დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტსა და საპატრიარქოში არსებულ საკითხებზე საუბრობს ჭყონდიდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა. იგი მიიჩნევს, რომ დეკანოზის დაკავებამ „საზოგადოებაში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი“ გააჩინა.
მიტროპოლიტი პეტრე აღნიშნავს, რომ მამა გიორგის მისვლამდე საპატრიარქოს ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახურს შორენა თეთრუაშვილი განაგებდა და „ყველაზე დიდი დისკომფორტი ამ ქალბატონს შეექმნა და მის ბინძურ საქმეებს, რომლებიც წარმოჩნდა მამა გიორგის ამ სამსახურში ჩართულობის შემდეგ“. ამ ფონზე კი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მიმართავს ხელისუფლებას რომ „გააძლიერონ და ასევე პირად კონტროლზე აიყვანონ დაპატიმრებული დეკანოზის მდგომარეობა და მისი უსაფრთხოება იქნეს დაცული მანამ, სანამ მამა გიორგი დაარღვევს დუმილს და დაიწყებს, იმედია, სიმართლის მტკიცედ საუბარს“.
ამ და სხვა საკითხებს მიტროპოლიტი პეტრე ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში შეეხო, რომლის საუბრის შინაარსსაც Guardian.ge გთავაზობთ.
„ძალიან უხერხულია რა ფაქტიც გაჟღერდა. მინდა გამოვხატო ჩემი პირადი მოსაზრება და თხოვნა, რომ ძალიან გულისყურით მოეკიდოს საგამოძიებო ორგანოები ამ ფაქტს. მაღალპროფესიონალი ადამინები არიან ჩართული, რამეთუ გაჟღერებულმა ინფორმაციამ გამოიწვია მთელ მოსახლეობაში, საზოგადოებაში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ხსენებული დეკანოზი გიორგი მამალაძე უკვე ორი წელია ხელმძღვანელობს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურს და არსებულ კლინიკას, რომელთა მიმართებაშიც ბევრი კითხვის ნიშნები იყო - კორუფციული გარიგებისა და თუ სხვადასხვა ფაქტებისა, ასევე ქონების მართვის სამსახურში სწორედ მამა გიორგის მიერ აღმოჩენილი უამრავი საკითხები, მამხილებელი ასე ვთქვათ, არსებული არასახარბიელო კორუფციული მდგომარეობისა, რომელიც ჩემს მიერ არც თუ ისე დიდი ხნის წინ დახარისხებულ პრობლემას უკავშირდება და პიროვნებას ე.წ. რუხი კარდინალის და ჩრდილოვანი მმართველობის", განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ.
კითხვაზე, არის თუ არა დღევანდელი მდგომარეობა გაგრძელება იმისა, რაზედაც თავად მეუფე ცოტა ხნის წინათ საუბრობდა, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პასუხობს:
„რა თქმა უნდა, არ არსებობს ორი აზრი, რომ ეს არის გაგრძელება და ეს არის ის პრობლემა, რომელიც ასეთი ქაოსური მმართველობის სახით და ჩრდილოვანი მმართველობის სახით არსებობს სამწუხაროდ საქართველოს საპატრიარქოში და ნებისმიერი საკითხის წამოწევა ხდება რაღაც პირველხარისხოვანი პრობლემის გადაფარვისათვის. ეს არის ჩემი პირადი აზრი“, განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.
კითხვაზე, თქვენი განცხადებით, ეს ქალბატონი [შორენა თეთრუაშვილი] მართავდა საპატრიარქოს, ეს ქალბატონი მართავს პროკურატურსაც?
„ეს ქალბატონი ასევე მართავდა ეკონომიკურ სამსახურს და ქონების მართვის სამსახურს მანამ, სანამ დაინიშნებოდა მამა გიორგი. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი დისკომფორტი ამ ქალბატონს შეექმნა და მის ბინძურ საქმეებს, რომლებიც წარმოჩნდა მამა გიორგის ამ სამსახურში ჩართულობის შემდეგ. აქედან გამომდინარე, მე მექნება თხოვნა სასჯელაღსრულების უწყების მიმართ და იმედია უკვე ეს ნაფიქრი ექნება და ჩვენს ხელისუფლებას ასევე, რომ გააძლიერონ და ასევე პირად კონტროლზე აიყვანონ დაპატიმრებული დეკანოზის მდგომარეობა და მისი უსაფრთხოება იქნეს დაცული მანამ, სანამ მამა გიორგი დაარღვევს დუმილს და დაიწყებს, იმედია, სიმართლის მტკიცედ საუბარს.... მე მინდა ასევე მისი მისამართით ვთქვა ბიბლიური ასეთი ჭეშმარიტება სოლომონ ბრძენისა - ჯობია სიმართლისათვის დავისაჯოთ, ვიდრე ტყუილით გავმართლდეთ. ამიტომ მან აუცილებლად უნდა დაარღვიოს დუმილი და აუცილებლად გაგრძელდეს გამოძიება....
