15 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით, პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი კი 100 ლარის ნაცვლად, 50 ლარი ეღირება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ პირებს 18 წლის ასაკიდან და მათ, ვისაც 2017 წლის 2 ნოემბრამდე უსრულდება 18 წელი.
აქცია ეხება ბიომეტრიულ პასპორტსაც და მისი შეცვლა ან პირველად აღება 50%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.
იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ 2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“ − და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელს.
„ჩვენს ბაზებში მოქალაქეთა მონაცემების სიზუსტე კვლავაც აქტუალურია, რადგან 11 თვეში საქართველოში კვლავ არჩევნებია და საარჩევნო სია მუდმივად უნდა იხვეწებოდეს. ჩვენ გვსურს კიდევ უფრო ზუსტი და სანდო საარჩევნო სია მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, − განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.
უწყების ცნობით, სწორედ ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრომ ბოლო 4 წლის განმავლობაში 23 აქცია გამოაცხადა. მათივე ინფორმაციით, შედეგად, 1 155 245-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ ან შეღავათიანი ფასით მიიღო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე ზუსტი საარჩევნო სია ჰქონდა.
„ვინაიდან საქართველო უკვე ელოდება ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, აუცილებელია, საქართველოს ყველა მოქალაქემ კიდევ ერთხელ წინასწარ გაიაზროს ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, ტურიზმისა და განვითარების მიზნების გარდა, საკუთარი თავისა და ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენისათვის გამოიყენოს. ლეგალური ჩასვლა ევროკავშირის ქვეყნებში და დათქმულ დროში უკან დაბრუნება უნდა გახდეს ჩვენი წესი, რისთვისაც ბიომეტრიული პასპორტი აუცილებელია“, − დასძინა იუსტიციის მინისტრმა.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, აქციით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.
აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან ფოტოსურათის საფასურისგან.
უწყების ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 368 346-ზე მეტი მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას, ხოლო დამატებით 341 373 მოქალაქე − საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს ფლობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.