პირადად ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და დიდი პატივია დღეს ამ ისტორიული მომენტის აქ, თქვენთან ერთად აღნიშვნა. ევროკავშირი და საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდნენ ერთმანეთს, - აღნიშნული განცხადება ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ქალბატონებო და ბატონებო, კომისიის წინადადების საფუძველზე, ევროპულ პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, დღეს, სულ რამდენიმე წუთის წინ ევროკავშირის საბჭომ, გადაწყვიტა, საქართველოს მოქალაქეებისათვის მოეხსნა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიმოსვლისათვის არსებული ვიზის მოთხოვნა. საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. საბოლოოდ დადგა დღე, რომელიც ერთად უნდა აღვნიშნოთ და როცა შეგვიძლია მივულოცოთ საქართველოსა და ქართველ ერს.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემთვის ცნობილია, რომ თითოეული თქვენგანი ძალიან დიდხანს ელოდა ამ დღეს. სულ მალე, ჩვენ ფორმალურად დავასრულებთ დარჩენილ პროცედურებს და გადავდგამთ შესაბამის ადმინისტრაციულ ნაბიჯებს. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე - ამ თვის დასასრულს, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ექნებათ ბიომეტრიული პასპორტები, შეეძლებათ, ვიზის გარეშე იმოგზაურონ შენგენის ზონაში. როგორც ალბათ ხვდებით, ეს რამდენიმე დღის საკითხია. მოკლევადიანი ვიზების ასაღებად აღარ იქნება საკონსულოებისათვის მიმართვის საჭიროება. ნება მომეცით აღვნიშნო, რომ ეს შესანიშნავი მიღწევად ნამდვილად სიამაყის საგანი უნდა იყოს თქვენთვის. ეს არის ქართველი ერისა და თანამდებობის პირების მიერ 2012 წლიდან განხორციელებული ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. ეს წარმატება და მისი იმპლემენტაცია დაცული უნდა იყოს ყველა დემოკრატიული ძალებისა და მოქალაქეების მიერ. ეს შედეგი მძიმე შრომის შედეგად იქნა მიღწეული - სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ინდიკატორთან მიმართებაში ხელშესახები პროგრესი საოცრად მოკლე დროში იქნა მიღწეული. ეს ეხება ყველა სფეროს - საზღვრის მართვიდან დაწყებული და თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებული პოლიტიკით, კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლით თუ პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმის გაუმჯობესებით დამთავრებული. უკვე 2015 წლის დეკემბერში კომისიამ შეისწავლა აღნიშნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და დაასკვნა, რომ საქართველომ ყველა არსებული მოთხოვნა დააკმაყოფილა. მთელი ამ პროცესის მანძილზე მძიმე შრომა ჩვენი წევრი-ქვეყნების მიერაც იქნა გაწეული. ამდენად, მინდა გამოვხატო მადლიერების გრძნობა მათი ერთგულებისა და ძალისხმევისთვის. სკეპტიკოსებისათვის კი ასევე ამოქმედდა განახლებული შეჩერების მექანიზმი, რომელიც ჰორიზონტალურად იმოქმედებს ყველა იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის უფლება მიენიჭა.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები შეინარჩუნებენ პროგრესისა და მიღწევების არსებულ ტემპს და იგივე შემართებითა და ერთგულებით შეასრულებენ შესაბამის მოთხოვნებს. ეს აუცილებელია არა მხოლოდ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად, არამედ იმიტომაც, რომ ეს რეფორმები საქართველოსათვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. საქართველო პროგრესისა და რეფორმების მაგალითია. სწორედ ეს აწინაურებს მას ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ევროპული პერსპექტივისკენ.
ძვირფასო მეგობრებო, ევროკავშირი მზადაა, უახლოეს მომავალში უმასპინძლოს ტურისტულად, მეგობრის ან ოჯახის მოსანახულებლად, კულტურულ ან სპორტულ ღონისძიებაზე თუ ბიზნესშეხვედრაზე დასასწრებად, ჟურნალისტური ან მედია მიზნებით, მოკლევადიანი სწავლებისთვის ან ტრეინინგის მიზნით ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს. ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, დღევანდელი ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება გააღრმავებს ხალხს შორის კავშირებს. დამკვიდრდება ბიზნეს, სოციალური და კულტურული კავშირები ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ამ რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში, დღევანდელი მიღწევის მსგავსი ისტორიული მომენტები არა მარტო მისასალმებელი, არამედ აუცილებელიცაა, რადგან ისინი ევროპული პროექტის მნიშვნელობას შეგვახსენებს - პროექტისა, რომლის მნიშვნელობასაც დღეს ზოგიერთები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.
საქართველოს მისწრაფება, დაუახლოვდეს ევროკავშირს და ერთ დღეს მისი სრულუფლებიანი ნაწილი გახდეს, შეგვახსენებს ამ პროექტის არსს. ეს ნიშნავს იყოს კავშირის ნაწილი - მშვიდობის, სტაბილურობის, პროგრესის, ტოლერანტობის, სოლიდარობისა და კეთილდღეობის ნაწილი. საქართველო დღეს ევროპას, მის მომავალთან დაკავშირებით, ძლიერ გზავნილს უგზავნის. ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!", - განაცხადა ევროკომისარმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.