საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ვაშინგტონში, 6-8 თებერვალს გამართული სამუშაო ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო და კონგრესის არჩევნების შემდგომ მოკლე პერიოდში, საქართველოს დელეგაციების მიერ გამართული შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და ადასტურებს შეერთებული შტატების დაინტერესებას საქართველოს მიმართ.
„როგორც იცით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო და ასევე, კონგრესის არჩევნების შემდგომ, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები გამართოს ახალ ადმინისტრაციასთან და ამ პირობებში საქართველოს მიეცა შესაძლებლობა ყოფილიყო ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც გაიმართებოდა ამ რანგის შეხვედრები, რაც თავისთავად აღნიშნავს იმას, რომ ამერიკის დაინტერესება ჩვენი ქვეყნის მიმართ და ახალი ადმინისტრაციის დაინტერესება ჩვენი ქვეყნის მიმართ არის ძალიან მაღალი. ამ ფაქტს თავისთავად აქვს დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციამ სამი დღის განმავლობაში ოცდაათამდე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა კონგრესმენებთან, სენატორებთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ბრიჯიტ ბრინკსთან, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) ხელმძღვანელებთან.
„რამდენიმე დღის წინ დასრულდა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრმა. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა გაგვემართა ოცდაათზე მეტი შეხვედრა, აქედან უმრავლესობა კონგრესმენებთან და სენატორებთან, მათ შორის, ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენელებთან.
თავისთავად ის ფაქტი, რომ სამი დღის განმავლობაში მოგვეცა შესაძლებლობა, რომ დაახლოებით ოცდაათ წარმომადგენელს შევხვედროდით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ რამდენიმე დღის დანიშნულმა სახელმწიფო მდივანმა, ტილერსონმა შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და ამ სტრატეგიულ პარტნიორობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა როგორც ქვეყნის უსაფრთხოების, ასევე დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება.
„ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე ამერიკის შეერთებულ შტატები წარმოადგენს ჩვენს მთავარ მეგობარს, მთავარ პარტნიორს და დარწმუნებულ ვარ, რომ მომავალი წლების განმავლობაში ამ ადმინისტრაციასთან გვექნება შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მჭიდრო, კიდევ უფრო ახლო ურთიერთობები დავამყაროთ და საქართველოს მომავალ განვითარებაში შეერთებულ შტატებს ექნება კიდე უფრო დიდი როლი და დიდი წვლილი ვიდრე აქამდე ყოფილა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის შეფასებები და გზავნილები, რომელიც შეხვედრების ფარგლებში გახმოვანდა არის იმის დასტური, რომ „ჩვენს ქვეყანას ორპარტიული მხარდაჭერა გააჩნია აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან“.
ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, რა გავლენა შეიძლება იქონიას აშშ-ში რუსეთთან დაკავშირებით გაკეთებულმა განაცხადებებმა, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ რა განცხადებაც არ უნდა გაკეთდეს აშშ-ში რუსეთთან მიმართებით, არავითარ შემთხვევაში ეს არ მოახდებს ნეგატიურ გავლენას საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე და თუ რაიმე შეიცვლება, ეს იქნება კიდევ უფრო დაახლოების, დამეგობრების და საქართველოს მხარდაჭერის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.
„საქართველოს ტეროტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა არის ცალსახა, არის ორპარტიული და არ ექვემდებარება გადახედვას არავითარ შემთხვევაში. ეს არის ძალიან ნათელი გზავნილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.