მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა აცხადებს, რომ 2016 წელს გეგმით გათვალისწინებული პროექტები 100%-ით განხორციელდა და ერთადერთი პროექტი, რომელიც დროულად ვერ შესრულდა ეს არის კანიონის მიმდებარედ ავტოსადგომის მოწყობა, რადგან სამუშაოები გვიან დაიწყო, რასაც თან უამინდობაც დაერთო და ყოველივე ეს პროექტის სათანადო ვადებში დასრულებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა.

(მარტვილის მუნიციპალიტეტში, მდინარე აბაშის კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამასი ავტოსადგომი შენდება. ავტოსადგომის ტერიტორია გათვლილია 150 მსუბუქ ავტომობილზე და 50 ავტობუსზე. პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყობა ღია პავილიონები, მოსაცდელი ბლოკი, სუვენირების ფარდულები, გარე განათებები, სველი წერტილები და სხვა. პროექტის ღირებულებაა 339 777 ლარი, 2016 წელი, 25 ნოემბერი).
„ჩვენ სამუშაოების შესრულების მაღალი პროცენტის გამო, თითქმის ყოველ წელს დამატებით პროექტებს ვიმსახურებთ.
მადლობელი ვართ ხელისუფლების. ძალიან გვეხმარება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელიც გეტყვით, რომ ყოველთვის გვერდით გვიდგას - ვიმსახურებთ, ალბათ, თორემ ის ადამიანები ჩვენი ნათესავები არ არიან. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ დროულად ავითვისოთ გამოყოფილი თანხები და დროულად განვახორციელოთ ესა თუ ის პროექტი. ჩვენ გამზადებული პროექტები გვიდევს. როგორც კი რაღაც თანხა გამოჩნდება ხოლმე, ვიწყებთ ამა თუ იმ პროექტის განხორციელებას“, - განუცხადა ალექსანდრე გრიგალავამ Guardian.ge-ს და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გზების მშენებლობა იყო, რაც 2017 წელსაც გაგრძელდება და როგორც გრიგალავა ფიქრობს, სავარაუდოდ, 2018 წლის ბოლოსთვის მარტვილის მუნიციპალიტეტში ეს საკითხი ძირეულად იქნება გადაწყვეტილი.

(მარტვილის მუნიციპალიტეტი, ონოღია-ნაჯახაოს დამაკავშირებელი ასფალტ-ბეტონის გზა - მასალაში ძირითადად მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურის ფოტოებია გამოყენებული).
„მუნიციპალიტეტის განვთარებისთვის მე ყველაზე მნიშვნელოვნად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მივიჩნევ. სოფლის ბოლოს რაღაც გააკეთო და იქამდე ნორმალური გზა არ მიდიოდეს, დარწმუნებული ვარ, რომ 80% იქ არ მივა უგზოობის გამო. ამიტომ ვცდილობთ, პირველ რიგში, ყველა სოფლის ცენტრი მუნიციპალიტეტის ცენტრალურ გზასთან მოწესრიგებული გზით იყოს დაკავშირებული. დაგვრჩა 2-3 სოფელი და მე ვფიქრობ, რომ 2018 წელს ასეთი სოფელი აღარ იქნება მუნიციპალიტეტში. გზების მშენებლობის შემდეგ, ვფიქრობ რომ პრიორიტეტული საბავშვო ბაღების უფრო მაღალი ტემპით მშენებლობა იქნება. რაც შეეხება მომავალ წელს, მე ყოფილი სპორტსმენი ვარ და 2017 წელს გათვალისწინებული მაქვს დიდი სპორტული კომპლექსის მშენებლობა“, - აღნიშნა ალექსანდრე გრიგალავამ, რომელიც მარტვილის მუნიციპალიტეტის სათავეში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობის მიერ გამოცხადებული ნდობის შედეგად მოვიდა.

