ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ დღეს, ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისართან მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსთან ერთად მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ეს არის საბოლოო ნაბიჯი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. საგულისხმოა, რომ ევროკავშირის სამივე ინსტიტუტმა უკვე საბოლოო თანხმობა გამოხატა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით. 1-ელ მარტს განახლებულ რეგულაციას ხელი მოეწერება და რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში. გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გაემგზავრონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.
მართლაც სიმბოლურია, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს საქართველოს ვიზიტით ეწვია მიგრაციისა და საშინაო საქმეთა საკითხებში ევროკომისარი, ჩვენი მეგობარი, ბატონი დიმიტრის ავრამოპულოსი, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს ერთად მიღწეული წარმატება.
მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ავრამოპულოსს პირადი ძალისხმევისთვის საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში. ასევე, ვაფასებთ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის ერთსულოვან მხარდაჭერას.
უვიზო მიმოსვლის შემოღება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ევროპასთან. ეს შედეგი ადასტურებს ორ რამეს - პირველი, რომ ევროკავშირი სათანადოდ აფასებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში და რომ საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა სანდო და მტკიცეა. ამასთან ერთად, ეს მიღწევა საქართველოს მთავრობისთვის დამატებითი ბიძგის მიმცემია საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების გასაგრძელებლად. მაგრამ, მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი - ეს შედეგი ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირი ასრულებს საკუთარ დაპირებებს.
მინდა ვთქვა, რომ დღეს, როგორც არსად, საქართველოში ძლიერია ევროპული სულისკვეთება; დღეს საქართველოში, როგორც არსად, ზეიმობს ერთიანი ევროპის იდეა; დღეს საქართველოში, როგორც არსად, ესმით ერთიანი ევროპის, ევროპის ერთიანი საგარეო, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელობა. გილოცავთ დღევანდელ დღეს, ჩვენო თანამემამულენო და ვულოცავ ევროპასაც, იმიტომ, რომ დღეს საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი, კიდევ უფრო ახლოს მივიდა თავის ევროპულ ოჯახთან.
ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია კონკრეტული, ხელშესახები სარგებლის მომტანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩვენს საზოგადოებებს შორის მჭიდრო ტურისტული, საგანმანათლებლო-კულტურული და ბიზნესურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს და წვლილს შეიტანს საქართველოში ევროპული ფასეულობებისა და იდეების დამკვიდრებასა და განმტკიცებაში.
მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.
საქართველოს ხელისუფლება სრულად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას უკავშირდება. ჩვენ ვახორციელებთ მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად, მათ შორის ფართომასშტაბიან, ინტენსიურ საინფორმაციო კამპანიას უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ.
ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ ვალდებულებებს და ზედმიწევნით დაიცავს უვიზო მიმოსვლის პირობებს.
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში გატარებული რეფორმები საქართველოს მთავრობის დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად, ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით გრძელდება. ეს არის უწყვეტი და მდგრადი პროცესი, რომელშიც ჩვენ კვლავ გვაქვს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა.
მინდა, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემი გუნდის ყველა წევრს, გაწეული ძალიან დიდი ძალისხმევისთვის. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარს, ევროკომისარ ავრამოპულოსს, ამ უმნიშვნელოვანესი ვიზიტისთვის; მინდა, ასევე დიდი მადლობა გადავუხადო ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ბატონ იანოშ ჰერმანს, უდიდესი მხარდაჭერისთვის მთელი ამ პროცესის განმავლობაში და რა თქმა უნდა - ჩვენი მეგობარი ევროკავშირის ქვეყნების თითოეულ ელჩს იმ სამუშაოსთვის, რომელიც მათ გასწიეს საქართველოში, იმ დახმარებისთვის, რომელიც მათ აღმოუჩინეს საქართველოს ხელისუფლებას, ამ უდიდესი შედეგის მისაღწევად. დიდი მადლობა, გილოცავთ დღევანდელ დღეს!", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.