მთავარი პროკურატურა „ეი-ეს-თელასის" ფინანსური მენეჯერის, ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ:
„თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სააქციო საზოგადოება „ეი-ი-ეს თელასის“ ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებულები უდანაშაულოდ სცნო.
საქართველოს პროკურატურის მიერ ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული და სასამართლოს წინაშე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულების მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გიორგი გვიჩიანი, ნიკა ჩემია, ავთანდილ ხერკელაძე, გიორგი პაპაჩაშვილი და ნოდარ გვიჩიანი უდანაშაულოდ იქნენ ცნობილნი სააქციო საზოგადოება „ეი-ი-ეს თელასის“ ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმეზე იმჟამად გამოძიებას აწარმოებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვინაიდან, ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმის გახსნით დაინტერესებული იყვნენ მაღალი რანგის სახელმწიფო თანამდებობის პირები, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას ხელოვნურად შეიქმნა მთელი რიგი მამხილებელი მტკიცებულებები, რაც გიორგი გვიჩიანის, ნოდარ გვიჩიანის, ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძისა და გიორგი პაპაჩაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდა. ხელახალი გამოძიებისას კი გამოვლინდა არაერთი გარემოება, რაც სასამართლოების განაჩენებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისგან განსხვავებულ სურათზე მიუთითებდა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, რომლებიც ცალსახად უთითებდნენ ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულების უდანაშაულობის შესახებ. ასევე ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები იყვნენ.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის ჩამდენ პირთა დადგენა-დაკავების მიზნით, ასევე ყოფილი მოხელეების მიერ შესაძლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.