(ალექსანდრე გრიგალავა 2014 წლის 2 ივნისს საარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩეველს ხვდება)
მას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ამბობს, რომ ეს მხოლოდ მასზე არ იქნება დამოკიდებული და „ქართულ ოცნებაში“ გამგებლის მომავალი კანდიდატურის შერჩევისას გაითვალისწინებენ იმას, თუ ვინ რამდენად ჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები.
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი წელია ფაქტობრივად დარჩენილი, მანამდე „ბევრი წყალი ჩაივლის“. გადაწყვეტილების მიღება გამგებლის არჩევნებში მონაწილეობის კვლავ მისაღებად, მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. პირველ რიგში შეფასდება ჩვენ მიერ გაწეული სამსახური და ა.შ. ასე რომ, ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს და არც ვფიქრობთ, რადგან მიმდინარე ცხოვრებითა და ასე ვთქვათ, მუნიციპალიტეტის დღევანდელი დღის ცხოვრებით ვცხოვრობთ. ცოტა ხანში, დადგება ალბათ ეგ საკითხი“, - განუცხადა ალექსანდრე გრიგალავამ Guardian.ge-ს და დეტალურად გააცნო ის პროექტები, რომელიც 2016 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში განხორციელდა, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით და ასევე ისაუბრა იმ პროექტების შესახებაც, რაც 2017 წლისთვისაა დაგეგმილი.
ალექსანდრე გრიგალავას ინფორმაციით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2016 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტს საქართველოს მთავრობამ გამოუყო 2 724768 ლარი, რომლითაც მუნიციპალიტეტში 7 პროექტი განხორციელდა. ეს პროექტებია:
„სოფლების, დიდი ჭყონი-ლედგებე-გურძემი-კიწია-ნოღას დამაკავშირებელი გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის მეორე ეტაპი, რაზეც 617 500 ლარი დაიხარჯა;
მარტვილში, საელიაოს უბანში, დადიანის ქუჩაზე მდებარე დედათა მონასტერთან მისასვლელი საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაცია, რაზეც 448 975 ლარი იყო გამოყოფილი;
სოფელ სალხინოსა და წაჩხურას უბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - 485 000 ლარი;
სოფლების, ნაგვაზაო-ხუნწის დამაკავშირებელი გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა - 397 555 ლარი;
სოფლების, ნაგვაზაოსა და ხუნწის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობა მდინარე ნოღელაზე - 210 000 ლარი;

(მარტვილის მუნიციპალიტეტის, სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სალხინო-დადიანების სასახლესთან მისასვლელი საავტომობილო გზის მე-4 კმ-ში მდ. წაჩხურაზე ახალი სახიდე გადასასვლელი აშენდა. 24 ნოემბერი, 2016 წელი).
მარტვილში წოწორიას ქუჩისა და ქვაითის უბნის დამაკავშირებელი გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა - 225 961 ლარი;
მარტვილის მუნიციპალიტეტში მდინარე აბაშის კანიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის, ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოები - 339 777 ლარი;
2016 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა შემდეგი პროექტები:
სოფლების, სალხინო-ლეცავე-ბალდის გზის რეაბილიტაცია, ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა - 1 704 877 ლარი;
სოფლების, ონოღია-ნაჯახაოს გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა - 1 770 618 ლარი;
საფეხბურთო სკოლის რეაბილიტაცია - პროექტის ღირებულებაა 728 934 ლარი. სამუშაოები დაწყებულია და 2017 წელს დასრულდება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელ პროექტებზე გამოიყო 985 257 ლარი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სულ 230 პროექტი დაიგეგმა, საიდანაც 223 განხორციელდა.

(მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფლების ნაგვაზაოსა და ხუნწის დამაკავშირებელი ახალი რკინა-ბეტონის ხიდი აშენდა, რომლის სიგრძე 24 მეტრია, სიგანე 5,4 მეტრი, ასევე ხიდის ირგვლივ მოეწყო გაბიონები, 2016 წლის 22 ნოემბერი).
არ შესრულდა შემდეგი 5 პროექტი:
მარტვილი, ნახარებაოს უბანი, ძაძამიას ქუჩაზე გზის მოხრეშვა - პროექტი ამოღებულ იქნა მოსახლეობის მოთხოვნით, პრიორიტეტად იქნა მიჩნეული გარე განათების მოწყობა;
სოფელ ნაგვაზაოში, ზედა ნაგვაზაოს ფაციების უბანში გზის მოხრეშვა - პროექტი ამოღებულ იქნა მოსახლეობის მოთხოვნით და აღნიშნული პროექტისთვის გამოყოფილი თანხა დაემატა იმავე უბანში ბოგირის მოწყობას;
სოფელ ნაგვაზაოში, ქვედა ნაგვაზაოს სანიაღვრე არხისა და ცხაურის მოწყობა - ამოღებულ იქნა, რადგან აღნიშნული სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა საგზაო დეპარტამენტს.
სოფელ სალხინოში, ლეკეკუტიეს უბანში საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია - აღმოჩნდა, რომ ხიდი საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას, ამისთვის კი გამოყოფილი თანხა არასაკამრისი აღმოჩნდა;
სოფელ სალხინოში, ლეთოდუეს უბანში გზის მოხრეშვა და სანიაღვრე არხის მოწესრიგება - აღნიშნულ მონაკვეთზე დაიგეგმა გზის მოწყობა ასფალტის საფარით;
რაც შეეხება დარჩენილ ორ პროექტს, ეს პროექტები არსებულ მდგომარეობასთან შესაბამობის გამო, მოსახლეობასთან შეთანხმებით, ვერ განხორციელდა:
სოფელ ლეხაინდრაოში სახნავ-სათესი სავარგულების მიმდებარედ, არხის გაჭრის სამუშაოები;
სოფელ აბედათში, ლექაჯაიე, ლეგაგუეს უბნის სასაფლაოსთან მისასვლელი ხიდის მოწყობის სამუშაოები;
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოიხრეშა სოფლების შიდასამიმოსვლო გზები; ამოითხარა და გაიწმინდა წყალსაწრეტი და სანიაღვრე არხები; სოფელ კიწიაში აშენდა ამბულატორია, რაზეც 12 797 ლარი დაიხარჯა; მოეწყო ხიდ-ბოგირები და მილ-ხიდები; შემოიღობა სოფლების სასაფლაოები; მოეწყო სოფლების სტადიონები; შემოკავდა საძოვრები; სოფლებში, სერგიეთში, ონოღიასა და თამაკონში საბავშვო ბაღების მშენებლობების სამუშაოები გაგრძელდა, რაზეც ჯამში, 51 394 ლარი დაიხარჯა.

(მარტვილის მუნიციპალიტეტისათვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად გამოყოფილი 985, 257 ლარიდან, ვედიდკარის ადმინისტრაციულ ერთეულს 56 200 ლარი ერგო. მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტულად მიჩნეული ყველა პროექტი 100%-ით შესრულდა - ალექსანდრე გრიგალავა სოფლის მცხოვრებლებთან შეხვედრაზე, 2016 წლის ნოემბერი).
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 2015-2016 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში შესასრულებელი სამუშაოებიდან 160 000 ლარის ეკონომიის ხარჯზე, დაიგეგმა 4 პროექტის განხორციელება, რომელთა სამუშაოები 2016 ბოლოდან იწყება და 2017 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სულ 28 პროექტი განხორციელდა, რაზეც 773 923 ლარი დაიხარჯა.
რეგიონული განვითარების ფონდის მიერ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 389 867 ლარი გამოიყო. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები განხორციელდა სოფლებში, თამაკონში, ნახუნაოში, აბედათში, სალხინოში, ტალერში, კურზუში, სერგიეთსა და ხუნწში, ასევე ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულსა და ქალაქ მარტვილში“, - აღნიშნა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
ალექსანდრე გრიგალავას განცხადებით, 2017 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 40-მდე პროექტის განხორციელება იგეგმება, მათ შორისაა:
„სოფელ ბალდაში ონიორეს ჩანჩქერამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია - 40 000 ლარი;
მარტვილის მუნიციპალიტეტის გზებზე ვიდეოკამერების დამონტაჟება - 56 000 ლარი;
მარტვილში, გეგიას ქუჩაზე, მდინარე ინჩხიაზე გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია - 2 800 ლარი;
სოფელ ლეხაინდრაოში სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე მდებარე ღელეზე ხიდ-ბოგირის მოწყობა და გზის რეაბილიტაცია - 9 000 ლარი;

(მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა და გამგებლის მოადგილე დავით სილაგავა ტალერის საბავშვო ბაღს ესტუმრნენ - აღსაზრდელებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს, 2016 წლის სექტემბერი).
მარტვილში #2 ბაღის რეაბილიტაცია - 9 500 ლარი;
მარტვილში, ჭავჭავაძის ქუჩის #2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია - 2 100 ლარი;
საკრებულოს შენობის ფოიეს რეაბილიტაცია და ორი ოთახის მოწყობა - 30 00 ლარი;
სოფელ ლეხაინდრაოში სახნავ-სათესი სავარგულების მიმდებარედ, არხის გაჭრის სამუშაოები 700 მ-ზე - 1 500 ლარი;
გამგეობის შენობაში ოთახების ნაწილობრივი რეაბილიტაცია - 10 200 ლარი;
გამგეობის შენობის წინ მდებარე აუზის რეაბილიტაცია - 20 000 ლარი;
მარტვილის ცენტრში გარე განათებების მოწყობა - 10 000 ლარი;
მარტვილის ცენტრში საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია - 20 000 ლარი;
სოფელ ონოღიის საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა - 10 000 ლარი;
2017 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით დაგეგმილია ორი პროექტი:
მარტვილის მუნიციპალიტეტის სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები. შედგენილია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ღირებულებით 3 500 000 ლარი. საპროექტო ღირებულება - 21 000 ლარი, მიმდიანრეობს პროექტის განხილვა;
სოფლების, ბანძა-ვედიდკარი-მუხურჩის დამაკავშირებელი გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა. პროექტის ღიღებულება - 1 400 000 ლარი;

(მარტვილის მუნიციპალიტეტი, თამაკონის ადმინისტრაციული ერთეული, 2016 წელი, ნოემბერი).
2017 წელს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით დაგეგმილია შემდეგი პროექტების განხორციელება:
სოფლების, ნაგვაზაო-ხუნწის დამაკავშირებელი გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა;
სოფელ გურძემის საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა;
სოფლების, კურზუსა და დღვანის უბნის დამაკავშირებელი გზის ბეტონის საფარით მოწყობა; სოფელ სალხინოსა და წაჩხურას უბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია“, - აღნიშნა ალექსანდრე გრიგალავამ და დაამატა, რომ ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროექტების, რისი განხორციელებაც არის დაგეგმილი 2017 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.