნესშესაძლებლობები.
მისივე განცხადებით, საქართველოსთან მიმართებაში ვიზა-ლიბერალიზაცია არავითარ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული დამატებით მიგრაციულ რისკებთან, არამედ ეს ხელს შეუწყობს ხალხთა შორის კონტაქტების დამყარებას, კულტურულ და ბიზნეს კავშირებისა და პარტნიორობის გაძლიერებას.
„ქართველები კვლავ იხსენებენ საბჭოთა დროს, როდესაც 37 რუბლად დაფრინავდნენ მოსკოვში ყველანაირი დაბრკოლების გარეშე. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ეს სტერეოტიპი და ვიმუშაოთ, რათა ევროპა და ევროპის ქვეყნების დედაქალაქები გახდეს ხელმისაწვდომი საქართველოს მოსახლეობისათვის. ნაცვლად იმისა, რომ ვსარგებლობდეთ ყველა ამ შესაძლებლობით, ჩვენ ვაწყდებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაჭიანურებულ პროცესს, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შიდა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ შეფერხებებს. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ვართ იმ ინტერ-ინსტიტუციონალური დებატების მძევლები, რომელიც არ ასახავს პარტნიორულ ურთიერთობებს.
მოდით იმედს ნუ გავუცრუებთ ჩვენს ხალხს, მოდი შევინარჩუნოთ მათი მოტივაცია გააგრძელონ ურთულესი რეფორმები და მოდით განვაგრძოთ ერთად სვლა თავისუფალი, უსაფრთხო და მშვიდობიანი ევროპისკენ. მოდით ნუ მივანიჭებთ სიამოვნებას იმ ძალებს, რომელთა სურვილია ის, რომ ევროპა დამარცხდეს” - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, კონფერენცია ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე საქართველოს შესახებ მომხსენებლის, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინო საქმეთა კომიტეტის წევრის მარია გაბრიელის ინიციატივით ჩატარადა. ღონისძიებაში ევროპარლამენტის, ევროკომისიის და საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.