საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შეფასებისას, ანგარიშში ასახული საკითხების შესახებ, კოლეგებს საკუთარი ხედვა გააცნო.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ - შეუქცევადია.
„ჩვენ გვაქვს შეუქცევადი სვლა და დაჩქარებული სვლა ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებისკენ და ეს არის სწორედ ამ ხელისუფლების მიღწევა და ეს არის განსაკუთრებით, პრემიერმინისტრ კვირიკაშვილის მიღწევა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციისკენ. და მეორე უმნიშვნელოვანესი მიღწევა ეს არის რადიკალურად შემცირებული საგარეო პოლიტიკური საფრთხეები, რაც არის ასევე ამ ხელისუფლების მიღწევა და იმ პრაგმატული პოლიტიკის მიღწევა, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, სადამდე მიიყვანა ჩვენი ქვეყანა არაპრაგმატულმა პოლიტიკამ სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ და ამ ყველაფრის პარალელურად, ჩვენ ვახორციელებთ ძალიან დიდი წარმატებით არაღიარების პოლიტიკას. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო წითელი ხაზები ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსში და ეს წითელი ხაზები გადის რა თქმა უნდა, დეოკუპაციაზე და ამ მიმართულებით, სახელმწიფო იქნება ძალიან პრინციპული და ამ წითელ ხაზს დაიცავს ბოლომდე“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „მთავარი ამოცანა არის სწორედ ის, რომ ჩვენ შესაბამისობაში მოვიყვანოთ ჩვენი კონსტიტუცია კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და შევქმნათ ისეთი კონსტიტუციური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“. მისივე თქმით, მოქმედი რედაქციაში ბევრი რამ არის გასასწორებელი, მათ შორის, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, ასევე, საარჩვენო სისტემა. ირაკლი კობახიძის თქმით, „არც ერთ ხელისუფლებას დღემდე არ გადაუდგამს ნაბიჯი პროპორციული სისტემისკენ და დღეს ამაზე მიდის საუბარი მთელი სერიოზულობით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში“.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სათანადოდაა მოსაწესრიგებელი პარლამენტის და მთავრობის ურთიერთობები, ასევე, მთავრობისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებები არის მოსაწესრიგებელი. მისივე განცხადებით, თითოეული რეგულაცია ვენეციის კომისიის დასკვნების და რეკომენდაციების შესაბამისად გადაისინჯება.
„პრეზიდენტის სტატუსი არის მთლიანად შენარჩუნებული. დღეს ისიც კი ითქვა, რომ თითქოს პრეზიდენტი აღარ იქნება უმაღლესი მთავარსარდალი. პრეზიდენტი ამ რედაქციის თანახმად რჩება უმაღლეს მთავარსარდლად და უნარჩუნდება ყველა ის ნიშან-თვისება, რომელიც არის კონსტიტუციის შესაბამის მუხლებში გაწერილი.
რაც შეეხება უფლებამოსილებებს, აქაც გვაქვს ჩვენ ყველა გადასინჯვას აქვს მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი საფუძველი. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტის სტატუსი ან უფლებამოსილებები იკვეცება - არის არასწორი და ადამიანების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევნებს - აქ მე დეტალებში არ შევალ, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი - ჩვენ გვქონდა არაერთი მსჯელობა თავად კომისიის, ასევე, კონფერენციების ფორმატში, ძალიან ფართო ფორმატი იყო, მაგალითად, ბოლო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ იყო ორგანიზებული ასეთი კონფერენცია. იქ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ რამდენიმე ძალიან ძლიერი არგუმენტი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ უმჯობესია, გადასვლა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე და იქვე ვთხოვე მე ოპონენტებს, რომ კონტრარგუმენტები წარმოედგინათ. ვერცერთ ფორმატში ვერცერთი ღირებული არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი, რომლითაც ოპონენტები დაასაბუთებდნენ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების უპირატესობას. ჩვენ შეგვიძლია ხალხი მარტივად მოვატყუოთ - ხალხს თუ დაუსვამ კითხვას, რა სჯობია - შენ აირჩიო პრეზიდენტი, თუ სხვამ აირჩიოს, პასუხი იქნება, რომ ჯობია, მე ავირჩიო. ეს იქნება შეცდომაში შეყვანის მცდელობა და მეტი არაფერი. სინამდვილე არის ის, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა განისაზღვროს სისტემის არსიდან გამომდინარე და თუ ჩვენ ადამიანებს არასწორად მივაწვდით ამ ყველაფერს, ბუნებრივია, მათი რეაქციაც იქნება შესაბამისი“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები კომისიის მუშაობის პროცესში მონაწილეობას არ იღებენ.
