„სასაზღვრო პოლიცია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, მისი ინსტიტუციური განვითარება და თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს", - აღნიშნული განცხადება შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა დღეს კინოლოგიის ცენტრის გახსნაზე გააკეთა.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ლილოს ბაზაზე კინოლოგიის ცენტრი მინისტრმა აშშ-ის ელჩთან, იან კელისთან ერთად გახსნა.
„ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სასაზღვრო პოლიციას საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაში. კინოლოგიის ცენტრის გახსნაც სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას ემსახურება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და საზღვრის დაცვის სფეროში ერთობლივად კიდევ არაერთ მნიშვნელოვან და წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ,“ - განაცხადა ღონისძიებაზე გიორგი მღებრიშვილმა.
შს სამინისტროს ცნობით, პროექტი საქართველოში აშშ-ს საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით განხორციელდა.
უწყების განმარტებით, კინოლოგიის ცენტრის გახსნა ხელს შეუწყობს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებას და სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. აღნიშნული პროექტის მიზანია კვალიფიციური მესაზღვრე–კინოლოგების მომზადება, რომლებიც, შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ, სახელმწიფო საზღვრის დაცვას მოემსახურებიან.
კინოლოგიური ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს ევროპული სტანდარტის ვოლიერები, ოდოროლოგიური წვრთნის ოთახი და ვეტპუნქტი.
კინოლოგიური ცენტრის გახსნის შემდეგ, სტუმრებმა ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერეს, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტომ (DTRA) შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას გადასცა.
შსს-ს ცნობით, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) დახმარებით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის, ახალი სასაზღვრო სექტორების მშენებლობა და სახელმწიფო საზღვრის ელექტრონული დაკვირვების სისტემებით აღჭურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.