ხმაურის საკანონმდებლო რეგულირებისა და ხმაურის ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის შესახებ ქალაქ თბილისის საკრებულომ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარმოადგინა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საკანონმდებლო წინადადება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი შინაარსის 771 მუხლის დამატებას ითვალისწინებს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენმა, სახალხო დამცველმა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განიხილეს.
პარლამენტის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ჭარბი ხმაურის შედეგად ირღვევა ადამიანის კონსტიტუციური უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელ და უვნებელ გარემოში.
„ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ აღნიშნულ საკითხზე, რომ ერთად გადავწყვიტოთ ეს პრობლემა ისე, რომ ერთი მხრივ, დავიცვათ ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, არ დავაზარალოთ კერძო ბიზნესი და ხელი არ შევუშალოთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას,“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
საკანონმდებლო წინადადების მომზადების აუცილებლობა ბიზნეს ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ძნელაშვილიც მიიჩნევს. მისი თქმით, მოქალაქე, რომელსაც აქვს ნორმალური ძილისა და მოსვენების უფლება, არ უნდა იყოს შეწუხებული ხმაურით, მაგრამ მისივე მოსაზრებით, კარგი იქნებოდა საკანონმდებლო წინადადების ავტორს მოეხდინა რეგულირების გავლენის შეფასება აღნიშნულ საკითხზე.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა საზოგადოების იმ წარმომადგენლების მოსაზრებებიც მოისმინეს, რომლებიც პერმანენტული ხმაურით არიან შეწუხებული და რომელთა ოჯახის წევრების, განსაკუთრებით, ბავშვების ჯანმრთელობაზე მისი ზეგავლენა უარყოფითად აისახა. მოქალაქეებმა კანონპროექტის დროული მიღება და ამოქმედება მოითხოვეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, წარმოდგენილ დოკუმენტში დასაშვები და დაუშვებელი ხმაურის სიდიდე დეციბელებითაა განსაზღვრული, დასაშვები ნორმის ზემოთ არსებულ ხმაურზე კი შესაბამისი სანქციებია დაწესებული. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გამოიწვევს დადგენილ ნორმაზე მეტ ხმაურს, პირველ ჯერზე მიიღებს გაფრთხილებას. სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში მისი განმეორება გამოიწვევს დაჯარიმებას: ფიზიკური პირის - 150 ლარის, ხოლო იურიდიული პირის - 500 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის ყოველი შემდგომი გამეორება გაორმაგებულ დაჯარიმებას გამოიწვევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.