ჩრდილოეთ კორეასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მიმდინარე დაძაბულობის ფონზე ჩინეთმა ახალი ავიამზიდი გამოუშვა. ის ქვეყნის მეორე - „ლიაონინის“ შემდეგ - და შინ შექმნილი პირველი ავიამზიდია.
როგორც BBC ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, ჯერჯერობით უსახელო გემი ჩრდილო-აღმოსავლეთ პორტ დალიანში იქნა გადატანილი. გავრცელებული ცნობით, ის მოქმედებაში 2020 წლისთვის იქნება.
ჩინეთს მხოლოდ ერთი მოქმედი ავიამზიდი ჰყავდა, „ლიაონინი“, რომელიც მან უკრაინიდან შეიძინა და გაარემონტა.
ორშაბათს კი შეერთებული შტატების წყალქვეშა გემი სამხრეთ კორეას მიადგა. როგორც BBC იუწყება, რაკეტებით აღჭურვილი „USS Michigan“-ი იმ სამხედრო გემებს შეუერთდება, რომლებიც ავიამზიდ „Carl Vinson“-ის მეთაურობით კორეის ნახევარკუნძულის ტერიტორიული წყლებისაკენ მიემართებიან.
ფხენიანმა კვირას განაცხადა, რომ იგი მზადაა შეერთებული შტატების ავიამზიდის ჩასაძირად, რომ აჩვენოს მისი სამხედრო ძლევამოსილება, მაშინ როდესაც იაპონიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ორი გემი წყნარი ოკეანის დასავლეთით ამერიკის ავიამზიდი ჯგუფის წვრთნებს შეუერთდა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „USS Carl Vinson“-ის სამხედრო-საზღვაო ბომბდამშენი ლეგიონის კორეის ნახევარკუნძულის ტერიტორიულ წყლებში გადასროლის ბრძანება აპრილის დასაწყისში გასცა, რაც ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო გამოცდების და ფხენიანის მხრიდან შეერთებულ შტატებსა და მის აზიელ მოკავშირეებზე თავდასხმის მუქარებს უკავშირდება.
შეერთებულ შტატებს არ მიუთითებია თუ სად იმყოფება თავისი სამხედრო-საზღვაო ბომბდამშენი ლეგიონი, თუმცა „როიტერსის“ თანახმად, ის დანიშნულების ადგილს უახლოვდება.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა შაბათს განაცხადა, რომ ავიამზიდი „რამდენიმე დღეში“ ჩავა განსაზღვრულ ადგილას, მაგრამ მას სხვა დეტალები არ უხსენებია.
ამასობაში, შეერთებული შტატების სენატს სრული შემადგენლობით სთხოვეს, ოთხშაბათს, თეთრ სახლში ჩრდილოეთ კორეის საკითხის განხილვას დაესწროს.
ჩრდილოეთ კორეა კი გამომწვევი რჩება.
„ჩვენი რევოლუციური ძალები იმყოფებიან საბრძოლო მზადყოფნაში, რათა ერთი დარტყმით ჩაძირონ შეერთებული შტატების ბირთვული ავიამზიდი“, წერს ჩრდილოეთ კორეის მმართველი „მუშათა პარტიის“ გაზეთი „როდონგ ცინმუნი“ მე-3 გვერდზე. წინა 2 გვერდზე კი სტატია ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მიერ ღორების ფერმის ინსპექტირებას ეთმობა.
ჩრდილოეთ კორეამ თავისი, კორეის ხალხის არმიის დაარსების 85-ე წლისთავი სამშაბათს აღნიშნა.
„როიტერსის“ ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ 5 ბირთვული გამოცდა მოაწყო, ორი მათგანი გასულ წელს, და იგი ისეთი ბირთვული რაკეტების განვითარებაზე მუშაობს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონტინენტს მისწვდება.
