საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის შემთხვეევშიც კი, არ შეუქმნის რუსეთს საფრთხეს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ცდილობს აჩვენოს რუს პოლიტიკოსებს, რომ მათ მიმართ მტრულად არ არიან განწყობილნი. პრემიერი მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკა, რაც დღეს საქართველოს მთავრობას რუსეთის მიმართ აქვს, უშედეგო არ არის.
აღნიშნულ საკითხსა და რუსეთთან დეესკალაციის პოლიტიკაზე გიორგი კვირიკაშვილი Die Zeit-ის ჟურნალისტს, ელის ბოტას ესაუბრა.
კითხვაზე, რუსეთში ფიქრობენ, რომ ნატო ალყაში აქცევს და საფრთხეს უქმნის რუსეთს. რამდენად გასაგებია თქვენთვის რუსების შიში ამ მხრივ? ნუთუ არ არის აუცილებელი ამაზე რეაგირება, პრემიერი ასე პასუხობს:
"ჩვენთვის ცნობილია რუსეთის შიშები, თუმცა კი გაუგებარი. საქართველო ნატო-ს წევრის რანგშიც არ შეუქმნის რუსეთს არავითარ საფრთხეს. ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ, ვაჩვენოთ რუს პოლიტიკოსებს, რომ საქართველო არ არის მტრულად განწყობილი რუსეთის მიმართ. წელს ერთი მილიონი რუსი ტურისტი გვესტუმრა, თუმცა არც ერთი სერიოზული ინციდენტი არ დაფიქსირებული. ეს ბევრზე მეტყველებს! ქართველებსა და რუსებს შორის არ არსებობს რაიმე არსებითი მტრული განწყობა და ჩვენი სურვილი ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით არ უნდა იყოს ამ მიმართულებით ინტერპრეტირებული. სწორედ ამ გზავნილის მიწოდებას ვცდილობთ ჩვენ რუსი პოლიტიკოსებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ამას სათანადოდ არ აღიქვამენ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მიმართ ძალიან აგრესიულ რიტორიკას მიმართავდა. თქვენ კი აქცენტი დეესკალაციაზე გაქვთ, თუმცა, როგორც ჩანს, მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა, კვირიკაშვილმა უპასუხა:
"ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი სტრატეგია უშედეგოა. პოლიტიკური თვალსაზრისით, პროგრესი შეიძლება ნაკლები იყოს, მაგრამ ცვლილებები მაინც სახეზეა. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ურთიერთობები და დღეს რუსეთის ბაზარი ღიაა ქართული პროდუქციისთვის. ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ სტაბილურობის მნიშვნელოვან დონეს. რასაკვირველია, ეს არ არის ყოვლისმომცველი სტაბილურობა, რადგანაც ჩვენი ტერიტორიების ნაწილი კვლავინდებურად ოკუპირებული რჩება. თუმცაღა, მეორეს მხრივ ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ყოველდღიურად არ გვიწევს გვეშინოდეს სამხედრო აგრესიის".
კითხვაზე, ეს ნიშნავს რომ საქართველო დღეს თავს უსაფრთხოდ გრძნობს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა უპასუხა, რომ "როგორ შეიძლება თავი უსაფრთხოდ იგრძნო, როცა შენს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული?"
"როცა ხდება მოქალაქეთა დაკავება იმ საზღვრების გადაკვეთის ბრალდებით, რომლებსაც ჩვენ სამართლიანად არ ვაღიარებთ საზღვრებად? ამ ეტაპზე არ არის მოსალოდნელი სამხედრო ავანტიურები, მაგრამ უსაფრთხოებაზე საუბარი გულუბრყვილობა იქნებოდა. მართალია, ჩვენ გვაქვს საკმარისი სტაბილურობა, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა დღესაც რთული რჩება. ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, რომელიც ცდილობს ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოებას და, ამავე დროს, ზრუნავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობაზე. ეს არის ჩვენი გადარჩენის სტრატეგია და ეს არის ასევე ის, რაც სურს მოსახლეობას", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.