შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სათხილამურო სეზონის დაწყების წინ, ბაკურიანში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოთხილამურე პატრულის თანამშრომლებს შეხვდა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით დავალებები მისცა.
შსს-ს ცნობით, ახალ სათხილამურო სეზონზე საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს.
პროექტის განხორციელება 2016 წლის იანვარში, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო და სიახლე პირველ ეტაპზე, საპილოტე პროექტის სახით, გუდაურში ამოქმედდა.
უწყების ცნობით, მიმდინარე სეზონზე შსს-ს საპატრულო პოლიციას უკვე ახალი დანაყოფი დაემატა - მოთხილამურე პატრული. დანაყოფის სპეციალურად გადამზადებული 74 თანამშრომელი გუდაურის, მესტიის (თეთნულდი, ჰაწვალი), ბაკურიანის და გოდერძის უღელტეხილის ზამთრის კურორტების სასრიალო ტრასებზე პატრულირებას სამთო-სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით განახორციელებს. ახალი აღჭურვილობა, სეზონის გახსნის წინ, მოთხილამურე პატრულის თანამშრომლებს შს მინისტრმა პირადად გადასცა.
„მოთხილამურე პატრულის საპოლოტე პროექტმა გაამართლა. გასულ სეზონზე სქი-პატრულმა წარმატებით იმუშავა. არაერთ დაზარალებულ ჩვენს მოქალაქეს და ქვეყნის სტუმარს აღმოუჩინა დახმარება და მრავალგზის აღკვეთა სასრიალო ტრასებზე წესრიგის დარღვევის ფაქტები. როგორც შარშან დაგპირდით, სპეციალურად გადამზადებული მოთხილამურე პატრული წელს უკვე საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე დაიცავს საზოგადოებრივ წესრიგს, დამსვენებელთა, მოთხილამურეთა უსაფრთხოებას. მჯერა, რომ ისინი წელსაც თავდაუზოგავად იმუშავებენ“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შს სამინისტროს განმარტებით, სასრიალო ტრასებზე მოთხილამურე პატრულის ფუნქცია-მოვალეობებია: სათხილამურო გზით მოსარგებლე პირთა წესების დაცვის კონტროლი; საფრთხის შემქმნელ პირთა სათხილამურო გზიდან ჩამოშორება; ალკოჰოლურ ან ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა ზემოქმედების დამახასიათებელი ქცევის კონტროლი; მოსწავლე–მოთხილამურეთა ვარჯიშის არეალის კონტროლი და უსაფრთხოების ზომების დაცვა; სათხილამურო ტრანსპორტზე აკრძალული ტრანსპორტით გადაადგილების აღკვეთა; სათხილამურო გზებზე არსებული მონიშვნების, ნიშნების და უსაფრთხოების ბარიერების კონტროლი. პოლიციელებს ფორმის ტანსაცმელსა და სათხილამურო ჩაფხუტზე აქვთ განმასხვავებელი წარწერა – „SKI PATROL“ და „POLICE“.
უწყების ცნობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, აკრძალულია: სასრიალო ზონაში სასრიალო ტრასაზე თოვლმავლითა და მოტოციგით გადაადგილება, გარდა უფლებამოსილი პირებისა; სასრიალო ზონაში სასრიალო ტრასაზე მოსარგებლის მიერ სრიალი ან თოვლმავლის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში; დახურულ სასრიალო ტრასებზე შესვლა; ასევე, დაუშვებელია სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ სხვა მოსარგებლესთან შეჯახების შემდეგ შემთხვევის ადგილის მიტოვება დაზარალებულისათვის სათანადო დახმარების აღმოჩენისა და უფლებამოსილი ორგანოსთვის ან პირისთვის შეტყობინების გარეშე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.