ჩრდილოეთ კორეის მზარდი ბირთვული და სარაკეტო საფრთხე შესაძლოა უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, რომლის წინაშეც ტრამპი დგას, წერს ახალი ამბების სააგენტო და განაგრძობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ არ დაუშვებს ჩრდილო კორეამ დარტყმა მიაყენოს შეერთებულ შტატებს ბირთვული რაკეტებით და ყველა არჩევანი, მათ შორის სამხედრო თავდასხმაც განიხილება. ჩინეთმა კი მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
ამასობაში შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა თავისი THAAD-ის ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემის ნაწილების სამხრეთ კორეის სამხრეთით გადატანა დაიწყეს, რაც ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო და ბირთვული პროგრამებისაგან მომდინარე წუხილს უკავშირდება.
აღნიშნულმა ნაბიჯმა, რომელიც პენტაგონმა მოსალოდნელზე ადრე გადადგა, ასეულობით ადგილობრივი მცხოვრების პროტესტი წარმოშვა. გადაწყვეტილება გაკიცხა სამხრეთ კორეის 9 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის ყველაზე მაღალი შანსის მქონე კანდიდატმა, მუნ ძე-ინმა.
ახალი ამბების სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, მისმა პრესმდივანმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებამ „იგნორი მოახდინა საზოგადოებრივი აზრის და სათანადო პროცესის“ და მოითხოვა განლაგების შეჩერება იმ დრომდე, სანამ პრეზიდენტის მომავალი ადმინისტრაცია ჩამოყალიბდება და თავისი პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.
შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა გასულ წელს შეთანხმდენ უმაღლესი თავდაცვის სისტემის (THAAD - შეერთებული შტატების ანტი-ბალისტიკური სარაკეტო სისტემა, რომელიც ახლო, საშუალო და შუალედური დიაპაზონის ბალისტიკური რაკეტების მათი საბოლოო ფაზაში ჩამოგდებისთვისაა განსაზღვრული) განლაგებაზე, რაც ჩრდილო კორეის სარაკეტო დარტყმების საფრთხეს უკავშირდება. ამ ნაბიჯმა კი ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეის უახლოესი დიპლომატიური მოკავშირე, გააბრაზა. ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ მოწინავე სისტემის განლაგება მცირე რამეს თუ იზამს ჩრდილოეთ კორეის შესაკავებლად და ის რეგიონალური უსაფრთხოების ბალანსის დესტაბილიზებას გამოიწვევს.
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ THAAD-ის ზოგიერთი შემადგენელი ნაწილები ქვეყნის სამხრეთით გადაადგილდა იმ ადგილმდებარეობისაკენ, სადაც გოლფის მოედანია.
„სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები მუშაობენ THAAD -ის სისტემის ადრეული ექსპლუატაციის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად - ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო საფრთხის საპასუხოდ“, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ სისტემა მუშა მდგომარეობაში სავარაუდოდ, წლის დასასრულისთვის იქნება.
„როიტერსი“ წერს, რომ სატელვიზიო კადრებში ჩანს, თუ როგორ გადააქვთ სამხედრო სატრანსპორტო საშუალებებს მისაბმელი ტექნიკით დიდი მოცულობის მოწყობილობები სეულის სამხრეთით, დაახლოებით 250 კილომეტრში. ვიდეოკადრებში ასევე ჩანს, თუ როგორ ტყორცნიან ადგილობრივები წყლის ბოთლებს სატრანსპორტო საშუალებებს და თუ როგორ ცდილობს პოლიცია მათ ბლოკირებას.
პენტაგონმა განაცხადა, რომ თავდაცვითი სისტემის განლაგება იყო კრიტიკული ღონისძიება დაიცვას სამხრეთ კორეა და მისი მოკავშირეები ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო საფრთხეებისაგან და ის, „რაც შეიძლება მალე“ დაასრულებს ამ განლაგებას.
როგორც „როიტერსი“ წერს, შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის სამხედროები სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ცდილობენ სისტემის განლაგების პროგრესზე ნაკლები ისაუბრონ.
მუნმა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტი კანდიდატია, განაცხადა, რომ სამხრეთ კორეის ახალმა ადმინისტრაციამ - მას შემდეგ რაც საზოგადოებრივ აზრს შეკრებს და ვაშინგტონთან შემდგომი განხილვები ექნება - უნდა გადაწყვიტოს მოხდება თუ არა THAAD-ის სისტემის განლაგება ქვეყანაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.