ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ გულითადად მივესალმო ჩემს კოლეგას და მეგობარს, ბატონ ბინალი ილდირიმს და თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას, რომელთა მასპინძლობის პატივი გვერგო დღეს თბილისში, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომის ფორმატში. აღნიშნული ფორმატი ნათლად ასახავს იმ სრულიად განსაკუთრებულ და სტრატეგიულ ურთიერთობებს, რომელიც ორ სახელმწიფოს აკავშირებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ხაზგასმით მსურს აღვნიშნო დღევანდელი დღის ისტორიული მნიშვნელობა. დღეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს ვზეიმობთ, თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები გვაკავშირებს. არ შეიძლება არ ითქვას, რომ თურქეთის რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, დღეს კი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ქართველი ხალხი ამას განსაკუთრებით აფასებს.
სტრატეგიული საბჭოს ფორმატი ეფექტური მექანიზმია, მაქსიმალურად გაფართოვდეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ჩარჩოები, დაისახოს ახალი პერსპექტიული მიმართულებები. ამასთანავე, საქართველო და თურქეთის რესპუბლიკა უკვე მრავალი წელია, ავითარებენ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას მთელი რიგი მიმართულებებით.
ჩვენ გვქონდა ძალზედ ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული შეხვედრა. შეხვედრის დროს, მოგვეცა შესაძლებლობა, განგვეხილა ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი. კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთქმედების მაღალი ინტენსივობა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
მხარეებს შორის გაიცვალა მოსაზრებები რეგიონსა და გლობალურად მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან დაკავშირებით.
კმაყოფილებით აღვნიშნეთ პოლიტიკური ურთიერთობების ინტენსივობა, რაც აისახება მაღალი დონის ვიზიტების დინამიკაში და იმ შედეგებში, რომელიც კონკრეტულ სფეროებში გაგვაჩნია - ინტეგრაციის მიმართულებით სხვადასხვა სფეროში და თურქეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს ევროპული მისწრაფებების გზაზე ამ უაღრესად მნიშვნელოვანი როლის შესრულებას. თურქეთი, ასევე ჩვენი საიმედო პარტნიორია თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში და ამ მიმართულებითაც მხარეები განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას.
შეხვედრის მსვლელობისას დავსახეთ ორმხრივი ვაჭრობის შემდგომი გააქტიურების პერსპექტივები. თურქეთი არის საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი. ამასთანავე, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ გამოუყენებელი პოტენციალის რეალიზაცია უფრო მომგებიანს გახდის ისედაც ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობებს. დღეს ხელი მოეწერა დეკლარაციას საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ერთობლივი ეკონომიკური და სავაჭრო კომისიის (JETCO) დაფუძნების შესახებ, რაც ამ მიმართულებით წინგადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი გახლავთ.
გამოვხატეთ განსაკუთრებული დაინტერესება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მაქსიმალურად გაფართოებასა და მის ორმხრივ სარგებელთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგვცემს, ქართული პროდუქცია უფრო ფართოდ გავიტანოთ თურქეთის ბაზარზე და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც მაქსიმალურად გავხსნათ კარი ორმხრივი თანამშრომლობისთვის.
მიმოვიხილეთ მსხვილ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებში წარმატებული თანამშრომლობა და პერსპექტივები. ამ თვალსაზრისით, აღინიშნა ბაქო-თბილის-ყარსის პირველი განშტოების დასრულების მნიშვნელობა 2017 წლის ზაფხულისთვის, რაც კიდევ უფრო აამაღლებს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას. დავაფიქსირეთ მხარეთა მზაობა, განვაგრძოთ მჭიდრო ურთიერთობა სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტის რეალიზაციისა და კასპიის ენერგორესურსების დასავლეთისაკენ ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად.
კმაყოფილებით აღვნიშნეთ მჭიდრო თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები კულტურის, იუსტიციის, საბაჟო და სხვა სფეროებში. ამ კონტექსტში მისასალმებელია დღეს ხელმოწერილი ორმხრივი დოკუმენტები ეკონომიკის, იუსტიციის, კიბერუსაფრთხოებისა და კულტურის სფეროებში, რაც კიდევ უფრო გააფართოებს ისედაც საფუძვლიან ორმხრივ სამართლებრივ ბაზას.
შეხვედრაზე ჩვენს კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ.
დასასრულს, მსურს აღვნიშნო, რომ თურქეთის პრემიერ მინისტრის ვიზიტი საქართველოში და სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატის არსებობა თავისთავად ცალსახა დასტურია ორი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მკაფიოდ გამოხატული ნებისა და იმ სულისკვეთებისა, რომლითაც ვითარდება ორმხრივი ურთიერთობები.
ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მივესალმო თურქეთის პრემიერ მინისტრს და დელეგაციას და გამოვთქვა რწმენა, რომ თბილისში გამართული შეხვედრები დამატებით იმპულსს შესძენს ისედაც სამაგალითო სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს.
ბატონო პრემიერ მინისტრო, მადლობას გიხდით საქართველოში ჩამობრძანებისთვის და ვადასტურებ საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემს მზადყოფნას, გავამყაროთ სტრატეგიული პარტნიორობა და ორ მეგობარ ერს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.