მე მინდა გითხრათ, რომ რაც ჩემი თავი მახსოვს, საქართველოს საპატრიარქოს, კერძოდ, ამ არაჯანსაღ მმართველობასთან სიახლოვეში, გაიხსენებენ ჩვენი თანამემამულეები, რომ წლების მანძილზე, ხშირად ვრცელდება მსგავსი დეზინფორმაცია, შანტაჟი, პირადად პატრიარქის დაშანტაჟება, რომ არაერთგზის უცდიათ და ჰქონდათ მცდელობა მისი მოწამვლისა - ანუ ეს თემა ქალბატონმა, არსებულმა ქალბატონმა, რომელიც ინტრიგებით მართავს დღემდე საპატრიარქოს და პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობაა ასე ვთქვათ, ძალიან კარგი იქნება, თუ პროკურატურა ძირფესვიანად დაინტერესდება, თუ როგორ აღმოჩნდა საპატრიარქოში 1981 წელს, რა მკვლელობის ბრალდებით აღმოჩნდა საპატრიარქოში და როგორ მოიპოვა განუსაზღვრელი ძალაუფლება მაშინ, როდესაც დღემდე საქართველოს პირველი პრეზიდენტის გაუგებარ მდგომარეობაში მკვლელობა არ არის გამოძიებული, რომელშიც, ასევე დამხობაში ასე ვთქვათ, ლომის წვლილი იმ ძალებს მიუძღვის, რომელთა წარმომადგენელიც არის რუხი კარდინალი საპატრიარქოსი....
ერთი ვიცი, რომ დიდი ხანია კიდევ ერთხელ ვიმეორებ - შანტაჟი, აი ამ თემით სპეკულირება პატრიარქის მიმართებაში წლებია გრძელდება. აი, ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. თუ რატომ, ვის სჭირდება ეს, ვის სჭირდებოდა, რომ თუნდაც საზოგადოების ყური და პატრიარქისა და ეკლესიისა შეჩვეულიყო ამ თემას.... ხელისუფლებას მართებს უფრო პროფესიონალურად გამოიძიოს, სიღრმისეულად ჩაჰყვეს ამ პრობლემას, რამეთუ ეს პრობლემა არც იწყება ამ ფაქტით და ვერც დამთავრდება ამ ფაქტით. აქედან გამომდინარე, სანამ არ იქნება აღმაშენებლისეული, თამარისეული მიდგომა საქართველოში, რომ ყველანი ვამხილოთ მიუხედავად წოდებისა, რანგისა, მდგომარეობისა და მხილება დავიწყოთ პირველით, როგორც თამარ მეფემ ქართულ საზოგადოებას იმ პერიოდისას, რომელმაც მოიტანა ოქროს ხანა, ანუ საეკლესიო რეფორმა მაქვს მხედველობაში“, განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.
კითხვაზე, პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში შიდა ინტრიგებს ხედავს თუ სავარადუოა გარკვეული გარე ძალების ჩართულობაც, მიტროპოლიტი პასუხობს:
„არ არის გამორიცხული. რა თქმა უნდა, შიდა ინტრიგები - ეს აშკარაა. ეს არის გაგრძელება იმ დაანონსებული ბრძოლისა. მე სინოდის სხდომაზეც ძალიან მინდოდა პატრიარქის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის შესახებ კომენტარი გაეკეთებინათ მის ავტორებს, სამწუხაროდ, არ მოხდა. რა თქმა უნდა, ეს არის გაგრძელება პასუხგაუცემელი შეკითხვებისა. გარე ძალები - ეს ის ძალებია, რომელთაც ხსენებული დღევანდელი განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე ქალბატონი მოიყვანეს საქართველოს საპატრიარქოში და დღემდე ყველაზე დიდ დასაყრდენს ხედავენ მასში, მთელი პოსტსაბჭოთა პერიოდის მანძილზე. რამდენიმე წლის წინ, ერთმა ცნობილმა პიროვნებამ განაცხადა, რომ აი, თითქოს 20 წელია მოჯადოებული წრიდან ვერ გავიდა ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფოებრიობა, აი ახლა უკვე 25 წელია ისევ ამ მოჯადოებულ წრეში დავრჩით და სანამ მხილება არ დაიწყება, სანამ ანალიზი 90-იანი წლებიდან არ გაკეთდება არსებულ მოვლენებზე, მანამ ჩვენ ვერ გავალთ“, აღნიშნა მიტროპოლიტმა პეტრემ.
კითხვაზე, თქვენი ვერსია არის, რომ ქალბატონ შორენას პროვოკაციაზე წამოეგო მთავარი პროკურატურა, მიტროპოლიტი პასუხობს:
„არ გამოვრიცხავ, რომ ამას წამოეგო თვით მამა გიორგი. არ გამოვრიცხავ, რაღაც გარეშე თუ შიდა, მაგრამ ეს არის ძალები, რომლებიც არიან მტრული ძალები საქართველოს, მართლმადიდებლობის და ქართული სახელმწიფოებრიობის. აი, ნამდვილად მტრული ძალები. სად, როგორ - ეს მსჯელობის საგანია, რა თქმა უნდა და არ გამოვრიცხავ, რომ მამა გიორგი თავისი ახალგაზრდობით, გამოუცდელობით რაღაც ამ სცენარის ასეთი მონაწილე გახდა, ამიტომ ვფიქრობ რომ ის დაარღვევს დუმილს, ვფიქრობ რომ არ იქნება დამალული რომელიც არა გაცხადდეს. თუმცა საქართველოს ისტორიას აქვს ძლიან საინტერესო ფაქტი კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის გაუგებარ მდგომარეობაში მკვლელობის, როდესაც ეს მკვლელობა დაბრალდა მის უერთგულეს პიროვნებას, ეპისკოპოს ტარასის, კანდელაკს. ის ამბობდა მთელი ცხოვრება, რომ მე სულის საცხონებლად მარტო ეს მეყოფაო, რომ ამ ცილისწამების მსხვერპლი გავხდიო“, განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.