დღეს ისრაელის საელჩოში იომ ჰაზიკარონის, ანუ ისრაელის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში შაბთაი ცურმა სიტყვა წარმოთქვა.
როგორც მან აღნიშნა, იმისათვის, რომ ისრაელი უსაფრთხო და ძლიერი იყოს, ყველა ადამიანი უნდა გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს.
„დღეს, ხსოვნის დღეს ჩვენი შვილების, ჩვენი ერის ჭეშმარიტი გმირების მოსაგონებლად შევიკრიბეთ, რომლებმაც სიცოცხლე ისრაელისთვის ბრძოლას შესწირეს. სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს ამ წმინდა გულის მქონე გამბედავი ჯარისკაცების მოგონება, რომლებმაც ჩვენი მიწისა და ხალხისთვის დადეს თავი და გამბედაობისა და სულიერი ძალის წყალობით დაამარცხეს მტერი. ისინი ჩვენს კეთილდღეობას, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას შეეწირნენ.
მორიგი წელიწადი გავიდა და სევდა და ტკივილი სრულებით არ განელებულა. სამწუხაროდ, წლეულს ბევრი ადამიანი დავკარგეთ და არაერთი ოჯახი დაგვიქვრივდა. საფლავების გაჩენამ გვატკინა გული, ეს საფლავები ჩვენს შვილებს ეკუთვნით, რომლებიც საკუთარ თავზე მეტად გვიყვარდა, ახლა კი ჩვენს გვერდით აღარ არიან.
ხსოვნის დღე ეროვნული გლოვის დღეა და ისრაელის თითქმის ყველა ოჯახს აკლია ერთი წევრი მაინც. დღევანდელ დღეს ჩვენს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს და ყველანი ერთი მგლოვიარე ოჯახის წარმომადგენლები ვართ. ჩვენ ვტირით მათთან ერთად, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგეს და მათი ტკივილის გვესმის“, განაცხადა ელჩმა და განაგრძო, რომ ისრაელის სახელმწიფო, მის მიერ არჩეული გზა და მისი ინსტიტუტები იმ გმირების ცოცხალი მაგალითია, რომლებმაც ამ ქვეყნისა და ხალხის დაცვისთვის გაწირეს სიცოცხლე.
შაბთაი ცურმა თქვა, რომ ისრაელის, „ამ არაჩვეულებრივი ადგილის შენებას თან ახლავს ცრემლები და სევდა და შენება ჯერაც არ დაგვიმთავრებია“.
„ჩვენ იმედგაცრუებას არ უნდა მივეცეთ, სწორედ იმათ გამო, ვინც დავკარგეთ. მათი ხათრით ძლიერები და მიზანმიმართულები უნდა ვიყოთ და ერთად დგომით აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ ვიბრძვით სიცოცხლისა და არსებობის უფლებისთვის, ვიცავთ სახლებს, ოჯახებსა და სამსახურებს.
ჩვენ ის ხალხი ვართ, ვისაც მშვიდობა უნდა, მაგრამ მისი მოპოვება მხლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ერთადერთი გარანტია იმისა, რომ მტრის წინაშე არ შევდრკებით, ჩვენი ძლიერებაა. ჩვენი ჯარი ძლიერია და ფარად და მცველად გვემსახურება. ვლოცავთ ყოველ მათგანს და დაცვის სამსახურში მდგარ თითოეულ ადამიანს.
იმედი გვაქვს, 69–ე დამოუკიდებლობის დღე ისრაელს მშვიდობას მოუტანს და მომავალში ომი ან ძალადობა დავიწყებას მიეცემა“, განაცხადა ელჩმა.
ინფორმაციას ისრაელის საელჩო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.