საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება შეაფასა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კოლეგებს პრეზიდენტის მოხსენებაში აღნიშნული საკითხების - მათ შორის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, სასამართლო და სასჯელაღსრულების სისტემის, ეკონომიკისა და სხვა აქტუალური თემების შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა 2012 წლამდე ქვეყანაში არსებულ მოსმენების პრაქტიკაზე.
„მე მქონდა არაერთხელ შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც აწარმოებენ კამპანიას სახელწოდებით „ისევ გვისმენენ“. პარალელის გავლება 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ არსებულ ვითარებას შორის არის უბრალოდ არასწორი. მარტივად გეტყვით ერთ რამეს - როდესაც ტოტალური მოსმენები ხორციელდებოდა 2012 წლამდე ამის შედეგები პირდაპირ წინ ხვდებოდათ კონკრეტულ ადამიანებს და შედეგი იყო ბიზნესის წართმევა, შედეგი იყო ციხეში გაშვება, დევნა პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით. ეს ხდებოდა 2012 წლამდე და ეს იყო ტოტალური მოსმენების შედეგი. 2012 წლის შემდეგ მთლიანად არის ეს პრაქტიკა აღკვეთილი და ამის აღნიშვნა არის აუცილებელი, თუ ჩვენ გვინდა, რომ სრულად წარმოვაჩინოთ ის სურათი, რომელიც საქართველოშია ჩამოყალიბებული“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება სასამართლო სისტემას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ ფუნდამენტურად არის შეცვლილი ვითარება სასამართლოშიც.
„ადმინისტრაციული საქმეებში 55 %-ით არის შემცირებული ისეთ საქმეთა რაოდენობა, სადაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული ხელისუფლების სასარგებლოდ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რადიკალურად და ფუნდამენტურად არის შეცვლილი ვითარება სასამართლო სისტემაში. მეორე სტატისტიკური მაჩვენებელი - წინასწარი პატიმრობა - გახსოვთ, როგორ კმაყოფილდებოდა და რა სტატისტიკით ასეთი წარდგინებები. 49 %-დან 29 %-მდე არის ჩამოსული ეს მაჩვენებელი. რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებისთვის სასამართლო სისტემა მოქმედებს სამართლიანად. არის მხოლოდ რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელი საქმე, რომელთან დაკავშირებით საუბრობენ დამოუკიდებლობის არარსებობაზე მხოლოდ ჩვენი ოპონენტები და ყველა საქმის მიმართ მათ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტური ინტერესი.
ეს არის, მაგალითად, „რუსთავი 2“-ის საქმე, რომელიც განიხილებოდა სასამართლო სისტემის მიერ, ეს იყო ე.წ. „კაბელების“ საქმე და ე.წ. „პოლიტპატიმრების საქმე“.
რაც შეეხება დანარჩენ სივრცეს, რომელიც გვაქვს სასამართლო სისტემაში, მთელი სასამართლო სისტემა არის მთლიანად დამოუკიდებელი და არანაირი კითხვის ნიშნები ადმინისტრაციული სამართლის სფეროში, სისხლის სამართლის სფეროში, სამოქალაქო სამართლის სფეროში უბრალოდ არ არსებობს. რა თქმა უნდა, პრობლემები ნებისმიერ სასამართლო სისტემას აქვს, ამაზეც უნდა ვისაუბროთ ჩვენ, თუმცა, რაც შეეხება ვითარებას, სასამართლოს კრიზისზე საუბარი არის უბრალოდ არასწორი და არის ძალიან მძიმე დარტყმა იმ სასამართლო სისტემაზე, რომელიც ფუნდამენტურად შეიცვალა 2012 წლის შემდეგ და ეს არის სურათის არასწორად წარმოჩენა. ყველა მიმართულებით, რაც არის დაკავშირებული ადამიანის უფლებებთან, ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური გაუმჯობესება, უამრავი რამ კეთდება იმისთვის, რომ რწმენის თავისუფლება იყოს დაცული სათანადოდ, უმცირესობის უფლებები იყოს დაცული, ტოლენარტული სულისკვეთება იყოს განმტკიცებული ჩვენ საზოგადოებაში და ა.შ.“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე შეფასებით, პრეზიდენტის მხრიდან მძიმე ბრალდებები გაისმა ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც. ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეგიონში შექმნილ მძიმე ვითარებაში, მთავრობა ზრდის ოპტიმალური მაჩვენებლების მიღწევას ახერხებს.
„2012 წლის შემდეგ საქართველო გახდა ერთ-ერთი ლიდერი რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ანუ ეს არის რეალური სურათი, რომელიც აუცილებლად უნდა დავანახოთ მოქალაქეებს. პირველად მივაღწიეთ ჩვენ იმას, რომ 10 ათას დოლარს გადასცდა ერთ სულ მოსახლეზე მშპ. დასაქმებაზე იყო საუბარი, თითქოს არაპროპორციულად აისახება მშპ-ს ზრდა დასაქმების მაჩვენებელზე. ამ დროს შემიძლია გითხრათ,რომ 2013, 2014, 2015 წლების განმავლობაში 90 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდა მარტო დაქირავებით დამატებით, მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულებზეა საუბარი, როდესაც იგივე მაჩვენებელი 9 წლის განმავლობაში იყო 45 ათასი. ანუ ამ 3 წლის განმავლობაში დასაქმდა იმაზე ორჯერ მეტი დაქირავებით, ვიდრე გასული 9 წლის განმავლობაში. ეს არის რეალური სტატისტიკა, რომელიც შეგვიძლია მოვიყვანოთ“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ინფრასტრუქტურაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რეალობაში ამ შემთხვევაშიც განსხვავებული სურათია. ენერგეტიკის სფეროზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა და განაცხადა, რომ „2007-2012 წლებში მთელი დადგმული სიმძლავრეების რაოდენობამ შეადგინა 8 მეგავატი. 2013-2016 წლებს რაც შეეხება, შეადგინა 415 მეგავატი. ეს დადგმული მეგავატები არ არის მხოლოდ ენერგეტიკა, ეს არის პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა“.
პარლამენტის თავმჯდომარემ არ გაიზიარა პრეზიდენტის მოსაზრებები ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი სარგებელი მოიტანა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროს პროექტებმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.