„უფრო მეტიც, სამწუხაროდ, პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია აწარმოებენ ღია კამპანიას კომისიის წინააღმდეგ. ეს არის ყველასთვის თვალსაჩინო და უფრო მეტიც, მე დაახლოებით ერთი კვირის წინ მომაწოდეს სარწმუნო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონსულტაცია იმართება ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ცალკეულ პარტიებთან ადმინისტრაციის მხრიდან იმასთან დაკავშირებით,რომ მათ დატოვონ კომისიის რიგები. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია და იმედია, რომ ასეთ შედეგს ჩვენ არ ვიხილავთ“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საერთო პოლიტიკური ფონი 2012 წლის შემდეგ რადიკალურადაა შეცვლილი - თვისობრივადაა გააქტიურებული სამოქალაქო სექტორი, უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი, ხელისუფლებას ჰყავს ოპოზიცია, რომელსაც საკუთარი მოსაზრების სხვადასხვა ფორმატში გამოხატვის სრული შესაძლებლობა აქვს. მისივე თქმით, არის სირთულეებიც, თუმცა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს არსებული პრობლემების დასაძლევად. მისივე თქმით, სწორედ ამას ემსახურება მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმაც.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესი გამოწვევა პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციაა.
„ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი გამოწვევა - პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია და ეს გამოწვევა განსაკუთრებით აქტუალურია იმ პირობებში, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან პოლარიზებული და რადიკალიზებული საპარლამენტო არჩევნები გასულ წელს. ასეთ დროს, ასეთი გამოწვევების პირობებში, საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა იყოს განხეთქილების ხელშემწყობი პოლიტიკურ სისტემაში და ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ სამწუხარო ტენდენციას - რეალურად, პრეზიდენტის მხრიდან წარიმართება პროცესები, რომელიც ხელს უწყობს ორი ბანაკის ჩამოყალიბებას. ეს არის ის რეალობა, რომელიც გვაქვს სახეზე და ეს ძალიან ცუდია. და ასევე, ჩვენ ვხედავთ დაპირისპირებას კონკრეტულ ინსტიტუტებთან, კონსტიტუციური ორგანოებთან და ესეც, რა თქმა უნდა, არ არის შესაბამისობაში იმ კონსტიტუციურ როლთან, რომელიც არის გაწერილი პრეზიდენტის მიმართ საქართველოს კონსტიტუციაში.
ხშირად გვესმის ჩვენ არაკორექტული გამონათქვამები, რაც ბუნებრივია, ჩვენთვის მიუღებელია, განსაკუთრებით, პრეზიდენტის მხრიდან - ერთხელ სატელევიზიო ჩართვისას აღნიშნა ბატონმა პრეზიდენტმა, რომ მას არასდროს გაქცევია სიტყვა, თუმცა, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო მოხელეებს გაურბით სიტყვა და ძალიან მძიმე ფორმით გაურბით სიტყვა, ეს იმას ნიშნავს,რომ პრეზიდენტს გაურბის სიტყვა და ამიტომ, საუბარს იმაზე, რომ ჩვენ არ გაგვირბის სიტყვა, ჯობია, მართლა არ გაგვექცეს ასეთი სიტყვები და ვიყოთ კორექტულები როგორც ჩვენი კოლეგების მიმართ, ასევე, სხვა კონსტიტუციური ორგანოების მიმართ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასეთ პირობებში, პრეზიდენტს შეუძლია, ხელი შეუწყოს პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას.
ბოლოს მე ვიტოვებ იმედს, რომ ზოგადად, შეიცვლება პრეზიდენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიდგომა კონსტიტუციური ინსტიტუტების მიმართ, პოლიტიკური პროცესების მიმართ. მიდგომის ასეთი ცვლილება პრეზიდენტს მისცემდა შესაძლებლობას, რომ თავისი მნიშვნელოვანი, დადებითი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში, რაც არის ჩვენი ყველას, საერთო საქმე“, მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.