„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ვიცე პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Guardian.ge სრულად გთავაზობთ:
„2017 წლის 15 იანვარს რუსეთის დავალებით და საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივი ხელშეწყობით, უკრაინის ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს ჯარისკაცი, აფხაზეთის და სამაჩაბლოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, ვიცე პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე.
რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს ვიცე პოლკოვნიკის რუსეთისთვის გადაცემას, რაც გიორგი ცერცვაძისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის ტოლფასია.
ცერცვაძე დაკავებულია გამოგონილი ბრალდების საფუძველზე, თითქოსდა 13 წლის წინ რუსეთში ჩადენილი დანაშაულის გამო.
რუსეთის აღნიშნული ქმედება არის იმ პრაქტიკის გაგრძელება, რომელსაც პუტინი მიმართავს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ქართველი სამხედროების წინააღმდეგ და რაც მიზნად ისახავს მათ ხელში ჩაგდებას შურისძიების და სამაგალითოდ დასჯის მიზნით.
ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებმა დაადასტურა საზოგადოების ეჭვი იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობამ არამხოლოდ შეგნებულად არ გააფრთხილა ქართველი ჯარისკაცი დაკავებისა და რუსეთისთვის გადაცემის საფრთხის შესახებ, არამედ აქტიურად ითანამშრომლა მტერთან და გადასცა რუსეთს საიდუმლო ინფორმაცია ქართველი ჯარისკაცის შესახებ, რითიც ჩაიდინა სახელმწიფოებრივი ღალატის აქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იწყებს საპროტესტო კამპანიას ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლის გადასარჩენად.
ხვალ, 24 იანვარს, 18.00 საათზე, ორთაჭალაში, შსს შენობასთან გაიმართება პირველი საპროტესტო აქცია.
პასუხი მოვთხოვოთ მოღალატე ხელისუფლებას! გადავარჩინოთ გია ცერცვაძის სიცოცხლე", - აღნიშნულია განცხადებაში.
გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა.
„საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის პირდაპირი საპოლიციო თანამშრომლობა არ ხორციელდება. შესაბამისად, არ ხდება არანაირი ინფორმაციის მიმოცვლა.
საქართველოს კონსტიტუციის მე–13 მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია.
„სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის 21–ე მუხლის თანახმად, ძებნის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მიმართოს შუამდგომლობით იმ ქვეყნის კომპეტენურ ორგანოს, რომლის მოქალაქეც არის ძებნილი პიროვნება და მოითხოვოს საქმის განხილვა.
შესაბამისად, ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქის საქართველოს ტერიტორიაზე დასაკავებლად, იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა დანაშაულის ჩადენა, უნდა გადმოეგზავნა სისხლის სამართლის საქმის მასალები საქართველოს შესაბამის ორგანოებში შემდგომი რეაგირებისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული კომუნიკაცია არ შემდგარა, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოსა და რუსეთს შორის საპოლიციო თანამშრომლობა არ ხორციელდება. ამდენად, ქართულ მხარეს არც საკმარისი ინფორმაცია, არც საფუძველი და არც არავითარი მოტივი არ ჰქონდა ზემოთ აღნიშნული პირის დაკავებისთვის ან მისთვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვისთვის.
აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, მესაზღვრის ან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის, ვინც კონკრეტულ შემთხვევაში საკონტროლო გამშვებ პუნქტზე თავის მოვალეობას ასრულებს, ვალდებულებაა, შეამოწმოს საზღვრის გადაკვეთისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტები, მათი ვადები, კანონიერება და რამდენად უფლებამოსილია პირი, გადაკვეთოს საზღვარი წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. შესაბამისად, თუ დოკუმენტაციაში რაიმე სახის დარღვევა არ იკვეთება, ამავე დროს, პირი არ არის ძებნილი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მესაზღვრე ან საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი ვალდებულია, შეუფერხებლად გაატაროს იგი.
ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ შესაბამისი პროცედურების გავლით, (რაც გულისხმობს მის შესაბამისობას ინტერპოლის კონსტიტუციასთან, კერძოდ, თუ დანაშაული არ განეკუთვნება სამხედრო, პოლიტიკურ, რელიგიურ, რასობრივს და არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს), 2016 წლის 23 დეკემბერს, დაკავებისა და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით, საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდა 1969 წელს 2 აპრილს დაბადებული გია ცერცვაძე. აღნიშნული პიროვნება რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება 2003 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის (მკვლელობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად, იარაღის უკანონო ტარება).
ინტერპოლის მონაცემთა დამუშავების წესების მე–5 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ინტერპოლის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, ერთმანეთთან საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მიზნებისათვის გაცვალონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფორმაციის გაცვლა ინტერპოლის 190 წევრ ქვეყანაში ძებნილ პიროვნებაზე წარმოადგენს ვალდებულებას.
ინფორმაციის გაცვლა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსა და წევრი ქვეყნების ეროვნულ ცენტრალურ ბიუროებს შორის ხორციელდება ინტერპოლის სპეციალური, დაცული ქსელის მეშვეობით", - განმარტავენ შსს-ში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.