საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტს ზესტაფონის და თერჯოლის მოსახლეობა გაეცნო. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში გამართული შეხვედრის მონაწილეებს, კონსტიტუციური ცვლილებების ძირითადი არსი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააცნო.
„ძლიერი პარლამენტი ეს არის საპარლამენტო ქვეყნების მოწყობის ფუნდამენტი. ამიტომ, წარმოდგენილი ცვლილებებით ძლიერდება პარლამენტის როლი, რაც ოპოზიციისთვის საგამოძიებო დროებითი კომისიის შექმნის უფლებამოსილების მინიჭებით და მთავრობის პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებულების გაზრდით გამოიხატება“, აღნიშნა ფრაქციის თავმჯდომარემ. მამუკა მდინარაძე საარჩევნო სისტემის ცვლილებებს, არჩევნებში გამარჯვებული პარტიისთვის ე. წ. ბონუსის მინიჭებას, საარჩევნო ბლოკების გაუქმებას და პრეზიდენტის არჩევის წესსაც შეეხო. ფრაქციის თავმჯდომარე მიწის განკარგვასთან დაკავშირებულ რეგულაციებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მიწას განსაკუთრებულ რესურსად მიიჩნევს და შესაბამისად, მისი განკარგვისთვის სპეციალურ ორგანულ კანონს აწესებს. მანვე შრომითი უფლებების გარანტიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შრომითი ინსპექცია, რომელიც 2006 წელს გაუქმდა, 2015 წლიდან ისევ აგრძელებს მუშაობას და ხელისუფლება ზრუნავს შრომითი უფლებების კიდევ უფრო დახვეწის მიზნით დამატებითი ღონისძიებები გაატაროს.
საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან ირმა ინაშვილმა, გიორგი წერეთელმა და ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისაუბრეს. გამომსვლელების ძირითადი კრიტიკა ე.წ. ბონუსის სისტემის შემოღებას და მისი გაუქმების მოთხოვნას უკავშირდებოდა. გიორგი წერეთელმა კონსტიტუციური პროექტის ერთ-ერთ დადებით სიახლეზეც ისაუბრა და ამ მხრივ ყურადღება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაზე გაამახვილა, სადაც საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციაზეა საუბარი. ირმა ინაშვილმა თავისი პოზიცია საყოველთაო-სახალხო განხილვების მნიშვნელობაზეც გამოხატა და განაცხადა, რომ მსგავსი შეხვედრების შედეგი კონსესუსის მიღწევას და პოზიციების შეჯერებას უნდა ემსახურებოდეს.
ზესტაფონში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას პარლამენტის წევრმა, ანრი ოხანაშვილმაც მიმართა. მისი განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საქართველოს მოსახლეობის დაკვეთით მომზადდა, რათა ქვეყანის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება არ შეფერხდეს და უკეთესი მომავალი იყოს უზრუნველყოფილი. ანრი ოხანაშვილი კონსტიტუციის მეორე თავს და იქ მოცემულ მნიშვნელოვან სიახლეებსაც შეეხო, რომლებიც ადამიანის ძირითად უფლებებს კონსტიტუციურ დონეზე განამტკიცებს. მისი განცხადებით, კონსტიტუციაში ცალკე მუხლად გაიწერება სოციალური სახელმწიფოს არსი, რაც სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიდგომის მაღალ ხარისხზე მეტყველებს.
გამოსვლების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. ადგილობრივები მაჟორიტარული სისტემის გაუქმების, უცხოელ მოქალაქეებზე მიწის პრივატიზების, პრეზიდენტის არჩევის და საპარლამენტო მმართველობის ძირითად პრინციპებით დაინტერესდნენ. დასმულ კითხვებთან დაკავშირებით კომისიის წევრებმა მოსახლეობას საკუთარი პოზიციები გააცნეს და დამატებითი განმარტებები გააკეთეს.
კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ხვალ სამტრედიაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრით გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.