საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიტვის პრეზიდენტს, დალია გრიბაუსკაიტეს პირისპირ შეხვდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა, საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა და მხარდაჭერა - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებაც ვილნიუსში, ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა ლიტვის პრეზიდენტსა და ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.
„საქართველო ყოველდღიურად გრძნობს ლიტვის ხელისუფლების და ლიტველი ხალხის თანადგომას. დღევანდელი ვიზიტიც სწორედ ამ განსაკუთრებული მეგობრობის მაგალითია”, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტესთან პირისპირ შეხვედრისას, რომელიც ლიტვის პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ გამართა.
საქართველო - ლიტვის პრეზიდენტებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებაზე, ცხინვალის ე.წ. რეფერენდუმზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების გახშირებული დარღვევის ფაქტებზე ისაუბრეს.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ლიტვა - საქართველოს შორის ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის განვითარებისა და მრავალმხრივი ურთიერთობის გაღრმავების შესახებ და ასევე, შავი და ბალტიის ზღვის რეგიონების ქვეყნებს შორის ურთიერთობის მნიშვნელობაზე.
აღინიშნა, რომ საქართველო უსაფრთხოების სექტორში ევროკავშირის ძლიერი მოკავშირეა და აქტიურად მონაწილეობს ცენტრალურ აფრიკაში მიმდინარე ევროკავშირის მისიაში.
შეხვედრისას საუბარი ნატო-საქართველოს ურთიერთობებს და ნატო-ს მომავალ სამიტს შეეხო, რომელსაც მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნები დაესწრებიან. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ პარტნიორებისა და ჩვენი მოკავშირეების მხარდამჭერების მეშვეობით საქართველოს საკითხს შესაბამისი ყურადღება მიექცეს.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება ნატო-ს საქმიანობის გაფართოებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე და განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ჩანაწერების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.