საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის გაერთიანებულმა კომიტეტმა 2017 წლის 23 თებერვალს, ერთხმად მიიღო რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე, რომლითაც მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. აღსანიშნავია, რომ ეს არის ირლანდიის პარლამენტის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების პირველი შემთხვევა.
რეზოლუციის „წინადადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ“ (Motion on the Territorial Integrity of Georgia and its Integration in to the European Union)“ თანახმად, ირლანდია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დაუყოვნებლივ დასრულებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში მომავალი ინტეგრაციისათვის და ამ კუთხით ხაზგასმულია მომავალში ასოცირების შესახებ შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაციის მნიშვნელობა.
„კომიტეტი მიესალმება საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს და თვლის, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისათვის ევროპულ გზაზე და გზას უხსნის თვისობრივად ახალ პერსპექტივებს ორმხრივ ურთიერთობებში,“ - აღნიშნულია რეზოლუციაში.
რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ კომიტეტი მიესალმება საქართველოსა და ირლანდიას შორის უკანასკნელ წლებში განხორციელებულ შთამბეჭდავ პროგრესს პოლიტიკური ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კუთხით, ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველომ და ირლანდიამ უნდა განაგრძონ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისათვის, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, ევროპის ერთობისა და სოლიდარობის მიმართულებით, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის საქმეში.
რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია ირლანდიაში საქართველოს ახლადგახსნილი საელჩოს როლი ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში და გამოთქმულია იმედი მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ.
საქართველოს საგარეო უწყების განმარტებით, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს გახსნის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობამ კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო. ირლანდიის პარლამენტის მიერ აღნიშნული რეზოლუციის მიღებას წინ უძღოდა ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის გიორგი ზურაბაშვილის რამდენიმე შეხვედრა ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის წევრებთან, რომლის ფარგლებშიც საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ირლანდიელ პარლამენტარებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.