პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, ნაცვლად ორი „გასაღებისა", სამი „გასაღები" იქნება.
მისი თქმით, ერთ-ერთი „გასაღები" ექნება ახალ სააგენტოს, რომელიც ყალიბდება სსიპ-ის სახით და იქნება უსაფრთხოების სამსახურთან.
„საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ არ უნდა ჰქოდეს ე.წ. გასაღები იმ ორგანოს, ვინც საგამოძიებო ფუნქციის მატარებელია. ეს გასაღები არ ექნება ორგანოს, რომელიც გამოძიებას ატარებს. გასაღები ექნება ახალ სააგენტოს. ის ყალიბდება სსიპ-ის სახით და იქნება უსაფრთხოების სამსახურთან, მაგრამ ამ ორგანოს არ ექნება არავითარი სხვა ფუნქცია, მათ შორის, არც საგამოძიებო. მხოლოდ და მხოლოდ ის განახორციელებს მოსამართლის დავალებით გაცემულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. ის იქნება სუს-თან არსებული სსიპ-ი, მაგრამ არასაგამოძიებო ფუნქციის. მას მხოლოდ ტექნიკური სერვისის განხორციელება ევალება. ეს სააგენტო მოემსახურება ყველა უწყებას, ვისაც კი სასამართლოს ბრძანებით ექნება დავალება გაცემული, რომ განახორციელოს სხვადასხვა ტიპის ფარული მოქმედებები. ამავე დროს, ამ სააგენტოს ექნება ცალკე ბიუჯეტი.
სააგენტოს უფროსს აირჩევს სპეციალური კომისია და დანიშნავს პრემიერ მინისტრი, რაც დამოუკიდებლობის ხარისხს ზრდის. ასევე შემოგვაქვს ხუთი დონის კონტროლი. ეს არის სასამართლო კონტროლი, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის კონტროლი, საპარლამენტო კონტროლი და მას დაემატება აუდიტის კონტორილი. ამ რეფორმით კიდევ ერთი სიახლე შემოდის. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში, კონტროლის თვალსაზრისით უზენაესი სასამართლოს ერთ მოსამართლეს ექნება ერთი ე.წ. გასაღები - ის გასაღები, რომლითაც გაკონტროლდება რამდენად კანონიერად მიმდინარეობს კონტრდაზვერვითი საქმიანობა. ნაცვლად ორი გასაღებისა გვექნება სამი გასაღები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის შესწავლა და შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები დაიწყო.
აღნიშნულ საკითხზე ამ წუთებში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი ავლაბრის სასახლეში კამპანია "ეს შენ გეხებას" წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.
„საერთაშორისო გამჭვირვალება - საქართველოს" საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია აცხადებს, რომ ეს არის საბჭოთა პრაქტიკა, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს პირდაპირი, მუდმივი და უკონტროლო წვდომა პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციაზე.
„სწორედ ამ პრაქტიკაზე თქვა უარი ცივილიზებულმა სამყარომ და დაადგინა გარანტიები, კონტროლი, რომლის თანახმადაც, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს სუს-ს წვდომა ინფორმაციაზე, თუ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება და კონტროლის ეფექტური მექანიზმები. სამწუხაროდ, დღევანდელი კანონპროექტით არაფერი იცვლება. იცვლება მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ დეპარტამენტი გადაკეთდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და კვლავ იქნება სუს-ის შემადგენლობაში. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს საუბარს, ჩვენს პირად კომუნიკაციას მოუსმენს სუბიექტი, რომელზეც პირდაპირ კონტროლს ახორციელებს სუს-ი. კანონპროექტთა პაკეტით ირღვევა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელშიც ძალიან ნათლად და ცალსახად არის ნათქვამი, რომ არ უნდა ჰქონდეს ტექნიკური აღჭურვილობა იმ სტრუქტურას, რომელიც აწარმოებს გამოძიებას, ან რომელიც პროფესიულად არის დაინტერესებული, ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. შესაბამისად, დარღვეულია მთავარი პრინციპი, რაც იძლევა ადამიანის პირადი ცხოვრების დარღვევის დიდ რისკს და ჩვენ ამიტომაც გამოვეთიშეთ აღნიშნულ პროცეს და ამიტომაც, ვფიქრობთ, რომ თუ ეს კანონპროექტი იქცევა კანონად, ამით დაირღვევა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება", - განაცხადა ლიკა საჯაიამ.
დღეს, ამავე საკითხზე, პრეზიდენტის სასახლეში ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების წარმომადგენლებთანაც გაიმართება შეხვედრა.
ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა პარლამენტში ხვალიდან იწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.