საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, 15-16 თებერვალს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში მიმდინარე ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
თავდაცვის უწყების ცნობით, ნატო-ს შტაბ-ბინაში მინისტრმა პირველი შეხვედრა ლიტველ კოლეგასთან რაიმუნდას კარობლისთან უკვე გამართა. ლევან იზორიამ ლიტველ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. რაიმუნდას კარობლისმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის უწყების რეფორმირების პროცესი და მზაობა გამოხატა, ლიტვამ კიდევ უფრო გააღრმავოს ორმხრივი თანამშრომლობა ქართულ მხარესთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით.
მინისტრებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაზეც იმსჯელეს, რომელშიც ლიტველი ექსპერტი ანალიტიკური მიმართულებით 2015 წლის აგვისტოდან აქტიურ როლს ასრულებს. ლევან იზორიამ სკანდინავია-ბალტიის ქვეყნების წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ ფორმატში საქართველოს ჩართვა თავდაცვის სფეროს განვითარების ახალი და ეფექტური მექანიზმი გახდება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღესვე დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრა რუმინელ კოლეგასთან გაბრიელ-ბენიამინ ლესთან, სადაც განხილვის მთავარი თემა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება იქნება.
მინისტერიალის მეორე დღეს კი, ლევან იზორია მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, რომელიც თავდაცვის მინისტრების ფორმატში გაიმართება.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილება ნატო-ს უელსისა და ვარშავის სამიტების გადაწყვეტილებების, კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) და ახალი ინიციატივების განხორციელების პროცესი, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.
„საქართველო ნატო-ს ერთადერთი არაწევრი ქვეყანაა, რომელთანაც კომისიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება. ჩვენ ამის დიდი პატივი გვაქვს, რათა წარვადგინოთ ჩვენი რეფორმების შესახებ ინფორმაცია, მივიღოთ მაქსიმალური მხარდაჭერა ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან, პოლიტიკურად კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადოთ ჩვენი მზაობა და მოტივაცია, რომ გავხდეთ ნატო-ს წევრი ქვეყანა. ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ეს რეფორმებიც სწორედ ამას ისახავს მიზნად. მინისტერიალის ფარგლებში გვექნება ექვს ქვეყანასთან ორმხრივი შეხვედრები. უკვე გვქონდა ორმხრივი შეხვედრა ლიტვის თავდაცვის მინისტრთან, იგეგმება რუმინეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა, რომელთანაც განსაკუთრებულად საინტერესო თემაა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ალიანსის შტაბ-ბინაში ხვალ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან კენეთ ჰენდელმანთან, ასევე თურქ, ბრიტანელ და ლატვიელ კოლეგებთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.