სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, მინისტრმა დეპუტატებს დეტალურად გააცნო ყველა ის სიახლე, რასაც „პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებების შესახებ და მისგან გამომდინარე 19 კანონპროექტი ითვალისწინებს.
მან სისტემის მდგრადობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ახალი, გაწერილი რეგულაციები სწორედ ამას უზრუნველყოფს.
„ჩვენი ამოცანაა პენიტენციური სისტემა იყოს ორიენტირებული არა ადამიანის იზოლაციაზე, არამედ რესოციალიზაციაზე. მუდმივად ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომელიც მეტად განამტკიცებს ადამიანის უფლებებს პენიტენციურ დაწესებულებებში და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ვზრუნავთ სარეჟიმო პირობების გაწერასა და შემდგომში მის შესრულებაზე. აქედან გამომდინარე, მოცულობითი პაკეტი წარმოვადგინეთ, რომელიც წინგადადგმული ნაბიჯია და ბევრ უპრეცედენტო სიახლეს ითვალისწინებს. ვცდილობთ მივიღოთ და შემდეგ, პრაქტიკაში გავატაროთ რეგულაციები, რომლითაც ერთის მხრივ, ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაკონტროლების საშუალებას მოგვცემს, ამავე დროს, მსჯავრდებულს საშუალება მიეცემა ღირსეულ პირობებში მოიხადოს სასჯელი და აქტიურად ჩაერთოს რესოციალიზაციის პროგრამებში, რაც გათავისუფლების შემდეგ ხელს შეუწყობს მის ინტეგრაციას საზოგადოებაში. სისტემა მუდმივად საჭიროებს განახლებას და ამ კუთხით, ჩვენ მუშაობას მომავალშიც განვაგრძობთ“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
მინისტრის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს: სასჯელის მოხდის პერიოდში დაბალი რისკის მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მიღების უფლების მინიჭებას; ახალი - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნას; დისციპლინური პატიმრობის ვადების შემცირებას; არასაპატიმრო სასჯელის სახის - შინაპატიმრობის დანერგვას სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის და ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით, მისი ეფექტური აღსრულების მექანიზმების უზრუნველყოფას; მსჯავრდებულის ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების; სასჯელის აღსრულების გადავადების; ასევე, მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების, უვადოდ თავისუფლებააღვეთილი პირისთვის თავისუფლების აღკვეთის სხვა სახის სასჯელით შეცვლის და სხვა საკითხებში ცვლილებებს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა გათვალისწინებული ბავშვებთან ერთად დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული დედებისთვის. მათ საშუალება ექნებათ სამი წლის ასაკის მიღწევის გამო ბავშვის პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, შაბათ-კვირას დატოვონ დაწესებულება და ეს დრო შვილთან ერთად გაატარონ. ეს ხელს შეუწყობს ბავშვის გარემოსთან ადაპტაციას და ამ პროცესის თანმდევი სტრესის შემცირებას. ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად, 3 წლის ასაკის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა ბავშვის ფსიქიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს და ამიტომ, მისი გაყვანა აუცილებელია.
დეპუტატებმა წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ცალსახად დადებითად შეაფასეს და საკუთარი რეკომენდაციებიც წარადგინეს. მინისტრმა მათ შეკითხვებს უპასუხა, რეკომენდაციების განხილვისთვის მზადყოფნა გამოთქვა და ასევე, დეპუტატებს სასჯელის მოხდის პირობების უკეთ გაცნობის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტი შესთავაზა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე 19 კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.