აშშ-ს სენატის ასიგნებების კომიტეტის ფარგლებში გაიმართა მოსმენა თემაზე: „რუსეთის პოლიტიკა და მიზნები ცალკეული ევროპული ქვეყნების მიმართ“, რომლის ფარგლებშიც მოხსენება გააკეთა აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ.
საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს ელჩმა სენატორებს შეახსენა საქართველოში რუსული ინტერვენციისა და ოკუპაციის ისტორია და შედეგები დეტალურად გააცნო.
„მე დღეს თქვენთან ვარ, რათა შეგახსენოთ რომ უკრაინაში კონფლიქტამდე, 2008 წელს რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და დღემდე ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს. მიუხედავად მიმდინარე რუსული აგრესიისა, შეერთებული შტატების დახმარებით, საქართველომ შეძლო დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერების მიმართულებით უზარმაზარი ნაბიჯების გადადგმა და ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზის უფრო მეტად გაკვალვა.“
ბაქრაძემ აღნიშნა, რომ 90-იან წლებში დაწყებულმა კონფლიქტმა, პიკს 2008 წლის ინტერვენციითა და ტერიტორიების ოკუპაციით მიაღწია, რასაც ეთნიკური წმენდის ახალი ტალღა და საქართველოს მოქალაქეთა მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულებები მოყვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსული მზარდი აგრესიის ადრეული ნიშნები სამწუხაროდ თავის დროზე ადეკვატურად ვერ შეაფასა. ელჩმა დამსწრე აუდიტორიას შეახსენა რომ, დღეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ მავთულხლართი ქვეყნის შუაგულში თითქმის 100 კილომეტრზეა გაჭიმული.
საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის უწყვეტ ძალისხმევას, რომელიც აქტიური სამხედრო მოქმედებების გარდა გამოიხატება არაკონვენციური ჰიბრიდული სტრატეგიით, რაც გულისხმობს, მათ შორის, რუსული საინფორმაციო პროპაგანდის მეშვეობით, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფების შესუსტების მცდელობებს. ელჩმა აღწერა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რითაც საქართველოს მოსახლეობაში შენარჩუნდა ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართ სტაბილურად მაღალი მხარდაჭერა.
ელჩის ინფორმაციით, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მდგარი საქართველო კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პირობას იცავს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საერთაშორისო ფორმატში მოლაპარაკებების გზით აგრძელებს. აღინიშნა აშშ-ს როლი არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის კუთხით. დავით ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს საქართველოს მიმართ მაღალი ინტერესისა და ოკუპაციის ხაზთან მათი ხშირი ვიზიტების გამო.
„რუსეთის ზრახვების მიუხედავად საქართველომ მიაღწია დემოკრატიულ პროგრესს და ეკონომიკურ ზრდას. საქართველო თავისი განვითარებით წარმოადგენს რეგიონში ამერიკის სანდო, დემოკრატიულ მოკავშირეს და საუკეთესო მაგალითია ამერიკელი გადამხდელების წარმატებული ინვესტიციების.
გვჯერა ახალი ადმინისტრაცია განავითარებს მრავლისმომცველ და გრძელვადიან სტრატეგიას რეგიონთან და საქართველოსთან მიმართებაში, რაც კიდევ ერთხელ განამტკიცებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, ვაჭრობის, ინვესტივიების მიმართულებით, ხელს შეუწყობს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანის განხორციელებას - ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რაც საქართველოს უფრო გააძლიერებს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ ასიგნებების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის რთულ რეგიონში აშშ-სთვის ყველაზე საიმედო დემოკრატიული მოკავშირე და იმედი გამოთქვა ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე. "ძლიერი საქართველო ისევე სჭირდება ამერიკას, როგორც ძლიერი ამერიკა - საქართველოს," აღნიშნა ელჩმა სიტყვის დასასრულს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.