პრემიერი: პირველი უვიზო მიმოსვლა, სიმბოლურად, ათენში განვახორციელე - ესაა ნაბიჯი საქართველოს ევროპაში დასაბრუნებლად - იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სულიერი დაბრუნება
28-03-2017, 03:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველოსთვის შენგენის ზონის კარიბჭეს ათენი წარმოადგენს. პირველი უვიზო მიმოსვლა, სიმბოლურად, ათენში განვახორციელე. ესაა ნაბიჯი საქართველოს ევროპაში დასაბრუნებლად - იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სულიერი დაბრუნება,” მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ქართულ-ბერძნული კონფერენცია „საქართველო - ევროპიდან ევროპამდე,” რომელიც ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართა.

 


გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი საბერძნეთში უბრალო დამთხვევა არ არის, რადგან საბერძნეთი ევროკავშირში მყოფი ქართული დიასპორის უდიდესი მასპინძელია, რომლის ეკონომიკასა და კულტურაზე ქართველი მოქალაქეების უკვე მეორე თაობა თავის კვალს ტოვებს.

 


სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყნის როლს, რომელიც ცდილობს საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოს.

 


ჩვენ ევროპულ ჩარჩოში ვექცევით და ვცდილობთ, შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული სოციალურ პარტნიორებთან, პატივს სცემს კონტროლისა და ბალანსის სისტემას, აქვს ძლიერი დემოკრატია და ქმნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს. ევროპის კარიბჭეობა აერთიანებს საბერძნეთსა და საქართველოს. კასპიის ზღვიდან ადრიატიკამდე, ჩვენ გაერთიანების ხელშესახები შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ ვართ კასპიის რესურსების ევროპაში შეღწევისთვის აუცილებელი გზაგამტარი. საბერძნეთი კი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გაზის რეგიონალური დისტრიბუტორია. ენერგიის გარდა, საბერძნეთი ჩინეთის გზაგამტარიცაა ევროპაში. იქმნება ახალი ლოჯისტიკური ცენტრები ევროპაში, აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებში, შუა აღმოსავლეთში და მის მიღმა. ანაკლიის დამთავრების შემდეგ საქართველოც ჩინეთის გზაგამტარი გახდება. ანაკლიიდან პირეოსამდე, კეთილდღეობის ახალი ზონა შეიქმნება და გააძლიერებს დასაქმებას, ვაჭრობას, განვითარებას. იქმნება ახალი შესაძლებლობები ბიზნესის, უსაფრთხოების, პოლიტიკური თანამშრომლობისათვის,” აღნიშნა პრემიერმა.

 


გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-საბერძნეთის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა შეაფასა და ის ახალი მიმართულებები დაასახელა, რომელიც სამომავლო თანამშრომლობისთვის პრიორიტეტულია: ტრანსპორტირება და ლოჯისტიკა; ტურიზმი და სასტუმრო სექტორი; სოფლის მეურნეობა, კვება და გასტრონომია; მშენებლობა და ენერგეტიკა.

 


მისივე თქმით, მომავალი ღირსეული პარტნიორობა ისტორიულ კავშირებს ემყარება, რადგან ათენი უდიდესი სიმბოლური დატვირთვის მატარებელია - აქ საქართველო თავს ევროპასთან უფრო ახლოს გრძნობს.

 


ჰომეროსის ეპიკური ნაწარმოებებიდან დაწყებული და ბიზანტიის იმპერიით დამთავრებული, ათასწლეულების მანძილზე, ჩვენ უდიდესი ცივილიზაციის ნაწილი ვიყავით, ჩვენი წარსული ურთიერთდაკავშირებულია. ჩვენ ერთად ვიზრდებოდით როგორც ხალხები, კულტურები და ერები. სწორედ ამიტომ ჩვენ ვბრუნდებით ევროპაში იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოჯახად მივიჩნევთ,” განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


საქართველოს პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო იპოვის საკუთარ ადგილს ევროპულ ოჯახში და “ამ გზაზე ქართველების მოძრაობა დღეს ათენიდან იწყება”.

 


სამეცნიერო კონფერენციას - „საქართველო ევროპიდან ევროპამდე“ ქართველი და ბერძენი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი მელეტიოს-ათანასიოს დიმოპულოსი, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი ირინე დარჩია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლევან გიგინეიშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი