საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის და ზედამხედველობის ახალი მექანიზმის შექმნის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ეს იქნება სისტემა, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს და უსაფრთხოებას".
როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია გამოიყოფა ცალკე და გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია.
„არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესზე ძლიერდება კონტროლის და ანგარიშვალდებულების მექანიზმები, რაც ჩვენ როგორც პარლამენტს, ასევე ხელისუფლების სხვა შტოებს, მეტ შესაძლებლობას მისცემს, რომ განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე. მათ შორის, რჩება ისეთი მნიშვნელოვანი მექანიზმები როგორიც არის საქართველოს პარლამენტის ზედამხედველობა, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი და სხვა მექანიზმები, რაც ამ პროექტში არის ასახული. მნიშვნელოვანია ასევე რომ პარლამენტის ნდობის ჯგუფს ეზრდება მანდატი და მას ექნება უფრო ეფექტური შესაძლებლობები, რომ განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერმა ახალი სსიპ-ის დამოუკიდებლობის გარანტიებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრაქტიკულად ეს იქნება დამოუკიდებელი უწყება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება როგორც პარლამენტთან, ასევე პრემიერ მინისტრთან, ვინაიდან მისი ხელმძღვანელის დანიშვნის პროცედურას საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაცია ექნება.
„როგორც ყველა სსიპ-ს, ამასაც რა თქმა უნდა სახელმწიფო შექმნის, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ სახელმწიფოს მიმართ გვაქვს ლეგიტიმური ნდობა და კანონიერების მოლოდინები. ეს პაკეტი შემუშავდა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თვლიან რომ სახელმწიფო იმსახურებს ნდობას, ამავე დროს, საჭიროა ზედამხედველობის და კონტროლის მექანიზმები“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ფარული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე კანონპროექტების შემმუშავებელი ჯგუფის შეხვედრაზე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა.
„ძალიან ბევრი, ხანგრძლივი და ინტენსიური კონსულტაციებისა და მუშაობის შემდეგ, ამ დროისთვის, მოდელი, რომელსაც ვემხრობით, არის ახალი სააგენტო სსიპ-ის ფორმით. სააგენტო იქნება უსაფრთხოების სამსახურთან არსებული, თუმცა მაქსიმალური დამოუკიდებლობის გარანტიებით. ვთავაზობთ სააგენტოს უფროსის არჩევის ახალ წესს. შეიქმნება კომისია, რომელიც იქნება ფართო წარმომადგენლობითი პარლამენტის, სახალხო დამცველის, მთავრობისა და სასამართლოს მონაწილეობით. სააგენტოს უფროსს დანიშნავს და გაათავისუფლებს პრემიერმინისტრი“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, შემოდის რამდენიმე დონის კონტროლი, კერძოდ: საპარლამენტო, სასამართლო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, პროკურატურა და აუდიტის სამსახური საბიუჯეტო კუთხით, რადგან სააგენტო იქნება დამოუკიდებელი საბიუჯეტო თვალსაზრისით.
„ამ საინტერესო მოდელით, და ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო უკეთეს მოდელს ვთავაზობთ ახლა ჩვენ ყველას, იქნება ბალანსი ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოების უფლების დაცვას შორის. ამ ორი, ძალიან ღირებული უფლების დაცვას ემსახურება ეს ახალი მოდელი“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, გათვალისწინებულია დამატებითი კონტროლის მექანიზმის შემოღება. „ჩვენ კიდევ ერთი „გასაღები“ შემოგვაქვს დამატებით და ის ექნება უზენაესი სასამართლოს კონკრეტულ მოსამართლეს, რომელიც კონტრდაზვერვითი საქმიანობისთვის განახორციელებს სპეციალურ კონტროლს, როგორ მიმდინარეობს ამ მიზნისთვის საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.