საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იტალიის რესპუბლიკაში პირველ სამუშაო ვიზიტად იმყოფება. რომში გიორგი მღებრიშვილი იტალიის კარაბინიერთა კორპუსის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ტულიო დელ სეტეს შეხვდა.
უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იტალიის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. საქართველოს შს მინისტრმა კარაბინიერების კორპუსის მეთაურს იტალიაში საქართველოს პოლიციის ახალი ატაშე წარუდგინა.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან, მათ შორის, „საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების საფუძველზე, - განაცხადა ტულიო დელ სეტესთან შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა, - ამიერიდან ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდება. საქართველოს პოლიციის ატაშეს წარგზავნით რომში, ჩვენ თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავდივართ“.
იტალია მე-13 ქვეყანაა, სადაც საქართველოს შს სამინისტრომ პოლიციის ატაშე წარგზავნა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, პარტნიორ ქვეყნებში პოლიციის ატაშეების დანიშვნამ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის კუთხით.
საქართველოს შს მინისტრმა კარაბინიერთა კორპუსის მეთაურს უწყებაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მან ერთობლივი ოპერაციების ცენტრის შექმნაზე, ასევე, ნატო-ს და ევროპული საპოლიციო სპეციალური ძალების სტანდარტების შესაბამისად, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რეფორმაზე ისაუბრა.
გიორგი მღებრიშვილის თქმით, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი გეგმავს, გახდეს ევროპული და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ჟანდარმერიებისა და გასამხედროებული სტატუსის მქონე საპოლიციო ძალების გაერთიანების წევრი და აქტიური მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტსა და წვრთნებში, რისთვისაც იტალიელი კარაბინიერების გამოცდილების გაზიარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს შს მინისტრმა ხაზი გაუსვა ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის მნიშვნელობას, რომლის ფარგლებში მხარეები ერთმანეთს ინფორმაციას გაუზიარებენ და თავიანთი საქმიანობის სპეციფიკას გააცნობენ.
თავის მხრივ, გენერალ-ლეიტენანტმა ტულიო დელ სეტემ საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სრული მზადყოფნა გამოთქვა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და იტალიის კარაბინიერების კორპუსს შორის.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს შს სამინისტროს დელეგაციისთვის იტალიის კარაბინიერების კორპუსის საქმიანობის ამსახველი სპეციალური პრეზენტაცია გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.