„დებატები შედგა. მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან ბევრი კრიტიკა მოვისმინე საკუთარი თავის მიმართ, ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი და ბუნებრივიცაა; ერთი მხრივ, სახელისუფლებო მხარე მაკრიტიკებდა, რომ ვიყავი ზედმეტად კრიტიკული, მეორე მხრივ, ოპოზიციისთვის არ ვიყავი საკმარისად კრიტიკული', განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში გამართული დებატების შეფასებისას.
„მე თავიდანვე მოგახსენეთ, რომ არ ვარ არცერთი პარტიის პრეზიდენტი. ვცდილობ, პარლამენტში წარმოვადგინო ხალხის აზრი და ხალხის შეხედულებები.
მე მიზნად არ გამიხდია, ან ზედმეტად მხარი დამეჭირა ხელისუფლების წარმატებებისთვის, ან ზედმეტად გამეკრიტიკებინა ის, რაც გაკეთდა.
მე მოგაწოდეთ საზოგადოების შეხედულებები და ხალხის აზრი. ხალხს აქვს პრობლემებიც, მიუხედავად იმ სტატისტიკური მონაცემებისა, რომელთა სიზუსტეზე მე ახლა არ ვიდავებ.
კარგი იქნება გაესაუბროთ საზოგადოებას და იმ გასაჭირს შეხედოთ პირდაპირ თვალებში, რომელიც მე თქვენამდე მოვიტანე და, რომლის შინაარსიც შემდეგშია: ხალხს უჭირს, არის პრობლემები; მათ ესმით წარმატებებიც , მაგრამ არის სერიოზული გასაჭირიც და მათ უნდათ ამ გასაჭირის გაზიარება, და მათ თქვენი ყურადღება სჭირდებათ.
ვხედავ ბევრ გაჭირვებას და მე ამ გაჭირვებას ვერ ვუპასუხებ სტატისტიკით. მით უმეტეს, სტატისტიკით, რომელიც რატომღაც ედრება 2012 წელს.
საინტერესო იყო ჩემთვის იმის მოსმენა, რომ თურმე 2012 წლის მერე გარკვეული ცვლილებებია მიღწეული. რა თქმა უნდა, მიღწეულია გარკვეული ცვლილებები, გარკვეული წინ გადადგმული ნაბიჯებია, მაგრამ ცოტა უცნაურია, როდესაც მე მახსენებენ ამას ადამიანები, რომლებიც ძალიან ხშირად ხელისუფლების კრიტიკოსებად 2012 წლამდე არ მინახავს.
ამაზე ძალიან საინტერესოდ ილაპარაკა ქალბატონმა ინაშვილმა. მე, რატომ მახსენებთ, ან, რატომ ედრებით 2012 წელს.
საზოგადოების წინაშე დღეს არის პრობლემები, ეს პრობლემები დღეს გადასაჭრელია, და ამ პრობლემებს უნდა გავუსწოროთ თვალი. მესმის გაღიზიანება იმასთან დაკავშირებით, რომ მე თქვენ გიზიარებთ ამ პრობლემებს, მაგრამ, ამავე დროს, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სირთულეები გადასაჭრელია.
ესაუბრეთ საზოგადოებას; იარეთ ჩემთან ერთად რაიონებში. არავითარი პრობლემური ამაში არ არის, რომ საკონსტიტუციო თემატიკაზე ვესაუბროთ ხალხს, საზოგადოებას, ვკითხოთ მათ აზრი, როგორ მიაჩნიათ - როგორი უნდა იყოს კონსტიტუცია; მოვისმინოთ მათი აზრი და პარალელურად მოვისმინოთ იმ პრობლემების შესახებ, რომელსაც საზოგადოება გვიზიარებს.
ეს არ არის რთული. რთულია პრობლემების გადაჭრა, მაგრამ, როდესაც გაქვთ უშუალო ურთიერთობა საზოგადოებასთან, ვფიქრობ, რომ ეს ბევრად მეტ პოზიტივს მოგიტანს და ბევრად მეტად წინ წაწევს იმ პოლიტიკურ დებატებსაც, რომელიც აქ მიმდინარეობს.
ძალიან ხშირად, მე აქ ვხედავ მსჯელობას ორ პოლუსს შორის. ამ ორ პოლუსს გარდა არსებობს ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს პოლიტიკური დაპირისპირება, რომელსაც არ აინტერესებს რაღაც თემების ერთმანეთისათვის მუდმივად წამოძახება; ადამიანი, რომელსაც გადასაჭრელი აქვს ყოველდღიური სირთულეები.
ამ თვალსაზრისით, მე პოზიცია არც 2012 წლამდე შემიცვლია და არც 2012 წლის მერე; ერთი და იგივე პოზიციებს ვაფიქსირებდი და, ერთი და იგივე პოზიციებს ვემსახურებოდი 2000 წელსაც, 2003-შიც, 2012-სა და 2016-შიც, და გიზიარებთ ამ პოზიციებს იმ იმედით, რომ ამ დიალოგის ფარგლებში დავინახავ გარკვეულ სულისკვეთებას გადაჭრისკენ.
ამასთან ერთად, მინდა გითხრათ, რომ არის თემები, რომლებშიც მე დარწმუნებული ვარ ჩვენ არ უნდა ვიყოთ გაყოფილი, არამედ უნდა ვიყოთ სრულიად ერთსულოვანი, ვიყოთ ერთიანი ძალიან მტკიცედ, როდესაც ეს ეხება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე პოზიციის დაფიქსირებას, საგარეო პოლიტიკურ კურსს, და მე ეს უკვე აღვნიშნე, რომ პარლამენტმა ძალიან სწორი სულისკვეთების გადაწყვეტილება მიიღო შარშან, 29 დეკემბერს.
შესაბამისად, კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ შინაარსობრივი დებატებისთვის. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ გარკვეული გაუცხოების ფონზე, როდესაც რაღაცნაირი მცდელობა იყო იზოლაციის, აი ეს ნაბიჯი, რომ დღეს გაიმართა დებატები, იყო წინგადადგმული;
ჩვენ ვნახავთ მეტ თანამშრომლობას, მეტ კონსულტაციებს, მეტ ინსტიტუტებს შორის ურთიერთობას და ამ თვალსაზრისით, ასევე მეტ ურთიერთობას საზოგადოებასთან იმიტომ, რომ ნამდვილად ბევრ საკითხთან მიმართებაში, მათ შორის, საკონსტიტუციო საკითხებთან მიმართებაში, მიმაჩნია, რომ ხალხის აზრი უნდა იყოს მოსმენილი.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ფუნდამენტურ გადასინჯვაზე გარკვეული საკითხების, ვფიქრობ, რომ გარკვეულ თანხმობამდე უნდა მივიდეთ“, განაცახადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.