სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომის შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის პრემიერ მინისტრებმა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა შეხვედრის შედეგები შეაჯამეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ მინისტრმა სუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობასა და ორგანიზაციის პოტენციალის ათვისების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ფორუმის მონაწილეებმა ერთხმად აღიარეს, რომ ორგანიზაციას სჭირდება ახალი იმპულსი, საჭიროა დარგობრივი სფეროების, კერძო სექტორის, მთავრობების უფრო აქტიური მიდგომა, რათა მოხდეს იმ პოტენციალის რეალიზება, რომელიც სუამ-სა და ჩვენს ქვეყნებს გააჩნია", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ მინისტრმა ასევე ისაუბრა სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომის შემდეგ ხელმოწერილი დოკუმენტების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ისინი თავისუფალი სავაჭრო ზონის პოტენციალის სრულად ათვისებას შეუწყობს ხელს.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს სუამ-ის საქმიანობას მეორე სუნთქვა ეხსნება და ჩვენ, ყველანი ოპტიმისტურად ვუყურებთ ორგანიზაციის მომავალს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრემიერ მინისტრ ვლადიმირ გროისმანს, მთავრობების მეთაურების შეხვედრისა და კიევში სუამ-ის პირველი ბიზნესფორუმის ორგანიზების დროული ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერმა ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით სუამ-ის წევრი ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
"შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ ჩვენი საერთო გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია სუამ-ის რეგიონში გადაუჭრელ კონფლიქტებთან, გვავალდებულებს განვამტკიცოთ ჩვენი თანამოქმედება იმისათვის, რომ მივაღწიოთ ფართო საერთაშორისო მხარდაჭერასა და შესაბამის გამოხმაურებას ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, საქართველო, როგორც სუამ-ის თავმჯდომარე, კვლავაც აქტიურად დაუჭერს მხარს ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებას, საერთო მიზნიდან გამომდინარე - გახდეს სუამ-ი უფრო ძლიერი, ხოლო მისი ქვეყნები - უფრო განვითარებული და წარმატებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.