თბილისის „დინამო არენაზე“ რაგბიში საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის შეხვედრა ქართველი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა.
(Georgian Rugby -ის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ფოტოები)
თამაში „ბორჯღალოსნების“ უპირატესობით დაიწყო და მე-4 წუთზე პირველი ლელო კოშაძემ დადო. მერაბ კვირიკაშვილის მიერ ზუსტად შესრულებული გარდასახვის შემდეგ კი ანგარიში 7:0 გახდა.
მე-15 წუთზე მსაჯმა რუსეთის ნაკრების პირველ ნომერს, მოროზოვს ყვითელი ბარათი უჩვენა და სათამაშო მოედანი დროებით დაატოვებინა.
27-ე წუთზე საქართველოს ნაკრები 14 ქულით გავიდა წინ - ლობჟანიძის დადებული ლელოსა და კვირიკაშვილის ზუსტად შესრულებული გარდასახვის წყალობით.
რუსებმა პირველი სახიფათო შეტევის განხორციელება მხოლოდ 37-ე წუთზე შეძლეს, თუმცა მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
პირველ ნახევარში საქართველო მხოლოდ 3-ჯერ დაჯარიმდა, რუსეთი კი 9-ჯერ.

მატჩის პირველი ნაწილის ბოლო, მე-40 წუთზე ქართველები დაჯარიმდნენ, თუმცა რუსეთმა საჯარიმო დარტყმის გატანა ვერ შეძლო და შეხვედრის პირველი ნახევარი 14:0 დასრულდა - ქართველი მორაგბეების სასარგებლოდ.
შეხვედრის მე-2 ნახევარიც ქართველების უპირატესობით დაიწყო და გაგრძელდა. 50-ე წუთზე ვასილ ლობჟანიძემ რუსებს მე-2 ლელო დაუდო, კვირიკაშვილმა მე-3 გარდასახვაც გაიტანა და ანგარიში 21:0 გახდა.

52-ე წუთზე გორგოძესა და რუს მორაგბეს შორის მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, თუმცა მსაჯს სადამსჯელო ღონისძიება არ გაუტარებია.
რუსეთის ნაკრების წევრმა, იური კუშნიაროვმა 55-ე წუთზე ლელოს დადება მოახერხა, მანვე ზუსტად შეასრულა გარდასახვა და სხვაობა 14 ქულამდე შეამცირა - ანგარიში 21:7 გახდა.
58-ე წუთზე ქართველებს ანგარიშის გაზრდის საშუალება მიეცათ, მაგრამ მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმის გატანა ვერ შეძლო.
67-ე წუთზე დავით კაჭარავამ მეტოქეს ლელო დაუდო, კვირიკაშვილმა გარდასახვა ამჯერადაც ზუსტად შეასრულა და ანგარიში 28:7 გახდა.

76-ე წუთზე რუსმა კროტოვმა ლელოს დადება მოახერხა, კუშნიაროვმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 28:14 გახდა, რაც დღევანდელ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ "ბორჯღალოსნები" ბოლო წუთებზეც საკმაოდ შემტევად თამაშობდნენ.

დღეს საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 21- ე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთთან გამართული წინა 20 შეხვედრიდან 18-ჯერ მოიპოვა გამარჯვება, რუსეთმა ერთხელ, 1 მატჩი კი ფრედ დასრულდა, დღევანდელი მატჩის დასრულების შემდეგ კი ეს ქართველი მორაგბეების მე-19 გამარჯვებაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.