სენატში ირლანდიის მთავრობის წარმომადგენელი ევროკავშირის საკითხებში, სენატორი ნილ რიჩმონდი საქართველოს შესახებ ვებ-გამოცემა sluggerotoole-ზე განთავსებულ საკუთარ ბლოგზე საქართველოსთან ირლანდიის ბიზნესშესაძლებლობების არსებობაზე წერს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სენატორი წერს, რომ 2016 წელს ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. ამ კუთხით მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ირლანდიაში საქართველოს საელჩომ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ირლანდიის სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით გამართა პრეზენტაცია საქართველოს ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ. გარდა ამისა, ირლანდიაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს საქართველოს, როგორც სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორის პოტენციალის შესახებ გამოფენა.
ნილ რიჩმონდმა აღნიშნა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ზრდის ხელმისაწვდომობას ევროპულ და ქართულ ბაზარზე, რაც დაფუძნებულია რეგულაციების უკეთეს თანხვედრაზე. ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
„საქართველო რეგიონში ბაზრის კარიბჭეს წარმოადგენს, რადგან მას აქვს თავისუფალი ვაჭრობის ფართო ქსელი, მათ შორის თურქეთთან, შუა აღმოსავლეთთან, ყურის გარკვეულ ქვეყნებთან და სულ უახლოესი წარსულიდან - ჩინეთთან“, წერს სენატორი.
საგარეო უწყების ინფორმაციით, სენატორი განმარტავს, რომ ქვეყანაში მოქმედებს 0-პროცენტიანი საგადასახადო სისტემა, საქართველოში მრეწველობის შექმნის მიზნით ინვესტიციების მოსაზიდად. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ქვეყანაში სტაბილური საბანკო სექტორია, რომელსაც არ აქვს რაიმე სახის აკრძალვა ვალუტის კონვერტაციაზე და რეპატრიაციაზე, რაც თავის მხრივ მიმზიდველს ხდის მას, როგორც ლიბერალურს და ბიზნესისთვის ხელსაყრელს. საქართველოში კორპორატიული გადასახადი 15 პროცენტია. აქვე აღნიშნულია, რომ საქართველო 2000 წლიდან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია. ხოლო ევროკავშირთან საქართველოს უვიზო მიმოსვლა ძალაში 2017 წლის მარტში შევიდა.
რიჩმონდი ყურადღებას ამახვილებს ფარმაცევტულ და სასოფლო-სამეურნეო და საკვებ, ასევე სამშენებლო სფეროებზე და აღნიშნავს, რომ ამ კუთხით საქართველოსა და ირლანდიის საწარმოებს შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს, ისევე როგორც ირლანდიური კომპანიებისთვის, რომელთაც შეუძლიათ გამოიყენონ საქართველოს ბიზნეს კარიბჭის სტატუსი რეგიონში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სენატორი საქართველო-ირლანდიის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიას მიმოიხილავს, რომელიც 1996 წელს დამყარდა. ის ასევე საუბრობს ქართულ და ირლანდიურ რაგბიზე და აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, ირლანდიისა და საქართველოს რაგბის ნაკრებებს შორის, მსოფლიო თასის მნიშვნელოვანი საკვალიფიკაციო შეხვედრა გაიმართება. ამავე დროს ირლანდიის რაგბის ფეხბურთის ფედერაცია ასწავლის ქართველ მწვრთნელებს.
„ირლანდია მხარს უჭერს ევროკავშირის ინიციატივებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოსა და რუსეთს შორის მშვიდობას. ირლანდია აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ“ წერს რიჩმონდი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.