„საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა, იზიარებს ევროპულ ღირებულებებს. ჩვენ გვესმის, თუ რას ნიშნავს ევროპული იდეების ერთგულება და ჩვენ მზად ვართ, შევიტანოთ ჩვენი წვლილი ევროპაში სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საერთო საქმეში," განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი ღონისძიებას ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად დაესწრო. პრემიერმა დამსწრე საზოგადოებას ევროპის დღე მიულოცა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
„9 მაისი მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის, ვინც იზიარებს ისეთ ევროპულ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის ღირსება, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა, ვინც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს. აი, ასეთ ევროპას ვხედავთ ჩვენ, რომლის დასაცავად ძალ-ღონეს არ დავიშურებთ: თავისუფალი, ტოლერანტული და მოქალაქეებზე ორიენტირებული ევროპა; თავდაჯერებული და, ამავდროულად, თავმდაბალი ევროპა; ევროპა კედლებისა და ბარიერების გარეშე; ევროპა, რომელიც ზრუნავს თავის უსაფრთხოებაზე, რათა ხელი შეუწყოს სხვათა მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას.
ერთი სიტყვით, ერთიანი და თავისუფალი ევროპა. პოლიტიკოსებს უნდა ჰქონდეთ ხედვა და თავიანთი მოქალაქეებისთვის მისი წარმატებით გაცნობის უნარი. ევროპა არის ჩემი ხედვა, ხოლო საქართველო ევროპაში არის ჩვენი მოქალაქეების მისია, და ეს არ გახლავთ ლიტონი სიტყვები. ჩვენ ამის გვწამს," აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კულტურულად, ისტორიულად და პოლიტიკურად საქართველო ევროპაა, რომელიც ათწლეულების მანძილზე ადგას ევროპისკენ მიმავალ გზას.
პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს გრძელვადიანი სტრატეგიული პრიორიტეტია, რომელიც ეფუძნება ქართველი ხალხის ნებას.
„დღეს ჩვენ ვართ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების უპრეცედენტო ზრდის მოწმენი: ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე და ჩვენი დიდი მიღწევა - უვიზო მიმოსვლა. პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ინსტიტუციურად, ვერც ერთი ქვეყანა ჩვენს რეგიონში ვერ დაიკვეხნის ასეთ დაახლოებას ევროკავშირთან. ჩვენი მიზანია ამ პარტნიორობის მიერ შეთავაზებული პერსპექტივების მაქსიმალურად გამოყენება, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროკავშირთან და გააჩენს ახალ ევროპულ შესაძლებლობებს. პირველ რიგში, ევროპა გულისხმობს მდგრად დემოკრატიას, სამართლიან სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ურყევ გარანტიებს და რეალურად ჯანსაღ და სანდო საინვესტიციო გარემოს. საქართველო იღებს ვალდებულებას, ყველა სფეროში, ყველა დარგში, ყველა მიმართულებით გახდეს ევროპული ქვეყანა," განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.