„ევროპული საქართველოს" წევრი დავით ბაქრაძე საქართველოს მთავარ პროკურატურას დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მასალების გასაჯაროვებისკენ მოუწოდებს.
ბაქრაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურის დღევანდელი განცხადება, რომ საქმეში მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობა არ ფიგურირებს, „საღი აზრის ფარგლებს სცილდება" მას შემდეგ, რაც „ხუთი დღეა, სრულიად საქართველო და ჩვენი მოსახლეობა დაზაფრული ისმენს ინფორმაციას საქართველოს პატრიარქზე შესაძლო შეტევის და მისი მოწამვლის მცდელობის შესახებ".
ბაქრაძის თქმით, არსებობს ორი ვერსია რეალურად განვითარებული მოვლენების - ეს ან პრემიერისა და მთავრობის აბუჩად აგდებაა პროკურატურის მხრიდან ან ხელისუფლების მცდელობა ეკლესიაზე გავლენის გასაძლიერებლად.
„ხუთი დღეა, სრულიად საქართველო და ჩვენი მოსახლეობა დაზაფრული ისმენს ინფორმაციას საქართველოს პატრიარქზე შესაძლო შეტევის და მისი მოწამვლის მცდელობის შესახებ. ხუთი დღე თითოეული ჩვენგანი ელოდება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რამდენად დაცულია მისი უწმინდესობის უსაფრთხოება. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები საქართველოს პრემიერ მინისტრისგან, ვიცე პრემიერისგან, იუსტიციის მინისტრისგან, უმრავლესობის წევრებისგან - ყველა საუბრობდა იმ უმძიმეს დარტყმაზე, რომელიც „ქართული ოცნების" მთავრობამ ააცილა ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ეკლესიას, იმ უზარმაზარ ზარალზე და ზიანზე, რომელსაც გადაურჩა საქართველო. და დღეს, პროკურატურის მიერ გაირკვა, რომ თურმე, უწმინდესზე რაიმე ტიპის ტერორისტული აქტი, თუ მოწამვლის მცდელობა არც კი იგეგმებოდა. მე სიმართლე გითხრათ, ჩემი ძალიან ხანგრძლივი პოლიტიკური ცხოვრების განმვალობაში, ეს არის ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, როდესაც არც კი ვიცი როგორ შევაფასო ეს ფაქტი. აი, ეს ხუთდღიანი მოლოდინი, ეს ხუთდღიანი დაზაფვრა ჩვენი მოსახლეობის და დაზაფვრა ყველაზე მგრძნობიარე თემით - პატრიარქის, უწმინდესის თემა გამომდინარე იმ პატივისცემიდან, იმ სიყვარულიდან, იმ განსაკუთრებული მდგომარებიდან, რომელიც პატრიარქს უჭირავს ჩვენს საზოგადოებაში - პატრიარქი ყოველთვის იყო ყველაზე მგრძნობიარე თემა ჩვენი საზოგადოებისთვის, აი, ამ საკითხზე ხუთდღიანი დაზაფვრის დასრულება იმით, რომ თურმე არც არაფერი არ იგეგმებოდა, ეს ყველაფერი ელემენტარულად სცილდება საღი აზრის ფარგლებს. რა თქმა უნდა, არავის არ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ დღეს რაიმე სახის ნდობა გააჩნია ივანიშვილის პროკურატურას, მაგრამ ის, რაც დღეს მოვისმინეთ სცილდება ამ ფარგლებსაც კი. მე უბრალოდ ნამდვილად მიჭირს რაიმე საღი აზრის მქონე გამართლების მოძებნა, მაგრამ არსებობს, ალბათ, ორი შესაძლო ვერსია.
ვერსია პირველი - პროკურატურამ საერთოდ აბუჩად აიგდო ქვეყნის ხელისუფლება - დაწყებული პრემიერ მინისტრით და გაგრძელებული საპარლამენტო უმრავლესობით და უბრალოდ, არც კი მიაწოდა მათ ინფორმაცია, თუ რა გამოძიება იყო და რაზე უნდა ესაუბრათ ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს და თავისთავად, ეს უაღრესად საგანგაშოა - თუ პროკურატურა თავს უფლებას აძლევს, რომ ამ დონეზე აბუჩად აიგდოს ქვეყნის პრემიერი და მთავრობა.
ვერსია მეორე - ამ თემის გამოყენებით და პატრიარქის სახელის სპეკულირებით, მათ სურდათ შეექმნათ ტალღა, რომელიც გადაფარავდა ქვეყანაში სხვა თემებს და გახსნიდა იმ კონფრონტაციულ ფონს, იმ კონფრონტაციულ დისკუსიას, რომელსაც ყველა ჩვენგანი ვისმენთ ამ დღეებში საპატრიარქოს გარშემო. ასეთი დისკუსია, რა თქმა უნდა, აზიანებს საპატრიარქოს და ეკლესიის ავტორიტეტს და საბოლოო ჯამში, შეიძლება ემსახურებოდეს ხელისუფლების გავლენის გაძლიერებას ეკლესიაზე. ამიტომ, რომელი ვერსიაც არ უნდა იყოს - არის ეს პროკურატურის არაპროფესიონალიზმი და მთავრობის აბუჩად აგდება თუ არის ეს მთავრობის მხრიდან ამ თემის აჟიტირებით გავლენის გაზრდის მცდელობა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენს საზოგადოება უნდა ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია", - განაცხადა დავით ბაქრაძემ ცოტა ხნის წინათ გამართულ ბრიფინგზე.
„პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი „ერთ-ერთი პირის“ მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არა პატრიარქის“, - ამის შესახებ გაზეთი „რეზონანსი“ პროკურატურიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
„რუსთავი 2“, -ის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოცემას ინტერვიუ პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა მისცა.
„მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე ღიად უპასუხა, რომ ეს არ არის პატრიარქი. ჩვენ ვერაფერში ვერ შემოგვედავება ვერავინ“, - აცხადებენ პროკურატურაში და აღნიშნავენ, რომ არათუ პატრიარქზე, არამედ მაღალ იერარქზეც არ არის საუბარი, საუბარია „ერთ-ერთ პირზე პატრიარქის გარემოცვიდან“.
„რეზონანსის“ თანახმად, პროკურატურაში განმარტავენ, რომ პოლიტიკოსებმა, საზოგადოებამ და სასულიერო პირებმა არასწორად გაიგეს ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაცია.
„ბრიფინგზე მთავარ პროკურორს ჰკითხეს, იყო თუ არა მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ილია მეორე, ირაკლი შოთაძემ უპასუხა, რომ - არა, მე პატრიარქი არსად მიხსენებია. ჩვენ პრესრელიზში, თუ კარგად წაიკითხავთ, წერია, რომ განმცხადებელმა, რომელიც პროკურატურაში მოვიდა, თქვა, რომ უნდა მოეხდინათ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. ჩვენ ციტატა მისი განცხადებიდან მოვიყვანეთ, თორემ უკვე მეოთხე აბზაცში წერია ის, რაც გამოძიებით დადგინდა - ანუ, იგეგმებოდა ერთ-ერთი პირის მკვლელობა პატრიარქის გარემოცვიდან და აქ საუბარი არ არის მაღალი იერარქიის წარმომადგენელზე. უბრალოდ განცხადება კარგად არის წასაკითხი. თუმცა არ ვიცი, რატომღაც ასე აიტაცეს და გადაწყვიტეს. "გამოძიებით დადგინდა"-ში რაც წერია, ესაა მნიშვნელოვანი“,-აცხადებს ნათია სუხიაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.